ელზა პაპოშვილი
09.11.2022

ომის 259-ე დღეა უკრაინაში - მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის ოლქში. რუსულმა ჯარებმა ავიაიერიში განახორციელეს ქალაქ კრამატორსკზე. დაშავებულია 8 წლის ბავშვი, განადგურებულია ადგილობრივი სკოლა და საცხოვრებელი შენობები.

რუსული ძალები უწყვეტად ბომბავენ დნეპროპეტროვსკის ქალაქ ნიკოპოლს. ადგილზე  საჰაერო განგაშია გამოცხადებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა 59 ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის მიმართულებით, ზიანი მიადგა რეგიონის 5 დასახლებას.

ხერსონის ოლქის განთავისუფლებულ ტერიტორიაზე 3 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მოკლულებს წამების კვალი აღებიშნებათ. ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეზღუდულია უკრაინის 10 ოლქში.  

ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით რუსული ძალები „სერიოზულ დანაკარგებს“ განიცდიან, რაც მათ მორალზე აისახება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

„დონბასი რჩება ჩვენი მტრის თავდასხმის მთავარ ეპიცენტრად. ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებები უდიდეს თავდასხმებს განიცდიან. მტერი ცეცხლს ხსნის ყველა სახის საარტილერიო სისტემებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და ტანკებიდან, მაგრამ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის“, - განაცხადა ჩერევატიმ.

მისი თქმით, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით რუსეთი ყოველდღიურად 100-მდე ჯარისკაცს კარგავს. „ეს არის სერიოზული დანაკარგები და გავლენას ახდენს მათ მორალურ მდგომარეობაზე," - აღნიშნა ჩერევატიმ.

როგორც ცნობილია, რუსული ძალები დონეცკის ოლქს მუდმივად ბომბავენ. რეგიონში ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების პრობლემებია. 

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩავშალოთ რუსეთის გეგმა, აქციოს ზამთარი იარაღად - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც. აღნიშნა, რომ მიმდინარე ბრძოლების შესახებ სულ უფრო ნაკლები ინფორმაცია ვრცელდება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლების ინტენსივობა შემცირებულია.

"ჩვენ ნათლად გვესმის: ზამთრის იარაღად გადაქცევა არის ტერორისტული სახელმწიფოს გეგმა ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი ევროპის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისევე როგორც ყველა სხვა რუსული გეგმა, ესეც ჩავარდეს. 

„საინფორმაციო სივრცეში სიახლეების რაოდენობამ ფრონტის ხაზიდან გარკვეულწილად იკლო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლის ინტენსივობა შემცირდა. მთელ ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით რთული ვითარებაა დონეცკის ოლქში. 

„ოკუპანტების აქტიურობა იქ უკიდურესად მაღალ დონეზეა. ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება. ისინი განიცდიან მასშტაბურ ზარალს, მაგრამ მათი ბრძანება - მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს - არ შეცვლილა. ჩვენი მიწის არცერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ." - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ბოლო კვირების განმავლობაში მოუწოდებენ უკრაინას, აჩვენოს, რომ კვლავ ღიაა რუსეთთან დიპლომატიური დისკუსიებისთვის. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების წყაროების განცხადებით, დისკუსიების მიზანი მოლაპარაკებების დაწყებაზე უკრაინის წახალისება არ არის და აშშ-ს სურს, კიევმა უფრო მკაფიოდ გამოხატოს, რომ კონფლიქტის დარეგულირების გზის პოვნა სურს.  

ამის საპასუხოდ კი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან მოსკოვი მხოლოდ ულტიმატუმებით საუბრობს.

„შეკითხვა „მშვიდობისმყოფელებს“: რას გულისხმობთ სიტყვა მოლაპარაკებებში? რუსული ულტიმატუმები კარგად ცნობილია: „მოვედით ტანკებით, აღიარეთ დამარცხება და ტერიტორიის დაკარგვა. ეს მიუღებელია. ასე რომ, რაზე უნდა ვესაუბროთ? თუ უბრალოდ სიტყვა „კაპიტულაციას“ სიტყვა „მოგვარების“ მიღმა მალავთ?“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.  

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე კი აცხადებს, რომ არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომ უკრაინა რუსეთთან მოსალაპარაკლებად რამეზე დაჯდება. ასევე, არ ჩანს არანაირი ნიშანი იმის, რომ ხერსონზე  შეტევას უახლოვეს მომავალში აპირებდეს. 

კაპანაძე ამას  „რეზონანსთან“ რამდენიმე მიზეზით ხსნის. ერთის მიხედვით, შესაძლოა უკრაინელები ხერსონის მიმართულებით გადაჯგუფებას შენიღბული ახდენდეს და ძალების თავმოყრას ახორციელებდეს. თუმცა, გენერალი ამბობს, რომ ახლა უკრაინა ხერსონზე შეტევისთვის მზად არ არის. მეორეს მხრივ კი ხერსონზე შეტევის შეჩერებას გენერალი ძალების მოკრებას და ტაქტიკურ პაუზას უკავშირებს, რაც უკრაინელებს აუცილებლად სჭირდებათ. 

„რთული სათქმელია არაა რატომ არ იწყებს უკრაინა ხერსონზე შეტევას. ეს არის იმით განპირობებული, რომ ზამთრისთვის უკრაინელებს ძალების მოკრება და გარკვეული პაუზის აღება სჭირდებათ. რუსებმა ხერსონის მიმართულებით შესაძლოა გარკვეული ხაფანგიც კი დააგონ, რაც უკრაინელებს დიდი დანაკარგების ფასად დაუჯდეს. ამიტომ ამ მიზეზების გამო შეტევა ზამთრის გასვლამდე ხერსონის მიმართულებით მეეჭვება უკრაინელებმა დაიწყონ. 

„უკრაინელები ამ ფაქტორებს ითვალისწინებენ, არ ჩქარობენ და სწორ ნაბიჯებს დგამენ. მოსალოდნელია, რომ  უკრაინელებმა კიდევ შეანელონ ტემპი და მოემზადონ ზამთრის ყინვებისთვის, გაზაფხულზე კი, კონტრდარტყმის განახლებისთვის. ამიტომ ტაქტიკურად ეს არის სწორი გათვლა და არ მგონია, რომ ხერსონის აღებისთვის სიჩქარე რამეში წაადგებათ.   

„ორივე მხარე ცდილობს ახლა, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგით დაასრულოს წელი, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ დიდი მასშტაბის საომარი ოპერაცია მოხდეს გაზაფხულამდე.  უკრაინელებიც და რუსებიც ზამთრისთვის ემზადებიან, ამიტომ დიდი კონტრშეტევაზე გადასვლას არცერთის მხრიდან არ ველი“, - ამბობს გენერალი „რეზონანსთან“.    

რაც შეეხება ხერსონში ბირთვული იარაღის გამოყენებას, გენერალი ამბობს, რომ მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ვერ ხედავს. 

მისი აზრით, რუსეთს ჯერ არ გამოუყენებია ბოლომდე თავისი შესაძლებლობები. არსებობს საფრთხე, რომ ბელარუსიის მხრიდან პუტინმა მეორე ფრონტი გახსნას. ასევე, არ შეუყვანია ის რეზერვები, რომელიც მობილიზებულია, ხოლო ახლა საშემოდგომო გაწვევით დაახლოვებით 130 ათასი კაცი დაემატება, მომავალში შესაძლოა კიდევ ერთი მობილიზაცია გამოაცხადოს და მილიონიანი მობილიზება იქნება. 

ამიტომ გენერალი მიიჩნევს, რომ  ჯერ რუსეთს არ სჭირდება ამ უკიდურესი ზომის გამოყენება და მას ბრძოლის გასაგრძელებლად საკამოდ ბევრი რესურსი  აქვს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×