ელზა პაპოშვილი
29.06.2022

უკრაინაში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება - მიკოლაივში დილით მომხდარ ძლიერ აფეთქებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსულმა ძალებმა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად დაჭრილია 3 ადამიანი. ქალაქ ლისიჩანსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად კი 8 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 23.

ძლიერი ხანძარი მოყვა რუსული ძალების თავდასხმას ქალაქ ხარკივზე. გასული დღე-ღამის განმავლობაში ხარკივის ოლქში მოკლულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე, მძიმედ დაშავებულია 6. რუსეთის ძალებმა 20-მდე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს სუმის ოლქზე, გარდაცვლილია 2 მშვიდობიანი მოქალაქე. ლვოვის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავებულია 150.

რუსულმა ჯარებმა საჰაერო იერიში მიიტანეს დნიპროპეტროვსკის ოლქზეც. ქალაქ დნიპროში დაზიანდა რკინიგზის ინფრასტრუქტურა და სამრეწველო საწარმო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 29 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 35 450; ტანკი - 1 572; ჯავშანტექნიკა - 3 720; საარტილერიო სისტემა - 781; სარაკეტო სისტემა - 246; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 103; თვითმფრინავები - 217; ვერტმფრენი - 185; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 640; საკრუიზო რაკეტები - 142; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 598; გემი/ნავი/კატარღა - 14, სპეციალური აღჭურვილობა - 61.   

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლა შედგა, რის შედეგადაც ტყვეობიდან 144 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლეს. მათ შორის 95 აზოვსტალის დამცველია 

"პატიმართა მორიგი გაცვლა შედგა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144-დან, 95 აზოვსტალის დამცველია. მათ შორის 43 აზოვის პოლკიდან"- აცხადებს დაზვერვა. შედეგად, გათავისუფლებულია:

ეროვნული გვარდიის 59 მებრძოლი; 30 - საზღვაო ძალების; 28 - უკრაინის შეიარაღებული ძალების; 17 - უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის; 9 - ტერიტორიული დაცვის; 1 - უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლები. გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი ასაკის 65 წლისაა, უმცროსი - 19.

გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნება და ჩაუტარდებათ საჭირო სასწრაფო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. 

უკრაინის პრეზიდენტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, რუსეთის მიერ კრემენჩუკზე  თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს თხოვნით მიმართავს, შექმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს გამოიძიებს.  

"მივიღე მონაწილეობა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაში უკრაინის შესახებ. გაეროს მოვუწოდე, გამოიყენოს ქარტიის არსებული მექანიზმები, რათა ორგანიზაციის სტრუქტურებზე რუსული მანიპულირება შეაჩეროს და შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც უკრაინის მიწაზე რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ ქმედებებს გამოიძიებს. 

„ჩვენ ვსარგებლობთ ყველა საერთაშორისო ბერკეტით, რათა რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს სახელმწიფო ტერორიზმისა და იმ ყველაფრის გამო, რასაც რუსული არმია უკრაინელების წინააღმდეგ ჩადის, კრემენჩუკსა და სხვა ქალაქებში. მათ სურდათ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი ადამიანი მოეკლათ ერთ ქალაქში, ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრში. ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებელი რუსეთია,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.    

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა ზაფხულის ბოლომდე მთლიანად შეაჩერონ რუსული შეტევა, მაგრამ ამ პერიოდში ტერიტორიების დეოკუპაცია ალბათ ნაკლებად სავარაუდოა  - ამის შესახებ შს მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა განუცხადა - "მე ვერ ვხედავ ჩვენი მხრიდან ფართომასშტაბიანი კონტრშეტევების შესაძლებლობას. მაგრამ იმედი მაქვს, რომ საკმარისი ძალა გვექნება, რომ უბრალოდ შევაჩეროთ მათი წინსვლა", - განაცხადა ანდრუსივმა და დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ძლიერი კონტრშეტევისთვის ორი კომპონენტი აკლია - ავიაცია და არტილერია

მან სლავიანსკის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ქალაქის ოკუპაცია ან აღება უახლოეს მომავალში, შეუძლებელია, თუმცა დაბომბვის საფრთხე იზრდება.

"გარღვევა ნაკლებად სავარაუდოა. სამწუხაროდ, დიდია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიანი დაბომბვის საფრთხე. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია, დატოვონ ტერიტორია", - თქვა მან.

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ბოლო სარაკეტო დარტყმების გამო, კიევი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო იერიში იქნება

სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ჯო ბაიდენმა მომხდარი შეაფასა, როგორც ბოროტება და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მისი განმარტებით ამერიკა პარტნიორებთან ერთად G7-ის სამიტზე რუსეთს პასუხისმგებლობის დაკისრებას კვლავ განაგრძობს.

ერთობლივი განცხადება გაავრცელეს დიდი შვიდეულის ლიდერებმაც, სადაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მომხდარს ომის დანაშაული უწოდეს.   

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე თქვა, რომ რუსეთი ჯერ უნდა დამარცხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ არის რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელი.

"არიან ისეთები ვინც ამბობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს მოლაპარაკებების შესაძლებლობა ახლა, მაშინ, როცა რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაშია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ყალბ მშვიდობას მოიტანს და მომავალში დამატებით აგრესიას გამოიწვევს.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი წარსულიდან, მინსკის პროტოკოლის მარცხი მაგალითად, იმისთვის, რომ შევძლოთ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა. ამიტომ, ჩემი ძლიერი მესიჯია, რომ ჩვენ ჯერ უნდა დავამარცხოთ რუსეთი და შემდეგ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები", - თქვა ლიზ ტრასმა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×