თამთა ჩაჩანიძე
13.05.2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს და შუამავლების გარეშე ესაუბროს, თუმცა შეხვედრას უნდა ჰქონდეს დიალოგის და არა ულტიმატუმის ხასიათი. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით პუტინი ამას თავს აარიდებს, რადგან ჯერ ომის მეორე ფაზის გეგმების განხორციელებას ცდილობს, რომ მერე ზელენსკისთან ულტიმატუმებით საუბრის საშუალება მიეცეს.

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს, საკითხი ყოველდღიურად რთულდება. მე პირადად ასე მივიჩნევ, იმიტომ რომ ყოველდღე ხდება პატარა ქალაქების დეოკუპაცია უკრაინაში და ვხედავ დაცინვის, წამების, დახვრეტის კვალს, რომელიც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. და, სწორედ ამიტომ რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

„ახლა საზოგადოება ამის მიმართ პოზიტიურად არ არის განწყობილი. მე, როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, მაგრამ მხოლოდ მას, შუამავლების გარეშე და დიალოგის პირობით, არა ულტიმატუმის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეკომპანია „რაი 1"-სთან ინტერვიუში.

თავად პუტინის პასუხი ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ყოფილა. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ ახლა, როცა პუტინმა ვერანაირი გეგმა და მიზანი ვერ განახცორციელა, შესაძლოა თვლიდეს, რომ მოლაპარაკებების დრო არ დამდგარა და ამიტომაც შეხვედრა დიდი ალბათობით არ შედგება.

„მგონია რომ პუტინი ამ ეტაპზე შეხვედრას თავს აარიდებს, რადგან მას სურს ის საქმე მიიყვანოს ბოლომდე, რომელიც ვერ მიჰყავს და ცდილობს. პუტინი ულტიმატიუმების გარეშე არ მივა, ზელენსკის კი ეს არ სურს, ამიტომ დიდი ალბათობით შეხვედრა არ შედგება. პუტინს ერთის მხრივ შესაძლოა შეხვედრა სურდეს, წარმოაჩინოს თავი, რომ თითქოს ის დიალოგის მომხრეა, მაგრამ მეორეს მხრივ თავის პოზიციიდან გამომდინარე უნდა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები გააკონტროლოს, აიღოს მარიუპოლი და შემდგომში ზელენსკის ულტიმატუმის ენით ელაპარაკოს. დღეს შესაძლოა პუტინი თვლიდეს, რომ მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა.

„ახლა ვითარება კი ასეთია, რომ რუსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებზე კონტროლი ვერანაირად ვერ დაამყარა. პირიქით, უკრაინულმა ჯარებმა ხარკოვის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსეთ-უკრაინის საზღვარზეც კი გავიდნენ. ჯერ კიდევ ხანგრძლივი ბრძოლებია მოსალოდნელი, მაგრამ რუსეთმა ომის მეორე ფაზაშიც ვერ მიაღწია საწადელს.

„რაც შეეხება მარიუპოლს, „აზოვსტალის" ქვემოთ არსებული გვირაბების მეშვეობით, ცოცხალი ძალით „აზოვსტალის" დამცველების შევსება შეიძლება, თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია. მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ ის უკრაინელი სამხეროები, რომლებიც ხარკოვის ოლქის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ, მარიუპოლის მიმართულებით გადაისროლონ, რათა ძალა გაიზარდოს და გარეთა მხრიდან ალყა როგორმე გაიღვეს," - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთში ფარული მობილიზაცია უკვე დაწყებულია. როგორც ჩიტაძე ამ განცხადების კომენტირებისას ამბობს, ეს ნიშნავს, რომ პუტინს უჭირს, „თავისი ზრახვები ვერ განახოციელა და ამიტომაც დამატებითი ძალები სჭირდება".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×