თეონა ვეშაგური
09.05.2022

კორონავირუსის მწვავე ფაზა საქართველოში დასრულებულია, თუმცა მსოფლიო პანდემიის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კვლავ სიფრთხილისა და აცრისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. მათი თქმით, მხოლოდ ეს ფაქტორები დაასრულებს კოვიდ-19-ს.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სანამ პანდემია იარსებებს, ყოველთვის არის რისკები - მოხდეს ეპიდაფეთქება ან წარმოიქმნას ახალი შტამები და ამან გაამწვავოს სიტუაცია. სწორედ ამიტომ, ინფექციონისტი ეპიდემიის დასრულების ერთადერთ წინაპირობად იმუნიზაციას მიიჩნევს.

„თუ გადავხედავთ მსოფლიოში არსებულ კოვიდ სტატისტიკას, დავინახავთ, რომ ნელ-ნელა მიდის დასასრულისკენ პანდემია, თუმცა, ჯერჯერობით საერთო სტატისტიკიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში მაინც ფიქსირდება რამდენიმე ასეული ათასი ახალი შემთხვევა.

„ამასთან, მსოფლიოში არის რეგიონები სადაც ჯერ კიდევ არასტაბილურია ეპიდვითარება, ამიტომ ამ ეტაპზე ნაადრევია კოვიდ-19-ის დასრულებაზე საუბარი. მაგრამ ამ დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, შეიძლება უახლოეს რამდენიმე თვეში დასრულებულად გამოცხადდეს პანდემია.

„რაც შეეხება იმას თუ რა ფაქტორები შეუწყობს ამას ხელს - პირველ რიგში, იმუნიზაციის პროცესი. თუ მოხდება მსოფლიო მოსახლეობის 70-90%-ის ვაქცინაცია, ეს იქნება პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი წინაპირობა. აქედან გამომდინარე, თავისი წვლილი საქართველომაც უნდა შეიტანოს ამ ყველაფერში და უფრო აქტიურად წარმართოს აცრის პროცესი, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში.

„სანამ პანდემია არსებობს, მანამდე ყოველთვის იქნება თეორიული რისკები, რომ მოხდეს აფეთქებები ან წარმოიქმნას ახალი შტამი, სწორედ ამიტომ გვმართებს სიფრთხილე", *- განაცხადა გოგინავამ „რეზონანსთან" საუბრისას.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 100-150-მდე მერყეობს, რაც სტაბილიზაციის ტენდენციაზე მიუთითებს.

„საქართველოში შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, სტაბილიზაციის ტენდენცია აშკარაა. შემთხვევების გამოვლენისთვის ტესტირება გრძელდება. დღეში ინფიცირების მაჩვენებელი 100-დან 150 შემთხვევას არ აღემატება. კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება ჯამური სტატისტიკა.

„კვლავ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელება და გაფართოება. ჩვენ დღეს მოსახლეობის 34% გვყავს ვაქცინირებული, რაც არ არის საკმარისი დაცვისთვის, თუ კვლავ იქნება გარკვეული მუტაციის რისკი", - აღნიშნავს გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 0.84%-ს შეადენს.

თსსუ-ს პროფესორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნაადრევია კორონავირუსის პანდემიის დასრულებაზე საუბარი და სასურველია ქვეყანაში დარჩენილი შეზღუდვა, რაც შეიძლება დიდხანს, პანდემიის დასრულებამდე შენარჩუნდეს.

ამის პარალელურად, უცხოური მედია „ბბს"-ი ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 15 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნების მიერ მიწოდებული ოფიციალური მონაცემებით, პანდემიამ 5,4 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, ჯანმოს ცნობით კი კორონავირუსმა 14,9 მილიონი ადამიანი შეეწირა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბევრმა ქვეყანამ გარდაცვალების სტატისტიკა შეამცირა. მაგალითად, ინდოეთმა, სადაც ორგანიზაციის მონაცემებით, 4,7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა - ათჯერ მეტი ვიდრე ქვეყნის ოფიციალურ სტატისტიკაში.

ჯანმოს მონაცემები ე.წ. გადამეტებულ გარდაცვალებებს ეყრდნობა, რომელიც პანდემიამდე რეგიონში მოსალოდნელ სიკვდილიანობას ასახავს. ბოლო 2 წლის განმავლობაში მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 13%-ით გაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×