ია აბულაშვილი
26.04.2022

არახამიას განცხადებები მის წინააღმდეგ იმუშავებს და ქართულ საზოგადოებაში ანტიარახამიურ განწყობას უფრო შექმნის, ვიდრე ანტისახელისუფლებოს - ამის შესახებ „რეზონანსს“ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა საქართვრლოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და უკრაინის რადაშ მმართველი პარტია „სლუგა ნაროდას“ ფრაქციის ხელმძღვანელ დავით არახამის დაპირისპირების კომენტირებისას.

ორშაბათს ინტერნეტში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ვლადიმირ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბრის ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, არახამიან აშშ-სა და ევროკავშრს ბიძინა ივანიშვილისათვის პერსონალური საქნციების დაწესებისკენ მოუწოდა. მან ივანიშვილს „ქართველი იანუკოვიჩი“ უწოდა, რომელსაც მჭიდრო კავშრი აქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან.

ამისა საპასუხოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არახამია გააკრიტიკა.

„ამ ჩანაწერების  შემქმნელიც და გამავრცელებელიც არის „ნაცმოძრაობა“, რომელსაც არახამია წარმოადგენს უკრაინაში. დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში კი ხელისუფლებაში, თანაც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ასეთ დროს არის სრული კოორდინაცია კიევსა და თბილისს შორის. საზოგადოებამ უკვე ყველაფერი გაიგო არახამიას მიმართულებით, თუმცა არა ყველაფერი - მემგონი ომი რომ დასრულდება, კიდევ უფრო მეტს გაიგებენე მის შესახებ, ცუდ რაღაცეებს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, საქართველოსა და უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებების ურთიერთობაში არსებული პრობლემები უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და მათი აღმოფხვრა უკრაინაშ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ვიზიტითაც ვერ მოხერხდა.

„არ ვიცი არახამია „ნაციონალების“ საშინაო თუ საგარეო სპიკერია, მაგრამ აღარ მეგონა ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ გაუგებრობები კიდევ თუ იქნებოდა. როგორც ჩანს, პრობლემა გაცილებით ღრმა არის და ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადებები უფრო აზიანებს ურთიერთობებს, ვიდერ სანქციები. 

„რომ ავწონ-დავწონოთ, რა არ გააკეთა ისე საქართველომ უკრაინასთან მიმართებაში? ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერს, ჰუმანიტარულ დახმარებაში ბადალი არ ჰყავს რეგიონში და სხვა. ამიტომ არახამიას განცხადებები ნულის ტოლია  და ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, როგორც საქართველოს  შიდა პოლიტიკაში ისე საერთაშორისო არენაზე.

„ოპოზიციამ, კერძოდ „ნაცმოძრაობამ“ სხვა თემები ამოწურა და ახლა ერთ-ერთი მაშველი რგოლი  უკრიანაა; ყველაზე  პოპულარული და სენსიტიური თემა. უკრაინის ლიდერების გამოსვლებს კი მსოფლიო მედია აშუქებს, ოპოზიცია ცდილობს ეს გამოიყენოს ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის და საერთაშორისო მხარდაჭერისთვის.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ამ მიმართულებითაც ძალიან ცდება. დასავლეთს საქართველოში ურთიერთობის გამწვავება ნამდვილად არ უნდა. ამიტომ, რას იტყვის არახამია, ეს საინტერესო არ არის. არახამია საქართველოში ვერც პოლიტიკურ ამინდს შეცვლის და ვერც საპროტესტო ტალღას გამოიწვევს. ხელისუფლების შეცვლას სჭირდება მოსახლეობის კოორდინირებული მხარდაჭერა და საერთაშორისო მხარდაჭერა. არცერთი ეს ოპოზიციას არ აქვს. არხმიას განცხადებები კი თვითონ მის წინააღმდეგ იმუშავებს, ანტიარახამიურ განწყობას უფრო შექმნის ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე ანტისახელმწიფოებრივს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×