თეონა ვეშაგური
26.04.2022

რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები პარტიზანული ომის დაწყებას ნიშნავს - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინელები ცდილობენ ყველა ხერხით დაიცვან თავი. აქდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მსგავსი ქმედებები უკრაინის სამხედრო დაზვერვის საარმიო ჯგუფების დამსახურებაა, რაც არ უნდა გაუკვირდეთ ოკუპანტ რუსებს.

ბოლო დღეებში საკმაოდ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო დანიშნულების, ან სტრატეგიული მნიშვნელობის ამა თუ იმ ობიექტზე ხანძრის გაჩენის შესახებ.

21 აპრილს მოსკოვის მახლობლად, ტვერის ოლქში, რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის ძალების ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა და ინსტიტუტის შენობა მთლიანად განადგურდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სამშაბათს გამთენიისას ხანძარი გაჩნდა ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობბაზაზე. ბრიანსკი უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებს ესაზღვრება. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ნავთობსადენების კომპანია „ტრანსნეფტის" საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, მოსკოვის დროით ღამის 02:00 სთ-ზე გაჩნდა, მაგრამ მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა.

იმავე ღამეს ბრიანსკის მახლობლად დაზიანდა სარკინიგზო ხაზი, რომლითაც რუსეთიდან უკრაინაში შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების გადაზიდვა ხდება. ამის შედეგად რელსებიდან გადავიდა და ასევე დაზიანდა შეიარაღებით დატვირთული მატარებელი. რუსული მხარის ცნობით, ეს დივერსია არ ყოფილა და სარკინიგზო ხაზი ნიადაგის ჩამოშლის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში სავაჭრო ცენტრ „პადმასკოვიესა" და სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმწოდებელი კომპანია „აგროკომპლეკტში" გაჩენილი ხანძრების შესახებ.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, უსურიისკში რუსეთში სამხედრო ბაზაზე დაიწვა საწყობი.

არც რუსული და არც უკრაინული მხარე არ ადასტურებს, რომ ეს შემთხვევები დივერსიის შედეგია. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შეიძლება პარტიზანული ომის დაწყებას მიანიშნებდეს.

„უცნობია რა ხდება რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო კომისარიატები იწვის, სამხედრო სასწავლებლები, საწყობები, გუბერნატორების სახლები... მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო," - განაცხადა არესტოვიჩმა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გახშირებული ხანძრები ნამდვილად პარტიზანული ომის დასაწყისია. მისივე თქმით, ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ ხანძრის კერები ჩნდება ფრონტისპირა ტერიტორიაზე, იმ გზაზე, სადაც გადიან რუსეთის შეიარაღებული ძალების საკმაოდ სერიოზული სამხედრო ეშელონები.

„რუსეთის ტერიტორიაზე ზოგიერთ სტრატეგიულ ობიექტებზე გაჩენილი მასიური ხანძრები პირდაპირ ნიშნავს პარტიზანული ომის დაწყებას რუსეთში, რასაც, დიდი ალბათობით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის საარმიო ჯგუფები ახორციელებენ. სავარაუდოდ უკრაინული მხარეა, რადგან ხანძრის კერები ჩნდება ფრონტისპირა ტერიტორიაზე, ამ გზაზე გადის რუსეთის შეიარაღებული ძალების საკმაოდ სერიოზული სამხედრო ეშელონი. აქედან გამომდინარე, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ომი, თავისთავად ცხადია, რომ ეს რუსეთის ტერიტორიასაც შეეხება. ამ შემთხვევაში უკრაინელები ყველა იმ საშუალებით იცავენ თავს, რაც ხელთ აქვთ, მათ შორის თუნდაც ასეთი პარტიზანული შეტევებით. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს რუსი ოკუპანტებისათვის.

„რუსეთი პირდაპირ ახორციელებს უკრაინელი ხალხის გენოციდს, ამიტომ არ მგონა, რომ ასეთ დივერსიებს რაიმე ამაზე უარესი შედეგები მოჰყვეს უკრაინაში. ეს არის რუსეთის დაზიანების კიდევ ერთი მცდელობა, რათა შეეზღუდოს საომარი მოქმედებებისისთვის საჭირო რესურსები", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×