ელზა პაპოშვილი
26.12.2021

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ საყოველთაო შერიგების პროცესში შესაძლოა საქართველოს საპატრიარქო ჩაერთოს. მეტიც, საპატრიარქო მზადაა, რომ ეს პროცესი ეკლესიის წიაღში წარიმართოს. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი ამ ინიციატივას სკეპტიკურად აფასებს.

პრეზიდენტი კი უკვე ერთი კვირაა ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს და მათთან ერთად შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს. უკვე ცნობილია, რომ ამ პროცესის ფარგლებშ მის რეზიდენციას ორშაბათს ენმ-ს თავნჯდომარე ნიკა მელია ეწვევა.

ვინ ვისთან და რაზე უნდა შეთანხმდეს, ჯერჯერობით ბუნდოვანია, თუმცა მმართველ გუნდში პირდაპირ ამბობენ, რომ ეს პროცესი მთავარ ოპოზიციურ ძალასთან წარმოუდგენლად მიაჩნიათ და არგუმენტად ოპონენტების პოლიტიკურ დღის წესრიგს ასახელებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ დიალოგის შესაძლებლობას „ქართული ოცნება“ უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს. 

მმართველი პარტიისთვის შეთანხმების მთავარი საგანი პირველ რიგში პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზის დადგენა უნდა იყოს. მათი შეფასებით, თუკი პრეზიდენტის ეგიდით დაწყებული მოლაპარაკებები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თემას არ გასცდება, მას პერსპექტივა არ ექნება. 

ამის პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ ამ პროცესში შესაძლოა საპატრიარქო ჩაერთოს. ამის შესახებ გორის და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მე და თქვენ რომ წავიჩხუბოთ, რა წინაპირობა უნდა იყოს ჩვენი შერიგების? - უპირველეს ყოვლის, უნდა იყოს ორივე მხრიდან სურვილი და თანმხლები ნაბიჯები. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ეროვნული შერიგება ჩვენ გვჭირდება იმიტომ, რომ 30 წელია, სამწუხაროდ, ვართ ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ათწლეულების წინ დაწყებული პროცესია. ამიტომ ეს ნაბიჯი უნდა იყოს ძალზედ გააზრებული არა ჩემი პიროვნული სურვილით და ეგოიზმიდან გამომდინარე, არამედ, საერთო სიკეთეზე დამყარებული. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის. ეკლესიამ განაცხადა და ყოველთვის მონაწილეა, ხელშემწყობი ამ პროცესის. ჩვენ ნამდვილად ვართ მზად, რომ ეს პროცესი წარიმართოს ეკლესიის წიაღში“, - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრების მთავარი თემა შესაძლოა  მიხეილ სააკაშვილის გათვისუფლება არ იყოს, მაგრამ ერთ-ერთ თემად მაინც უნდა განიხილებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებას აზრი არა აქვს. ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ასევე  ეკლესიის ჩართულობა და აქტიურობა ნაკლებად გამოიღებს შედეგს, რადგანაც, მისი თქმით, საპატრიარქო „ქართულ ოცნების“ მიმართ უფრო სიმპატიითაა განწყობილი, ვიდრე ოპოზიციის მიმართ. შესაბამისად, პოლიტიკურად ის დამოუკიდებელი და ნეიტრალური მხარე ვერ იქნება. 

„მე მაინც მგონია, რომ მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება თუ არ იქნება, აზრი ნამდვილად არაფერს აქვს. არცერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს და სხვა ვინ რიგდება, ცოტა გაუგებარია. 

„ქვეყანაში  პოლიტიკური ველი ორად არის გაყოფილი. ამ პოლარიზაციას  რომ ეშველოს, ორივე მხარემ ნაბიჯი უნდა გადმოდგას. ამ ნაბიჯის გადმოდგმაში კი ყველაზე დიდი როლის შესრულება პრეზიდენტს შეუძლია. ის ამას ვერ ბედავს და რაღაც აზრის გაგებას ცდილობს. რა თქმა უნდა, სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე რა მოლაპარაკებაზე შეიძლება საუბარი იყოს, ძალიან რთული სათქმელია. 

„რაც შეეხება ეკლესიის როლს ამ მოლაპარაკებაში, მგონია, რომ შედეგი არ ექნება. ეს ინსტიტუტი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაშია შემჩნეული. ამიტომაც პრეზიდენტს კი არ დაეხმარებიან, უფრო მგონია ხელს შეუშლიან. ამიტომაც მათ ჩართულობას დადებითად ვერ აღვიქვამ“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.

რაც შეეხება იმ ვარაუდს, რომ შესაძლოა პრეზიდენტი ზურაბიშვილი დასავლეთის ზეწოლის შედეგად მოქმედებდეს, ჩიტაძე ამ ვერსიასაც არ გამორიცხავს და ფიქრობს, რომ ახლა დასავლელი პარტნიორებისთვის სწორედ პრეზიდენტია ის ფიგურა და ინსტიტუტი, რომელიც მეტ-ნალებად დამოუკიდებელია. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დასავლეთიც დაიღალა და ჩვენი პრობლემების მოგვარება ჩვენვე მოგვანდეს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მათთვის ზურაბიშვილი იყოს ერთადერთი დასაყრდენი, რომელიც ჰგონიათ, რომ რაღაცას მოაგვარებს.  

ანალიტიკოსი ვახტნგ ძაბირაძე პრეზიდენტის ინიციატივას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, თუმცა, ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა შექმნილიყო ჯგუფი საზოგადოების წარმომადგენელთა ჩარულობით, რომელიც პრეზიდენტს ამ რთული და ხანგრძლივი პროცესიის მართვაში დაეხმარებოდა. რაც შეეხება ეკლესიის ამ პროცესში ჩარტულობას, ამას ძაბირაძეც სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ ეკლესია ვერ შეძლებს მხარეების მორიგებას. 

„მართალია კარგია პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჯგუფებს ინდივიდუალურად რომ ხვდება, მაგრამ მანამდე ალბათ კარგი იქნებოდა ნეიტრალური ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი შექმნილიყო, რომლებიც პოლიტიკაში ჩართული არ არიან, მაგრამ პოლიტიკა კარგად ესმით. ეკლესია ამას ვერ შეძლებს და ეს არ იქნება ის ჯგუფი, რომელზეც მე ვსაურბობ. ეს ჯგუფი მოამზადებდა ორგანიზაციულ საკითხებს, რა თემებზე შეიძლება დაიწყოს საუბარი; მარტო შეხვედრა ხომ არ არის, შენ თვითონ ხომ უნდა მოემზადო სასაუბროდ, ან საით წაიყვანო პროცესი, რომელიც რთულია და დრო სჭირდება. 

„ეკლესიამ და საპატრიარქომ რა იცის პოლიტიკური ნიუანსები და ის გარემო, რომლითაც რაღაცა შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ... ან მხარეები მოდიან საერთოდ რამეზე? რაღაცა სასაუბრო წერტილი ხომ უნდა იპოვონ...

„სწორი გადაწყვეტილებაა ისიც, რომ პროცესი უნდა მომზადდეს საქართველოში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თუ ყველაფერი სწორად წაიმართება, ამაში უცხოელებიც ჩაერთონ. თუმცა მათ ჩვენს მიმართ გული აქვთ გატეხილი და პროცესების მართვას და მოგვარებას ჩვენვე გვირჩევენ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×