თამთა ჩაჩანიძე
17.11.2021

„ნაცმოძრაობის" თაოსნობით სხვადასხვა დაწესებულებებში „აღშფოთებული" ხალხის შევარდნები, ან შევარდნის მცდელობები გვინახავს, ამიტომაც ხელისუფლების ლოგიკა, რომ „ნაციონალები" კერძო კლინკაში შეიჭრებიან და სააკაშვილს იქიდან ხელში აყვანილს გამოიყვანენ, რეალისტურია და ხელისუფლება თავს ამიტომაც იზღვევს, აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე ატეხილი აჟიოტაჟის კომენტირებისას

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული რისკია და ამას არ დაუშვებს, ოპოზიცის თქმით კი,  იმ ლკოკაციაზე, სადაც სააკაშვილი იქნება გადაყვანილი, აქციებს არ გამართავენ.

„ხელისუფლების პოზიციაში გარკვეული ლოგიკა ნამდვილადაა, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში იქნება, ოპოზიცია შეეცდება თავისი ნათქვამი სიტყვა დაიცვას და აქციებს არ მოაწყობენ, მაგრამ აქციებიც არაა საჭირო. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი, ხელისუფლების ვერსია ასეთია, ვთქვათ უცებ ხმა გავრცელდა, რომ სააკაშვილს იქ არასწორად მკურნალობენ, ან კიდევ უარესი - წამლავენ. გვარამიამ ისეთი აბსურდი თქვა, გორის ჰოსპიტალში ოსურმა სპეცნაზმა უნდა გაიტაცოსო, რომ მათგან ასეთი ვერსიები არ გამიკვირდება. მაშინ „აღშფოთებული" ხალხი იმ საავადმყოფოში აუცილებლად შევარდება და სააკაშვილს იქიდან ხელში აყვანილს გამოიყვანს. ასეთი ვერსია აქვს ხელისუფლებას, რაც ლოგიკას მოკლებული არაა, რადგან „ნაცმოძრაობის" თაოსნობით სხვადასხვა დაწესებულებებში „აღშფოთებული" ხალხის შევარდნები, ან შევარდნის მცდელობები გვინახავს, ამიტომაც ეს ლოგიკა პრინციპში რეალისტურია და ხელისუფლება თავს ამიტომაც იზღვევს.

„საერთოდ „ნაცმოძრაობამ" მედიის დღის წესრიგის შექმნა მოახერხა, რაც მას ყოველთვის ეხერხებოდა. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ის ჩემი მეგობარია და თავისი პოზიცია აქვს. მე შეიძლებ მისი პოზიცია მივიღო ან არა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ის ეფექტი, რაც ამ ვითარებას სჭირდება, მიღწეულია, დეპუტატების სხვა ადამიანების შიმშილობებით, მათ შორის ბურჭულაძის, თუმცა დარწმუნებული იყავით, რომ ეს პრობლემას არ გადაჭრის.

„ხელისუფლება დამთმობი არაა, ძალიან კარგად ხედავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას საკმარისი რესურსი არა აქვს იმისთვის, რომ ვითარება შეცვალოს. 2003 წელი არაა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ხელისუფლების სავარაუდო დათმობებს ეჭვის თვალით უყურებს და ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლებამ დათმო, ეს მათ პირად შეურაცხყოფას ნიშნავს, ისინი „ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებების გამო, თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ და იმის გამოც, რომ მათ თავიანთი დანაშაულის აღიარება არ სურთ," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ სააკაშვილთან დაკავშირებით გაეროს, ევროსაბჭოს და ეუთოს მიმართა, არეშიძე აცხადებს, რომ დიპლომატიური სკანდალის დაწყების საფრთხე არაა, რადგან დენისოვა მმართველ პარტიას არ წარმოადგენს, უკრაინის ხელისუფლება კი სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

„სახალხო დამცველი მმართველი პარტიის წარმომადგენელი არაა, ის ტიმოშენკოს პარტიიდანაა, ეს უკრაინაში ბავშვმაც კი იცის. აქედან გამომდინარე, ის თავისი პოლიტიკური გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. რაც შეეხება პოლიტიკურ სკანდალს, როგორ გგონიათ გაეროს, ბრიუსელს, ან თეთრ სახლს არ ჰქონდათ დრო იმისთვის, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით მოთხოვნები კატეგორიულად დაეყენებინათ? ოფიციალურ განცხადებას არცერთი არ აკეთებს, ცელკეული პირების ოფიციალური განცხადებები შეიძლება სათვალავშიც არ იქნას მიღებული, რადგან, როგორც წესი, ასეთ ვითარებაზე ოფიციალურ განცხადებად, სათავო უწყების მიერ გაკეთებული განცხადება ითვლება, რადგანაც მათგან არაფერი ისმის, დანარჩენი რიგითი წევრების განცხადებებს არავითარი აზრი არ აქვს.

„ამ უწყებების მხრიდან განცხადებები იმიტომ არ ისმის, რომ მათ ძალიან კარგად იციან იმ დანაშაულების შესახებ, რაც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში იყო. ამას რიგ შემთხვევებში საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები მოწმობს და ის დოკუმენტები, რომლებიც მაშინდელი ადამიანის უფლებების დაცვის მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა შედგენილი. ამ დოკუმნტებს ისინი ძალიან კარგად იცნობენ და თვლიან, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, შეიძლება მათ სააკაშვილთან მოპყრობის ფორმა არ მოსწონთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის გამო მკვეთრი დიპლომატიური ნაბიჯები გადადგან.

„რაც შეეხება უკრაინას, მისი ხელისუფლება ცოცხალი თავით სააკავშილის ექსპტრადირების ფორმას არ ითხოვს. მას შეეძლო, რომ ეს ნაბიჯი ფორმალურად მაინც გადაედგა, ამ ნაბიჯს არ დგამს, ე.ი. უკრაინაშიც არაა ისეთი ვითარება, რომელიც ერთი შეხედვით ჩანს, როცა მედლის ერთ მხარეს ვუყურებთ, მეორე მხარესაც უნდა ვუყუროთ. ეს აჟიოტაჟი კი აჟიოტაჟად დარჩება, თუ დასავლეთის მაღალი დონის უწყებებიდან მკვეთრი დიპლომატიური ნაბიჯები არ იქნა.

„მე მაგალითად ვთვლი, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ ასეთი ნაბიჯები უნდა გადადგას, ოღონდ არა იმისთვის, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიცვალოს, არამედ იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება ავიცილოთ თავიდან, რადგან დღეს საზოგადოებაში ამ დაპირისპირების ნიშნებს ძალიან აქტიურად ვხედავ, ქვეყანაში მთელი წელიწადნახევარია უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონია, რომელიც ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდება. ამასთანავე, ქვეყანა თითქმის პარალიზებულია და იმის მაგივრად, რომ ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე და რისკებზე რეაგირებას ვახდენდეთ, მუდმივად ერთიდაიგივე თემით ვართ დაკავებულები, მიშამ ჭამა თუ არა და ვინ შევა და ვინ გამოვა პარლამენტიდან.

„გაუთავებლად აპელირებენ ხალხზე და ამ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით პარლამენტში არ დადიან, სადეპუტატო მოვალეობას არ ასრულებენ, მათმა ნაწილმა მანდატებზე უარი თქვა, ეს უფრო ვაჟკაცური საქციელია და გასაგებია, მაგრამ ესეც გარკვეულწილად საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, რომელიც გენდო," - განაცხადა მან. ფიქრობს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების განმუხტვის გზა ჯერჯერობით არ ჩანს.

„ვერ ვხედავ რომ სიტუაცია განიმუხტება, ერთის მხრივ ოპოზიციას რესურსი არ ჰყოფნის, რომ უფრო აგრესიული ნაბიჯები გადადგას და მადლობა ღმერთს, მეორეს მხრივ ხელისუფლება იმ ნაბიჯებს არ დგამს, რომლითაც საბოლოო ჯამში ამ კრიზისის განმუხვტვა შეიძლება. ისევე როგორც ყველას, კითხვა მეც მაქვს, ამ კრიზისში რამდენი ხანი უნდა ვიყოთ? ამაზე პასუხი კი არ მაქვს, ხელისუფლება ამ ნაბიჯებს არ დგამს.

„ხელისუფლებას შეუძლია ქვეყანას პარალელური ცხოვრების რეჟიმი შეუქმნას, ანუ სხვა საქმეებით დაკავდეს, რომელიც ბევრად უფრო რეზონანსული იქნება, და გარდა ამისა საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ფორმები მონახოს, ვთვლი, რომ ხელისუფლება დღეს ხალხში უნდა გავიდეს, ვსაუბრობ არა უმაღლეს პირებზე, არამედ ჩინოვნიკებზე, ხალხისთვის ყველა კარი უნდა გაიღოს, ხალხის სატკივარი გულთან უნდა იყოს მიტანილი და პირადი კომუნიკაციიის მეშვეობით უნდა მოხდეს იმ სოციალური თუ ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, მართალია კოვიდის პირობებში ეს რთულია, მაგრამ ზოგადად ყველაფრის გაკეთება რთულია, ეს უნდა გადაილახოს, ამ პირობებშიც უნდა მოინახოს ურთიერთობების ის ფორმები, რომლითაც ზოგადად ხალხი და განსაკუთრებით რეგიონებში დარწმუნდება, რომ არსებული ხელისუფლება მათთვისაა," - განაცხადა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×