თეონა ვეშაგური
17.10.2021

ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია. სპეციალისტები კვლავ რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ, პირბადის ტარებისა და ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ და რეკომენდაციას უწევენ ყველა შეზღუდვას, რაც ეპიდემიის სტაბილიზაციისთვის გახდება საჭირო. ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი ვაქცინაციის ასაკის დაწევაზეც საუბრობს. ამირან გამყრელიძე კი ნოემბრიდან შეზღუდვების შემოღებას აანონსებს, თუკი ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა.

აცრების ყოველდღიური რაოდენობა ზაფხულიდან მოყოლებული იკლებს და სულ უფრო სათუო ხდება წლის ბოლომდე სპეციალისტებისათვის სასურველი ნიშნულის - ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის სრულად აცრის მიღწევა. ვითარები გაუარესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ეს დაბალი ტემპი სახელდება.

17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 911 877 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 010 739 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %; სრულად ვაქცინირებულია 900 916 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.5%. 16 ოქტომბერს აიცრა 4 681 ადამიანი.

ამის პარალელურად კი კვირას, 17 ოქტომბერს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 4 581 შეადგინა და გარდაიცვალა კიდევ 28 პაციენტი. სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ იმას, რომ ასეთი მაღალი მაჩვენებელი დასვენების დღეს, კვირას დაფიქსირდა, როდესცა, როგორც წესი, კვირის სხვა დღეებთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობა ფიქსირდება.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი, ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ რეკომენდირებულია ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მაქსიმალურად გამოიწვევს ადამიანთა თავშეყრის აღმოფხვრას. თუმცა, უჭირს საქალაქო ტრანსპორტის შეჩერებასთან დაკავშირებული რეკომენდაციის გაცემა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაწესებულება დაიჩაგრება, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ადამიანთა თავშეყრის ნიველირება შეზღუდვების დაწესებით.

„მკაცრად უნდა გაკონტროლდეს პირბადის ტარებისა და სხვა არსებული რეკომენდაციების დაცვის საკითხი. ამასთან, მაქსიმალური ყურადრება დაეთმოს ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს.

„აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსპორტის შეზღუდვამ საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნა ამიტომ ამასთან დაკავშირებული რეკომენდაციის გაწევა მიჭირს", - განაცხადა ხმალაძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კი აცრების ტემპის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის ასაკმა უნდა დაიწიოს.

„ვფიქრობ, კვლავ არსებული რეკომენდაციების მაქციმალური დაცვა, თავშეყრის ადგილებიდან დისტანცირება და ვაქცინაციაა გამოსავალი. ამასთან, სწორი იქნება თუ აცრის რეკომენდაციის ასკი დაიწევს", - განაცხადა ზოიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კვირას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს შექმნილი ვითარება ეპიდემიის მეხუთე ტალღის დასაწყისია და შემაშფოთებელია, რომ მეხუთე ტალღას ასეთი მაღალი მაჩვენებლით ვიწყებთ.

ამასთან, მან საკოორდინაციო საბჭოს მიერ ახალი შეზღუდვებისა და რეკომენდაციების შესახებაც ისაუბრა.

„ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესებულია სიტუაცია სამ რეგიონში -კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც შედარებით დაბალია აცრით მოცვის მაჩვენებელი.

„ამ მხრივ უკეთესია სიტუაცია აჭარასა და თბილისში, რადგან ორივე რეგიონში აცრით მოცვის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს სხვა რეგიონებთან შედარებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ აიცრას.

„მილიონი ადამიანია აცრილი და სულ მცირე, კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს. რაც შეეხება სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო", - განაცხადა გამყრელიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ რეგიონებში დაგეგმილი ვაქცინაციის მარათონი ვითარებას გამოასწორებს.

„რა იქნება ჩემი რეკომენდაცია ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, ამას მე აქ ღიად ვერ განვაცხადებ, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო. აღსანიშნავია, რომ იწყება ვაქცინაციის მარათონი და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს. 160 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ამ 49 სოფელში, სადაც ჩვენ მარათონს გავმართავთ და ვნახოთ როგორი იქნება დამყოლობა და აქტივობა, ბევრი რამე მათზეა დამოკიდებული.

„დავაკვირდებით მიმდინარეობას, თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს, სხვაგვარად ეპიდსიტუაცია ვერ დამშვიდდება.

„უნდა გავითავისოთ, რომ ამ ეპიდემიას მხოლოდ აცრა აკავებს. ის 40-50 ქვეყანა, რომელიც დღეს წარმატებულია და რომლებმაც ასე თუ ისე შეამსუბუქეს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებმაც მოსახლეობის 70% აცრა. თუ ჩვენ არ ავიცრებით საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის, მაშინ გვექნება ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღა. ხაზს ვუსვამ, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და ავიცრებით ახალ წლამდე, ჩვენ 2 000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ.

„ისეთი ტალღა მოდის, რომ თუ შესაბამისი შემაკავებელი ღონისძიებები არ გატარდა, ძალიან მძიმე იქნება ეს ნოემბერი. შემაკავებელ ღონისძიებებში ისევ რეკომენდაციების დაცვას და ვაქცინაციას ვგულისხმობ", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×