თამთა ჩაჩანიძე
15.03.2021

საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო - რისკჯგუფის ცნობილმა სახეებმა პირდაპირ ეთერში „ასტრაზენეკათი" აცრა გაიკეთეს და აცხადებენ, რომ თავს გადასარევად გრძნობენ და რომ ამაში საშიში არაფერია.

ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები: მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ. - ქვეყანაში პირველი აცრა ზუგდიდში „ევექსის" ექიმმა გაიკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, ვაქცინაციისთვის ჯანდაცვის სექტორის 2 ათასზე მეტი მუშაკია დარეგისტრირებული.

როგორც ცდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, წელს მილიონ 600 - მილიონ 700 ათასამდე ადამიანი უნდა აიცრას და თუ ეს მოხდება, მაშინ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

„იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით ვიქნებით ამ პროცესში. დაწყება ძალიან კარგია, მთავარი იქნება დამთავრება. ჩვენ წელს მილიონ 600-მილიონ 700 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ, თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვუბრუნდებთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში აცრის პროცესი ნორმალურად წარიმართოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

"თავს ვგრძნობ გადასარევად... ამაში საშიში არადფერია" - თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტერის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ, რომლის შეფასებითაც, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე კორონავირუსი ვერ დამარცხდება.

„ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში. პირველ დღეს რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალი. იმედია, ჩემი კოლეგები, რაც უფრო მეტი დრო გავა, მეტი დარეგისტრირდება... თავს ვგრძნობ გადასარევად... ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე ჩვენ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ", - განაცხადა პაატა იმნაძემ, რომელმაც ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში, საჯაროდ გაიკეთა.

ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა „ფაიზერი" იქნება თუ „ასტრაზენეკა", რადგან ორივე მაღალი ხარისხის ვაქცინებია.

"ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი" იქნება, თუ „ასტრაზენეკა" . ეს არის ერთნაირი ხარისხის, მაღალი ხარისხის ვაქცინები. როცა „ფაიზერის" შემოტანაზე იყო საუბარი, მაშინ მის შემოტანაზე ატეხეს ამბავი და იძახდნენ „ვაიმე „ფაიზერიო". ახლა არის „ასტრაზენეკაზე". არავითარი პრობლემა არ არის. ის, ვინც ვაქცინის წინააღმდეგია, ყველა ვაქცინის წინააღმდეგია და გთხოვთ ეს ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ", - აღნიშნა იმნაძემ.

„ასტრაზენეკათი" საჯაროდ აიცრა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაიაც, მან ჟრნალისტებს განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს, ხოლო კოლეგებს კი მოუწოდა, რომ ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ.

„იმუნიზაცია მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის 60-70 % აიცრება იმუნური ფენა რომ შეიქმნას. ასეთ შემთხვევაში დაძლეული უნდა იყოს ეს ინფექცია.

„ჩვენი ცენტრი ძირითადი ფლაგმანია ინფექციურ დაავადებებში, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებში და კოვიდ19-შიც. სიმბოლურია ის, რომ პირველი მოქალაქე ჩვენს ცენტრში აიცრა. პირველი დადასტურებული შემთხვევაც ჩვენს ცენტრში იყო, პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტიც ჩვენს ცენტრში იყო.რამდენი ხანია, რაც ქვეყანა ვაქცინაციას ელოდებოდა, როგორც იქნა, ვაქცინა შემოვიდა. „ასტრაზენეკა" ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, რომელიც შექმნილია კოვიდ19-თან მიმართებაში.

„ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ, აუცილებელია ჩაიტაროს ვაქცინაცია, რომ შეიქმნას ის იმუნური ფენა, რაც შექმნის დაავადებისგან დამცველ კოლექტიურ იმუნიტეტს", - აცხადებს ეზუგბაია.

"მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ - ვაქცინა არაა მავნე, ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ განაცხადა.

„გილოცავთ, რომ ვაქცინაცია დაიწყო. ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ ვაქცინა შემოვიდა და იმედია მასიურად შემოვა და მოსახლეობის 60% წლის ბოლოსთვის აცრილი იქნება. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს და მოსახლეობას, ნუ ავყვებით რაღაც სხვადასხვა ინფორმაციებს, უნდა ავიცრათ. მსუბუქი გვერდითი მოვლენები აქვს, მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ. ვაქცინა არაა მავნე და არის აუცილებელი. ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი", - თქვა ენდელაძემ.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „რეზონანსთან" შემაშფოთებელს უწოდებს ვაქცინაციის პროცესის მიმართ სკეპტიკური განწყობების გაღვივების მცდელობას და აცხადებს, რომ მზადაა პირდაპირ ეთერში აცრა გაიკეთოს, როგორც კი რიგი მოუწევს.

„გავიკეთებ, როცა დრო მოვა. ახლა პირველ პარტიას ვერ გავიკეთებ იმიტომ, რომ იცით ალბათ, რომ კოვიდი შედარებით ახლახანს გადავიტანე და ჯერ არ მეკუთვნის. როგორც კი ჩემი ვადა მოვა, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში გავიკეთებ, სადღაც ალბათ აპირილის დასაწყისში", - განაცხადა ცერცვაძემ „რეზონანსთან".

როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ვაქცინაციისადმი ნდობა ისევ იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც უკვე აიცრება და გამოაცხადებს, რომ ცუდი არაფერი მოსვლია. მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაციის დაწყება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ქვეყანა მანამდე ეტაპებს როგორ გაივლის.

„ნდობის გაზრდა ისევ და ისევ იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც აიცრება და გამოაცხადებს, რომ ცუდი არაფერი მოსვლია. პაატა იმნაძე ვნახეთ რომ პირდაპირ ეთერში აიცრა.

"თავიდან ადამიანი ყველაფერს უნდობლად უყურებს, მითუმეტეს, რომ კომენტარები საზღვარგარეთიდან მოდის, რომ ვთქვათ „ასტრაზენეკა" გარკვეულმა ქვეყნებმა დროებით შეაჩერეს, მაგრამ იმიტომ შეაჩერეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც რაღაცა გართუოლებები დაემართათ, ამ აცრასთან დაკავშირებული არ ყოფილა, მათ რაც დაემართათ, სხვა შემთხვევაშიც დაემართებოდათ.

„ამიტომ მაქსიმალურად საჭიროა საინფორმაციო წყაროებმა სინამდვილის კონსტატაცია მოახდინონ და დაადასტურონ ის, რომ ადამიანი თუ არ აიცრა, ბევრად უფრო დიდ უბედურებას მივიღებთ, ვიდრე ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება მეორე დღით უკვე აღარ გქონდეს.

„ჩემი თხოვნა იქნება თვითონ იმ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ვაქცინაციას იწყებენ, რომ მაქსიმალურად მოხდეს იმ ადამიანთა შესწავლა, ვისი აცრაც საჭიროა იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანი ალერგიული იყოს, ან თრომბოემბოლიის მიმართ მიდრეკილება ჰქონდეს, ყოველ შემთხვევაში აცრისთვის მოამზადონ, იმიტომ, რომ ეს მაინც წამალი არაა, ეს პრევენციაა, ვაქცინა, რომელიც ძალიან ძლიერ ორგანიზმს მოითხოვს.

„ინფორმაციის სწორი, დროული და ადეკვატური მიწოდება, ეს იქნება იმ რაოდენობის გაზრდის წინაპირობა, რომელი რაოდენობაც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ პანდემია თავიდან ავიცილოთ.

„მასობრივი ვაქცინაციაც ალბათ დამოკიდებული იქნება იმაზე თუ ახლანდელ ექიმების ეტაპს როგორ ჩავატარებთ, აქედან გამომდინარე უკვე გადაწყდება, იმიტომ, რომ ეს პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული მომდევნო ეტაპებთან, ეს თუ ჩავარდა, რომელ ვაქცინაციაზე იქნება ლაპარაკი, მერე უკვე „ფაიზერიც" და „ჯონსონიც" შემოვა, მთავარია, რომ ეს ორი თვე სწორად გავაროთ."- თქვა მან.

კითხვაზე თუ თავად როდის აპირებს აცრას, გვითხრა, რომ როცა კი მისი რიგი მოვა, აუცილებლად აიცრება. „რა თქმა უნდა, ვაპირებ, აქ ორი აზრი არაა, როცა კი დამიძახებენ, მაშინვე ავიცრები."- განაცხადა ხმალაძემ.

ვაქცინაციის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მისაღებად 24 საათიანი უფასო ცხელი ხაზი - 15 22 ამოქმედდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×