
რუსთაველზე, პარლამენტის წინ დაცემული „კარვების ქალაქი" ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად მოიაზრება, ხოლო მასში განთავსებული ოპოზიციის პარტიული აქტივი დაუღალავად ცდილობს სახალხო მხარდაჭერის დემონსტრირებას. სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ „კოკა-კოლასაგან" მიღებული საჩუქრის ფართო აფიშირება.
პროტესტის ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, გიგა მაქარაშვილმა ფეისბუქის თავის გვერდზე ფოტო გაავრცელა, სადაც პარლამენტის წინ კარვების ქალაქთან „კოკა-კოლას" ბოთლები იყო დასაწყობებული. იგი კომპანიას საჯაროდ მადლობას უხდიდა: „თუ გული გულობს, კარვებში „კოკა-კოლა" არ გამოილევა. მადლობა, მადლობა, მადლობა".
ამან საზოგადოების ნაწილს ვარაუდის გამოთქმის საშუალება მისცა, რომ თემურ ჭყონიას კომპანია შესაძლოა აქციებს აფინანსებდეს, მითუმეტეს რომ ბიზნესმენი ხელისუფლების საწინაააღმდეგო მკაცრი რიტორიკით გამოირჩევა, ხოლო ქართველი ბიზნესმენები ადრეც ხშირად მხარს უჭერდნეს ქუჩაში გამოსულ პოლიტიკურ ძალებს. თუმცა, „რეზონანსთან" საუბრისას თავად "კოკა-კოლას" პრეზიდენტი თემურ ჭყონია და გიგა მაქარაშვილი აცხადებენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეს კომპანიისგან მხოლოდ ერთჯერადი საჩუქარი იყო.
„კარვებში ვიღაცა ხაჭაპურს აგზავნის, ვიღაცა პურს და ჩაის, აგერ კოკა-კოლამ კოკა-კოლა გამოაგზავნა.
„მე უბრალოდ მოტანაში დავეხმარე, ეს „კოკა-კოლასგან" კარვების ქალაქში ერთჯერადი საჩუქარი იყო და მეტი არაფერი. არავითარი დაფინანსება კოკა-კოლასგან არაა, ეს იყო ერთჯერადი საჩუქარი - კეთილი ჟესტი იმისთვის, რომ ისინი ქუჩაში არიან, ამ ბოლო დღეებში მზეა და ცივი კოკა-კოლა აჩუქა კომპანიამ, მეტი არაფერი.
„არაფერი არ უთქვამთ ჩვენთვის, რომ მოტანას კიდევ აპირებენ, თუ დააპირებენ და რაღაც პერიოდის მერე კიდევ გვაჩუქებენ, ალბათ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. დასპონსორებაზე ლაპარაკი არ არის, არც არავისგან გვითხოვია და არც არავისგან დაპირება არ მიგვიღია" - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.
კითხვაზე რეალურად აფინასებდა თუ არა აქციებს „კოკა-კოლა", თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და აქციების დაფინანსებაში ბრალდება „ძველმოდური თემაა".
„როგორ შეიძლება აქციებს ჩვენ ვაფინასებდეთ, რა მიზეზი უნდა გვქონდეს, ვფიქრობ, რომ აქციების დაფინასება ძველმოდური თემაა,"- განაცხადა ჭყონიამ „რეზონანსთან".
აღსანიშნავია, რომ თებერვალში „კოკა-კოლამ" თამანშრომლობის მემორანდუმი ოპოზიციურ „მთავარ არხსა" და „ტვ პირველთან" გააფორმა
თუმცა კომპანიის პრეზიდენტმა თემურ ჭყონიან „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნა, რომ ზოგადად მემორანდუმი რეიტინგულ პროექტებთან ფორმდება და პირველი არხის გარდა თითქმის ყველა ტელევიზიასთან აპირებენ ამის გაკეთებას.
„იმედთან" გავაკეთეთ, ხვალ 4 საათზე „რუსთავთან" ვაფორმებთ, პირველი არხის გარდა თითქმის ყველა ტელევიზიასთან, ეს მემორანდუმი იმ პროქტების გარშემო ფორმდება, რომელსაც ჩვენ რეიტინგულად მივიჩნევთ.
„ხოლო სარეკლამო კამპანიაა, რომელიც ფინანსირდება ყველა ტელევიზიაშია. რომელი ტელევიზიაა დარჩენილი, სადაც ჩვენი რეკლამა არ გადიოდეს?" - აქეთ შემოგვიბრუნა კითხვა ბიზნესმენმა.