თამთა ჩაჩანიძე
22.11.2020

საარჩევნო უბნებზე ოქმები ისევე, როგორც ოცი წლის წინ, დღესაც კალკულატორით და კალმით ჯამდება. თუმცა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გვაიჩვენებს, რომ ეს ძალიან არაეფექტური პრაქტიკაა, რადგან სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა უამრავი შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც ბალანსი არ დაჯდა. იქნება თუ არა ბევრად ეფექტური უშუალოდ უბნებზე, რომელიც საბოლოო შედეგების პირველწყაროა, ხმების შეჯამება ელექტრონულად სპეციალური კომპიუტერული პროგრამით რომ მოხდეს, რაც საქმეს უფრო გააადვილებდა და მეორეს მხრივ, გამორიცხავდა ადამიანურ შეცდომას და ოქმების მიზანმინართულ გადაკეთებას?

როგორც „რეზონანსს" ცესკო-ში განუცხადეს, დღესდღეისობით ხმები სხვანაირი წესით ვერ დაითვლება, რადგან ეს პროცესი დღეს არსებული საკანონმდებლო წესით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით რეგულირდება, მათი განცხადებით, კანონმდებლობა როგორც განსაზღვრავს, ხმებს ისე ითვლიან.

ხმების ციფრულ შეჯამების დაკანონების მცდელობა საქართველოში ბოლო 18 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო. თუმცა, როგორც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, ისევე ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" ყოფნის დროს და ბოლოს, „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგაც, სამივე ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა, თან ერთი და იგივე მოტივით - შესაბამისი ფინანსების უქონლობის გამო.

არადა სპეციალისტებმა ისიც დაითვალეს, რომ ციფრული სისტემა ახლანდელზე არა მხოლოდ ეფექტური, არამედ გაცილებით ეკონომიურიცაა და უკვე პირველივე საარჩევნო ციკლისას მოგვცემდა იმ რაოდენობის თანხის ეკონომიას, რაც მისი დანერგვისათვისაა საჭირო.

პირველი მცდელობა და სატესტო არჩევნები რამდენიმე უბანზე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ხმების ელექტრონულად შეჯამება ოქმების გადაკეთების, ან ადამიანური შეცდომების შანსებს პრაქტიკულად მოსპობდა, თუმცა ხმალაძისვე თქმით, 2002 წლიდან დღემდე, მის მიერ შეთავაზებულ კენჭისყრის და ხმების დათვლის ელექტრონულ სისტემის დანერგვას არცერთი ხელისუფლება არ დათანხმდა.

„რასაკვირველია, ეს არა მხოლოდ შეამცირებდა, არამედ ამას პრაქტიკულად მოსპობდა, მაგრამ არცერთხელ არცერთი ხელისუფლება ამის გაკეთებას არ დათანხმდა და ყოველთვის მოტივი ერთი და იგივე იყო - რომ ეს ძვირი ჯდება და ამის ფული არ გვაქვსო. იმას ვერ იტყოდნენ, რომ ცუდიაო.

„პირველად ეს საკითხი 2002 წელს პარლამენტში მე დავსვი, ანუ ჯერ კიდევ 18 წლის წინ. მაშინ ფონდ „ღია საზოგადოების" დახმარებით, რამდენიმეკაციანი ჯგუფი შევქმენი, ამ ჯგუფმა, ერთად კენჭისყრის და დათვლის ელექტრონული სისტემა მოამზადა, თან ეს სისტემა ადამიანის სახის ელექტრონულ ინდენტიფიცირებას აკეთებდა იმისათვის, რომ „კარუსელები" ვეღარ მოეწყოთ.

„დავამზადეთ ეს მოდელი და მაშინ ამის დემონსტრირება პარლამენტშიც გაკეთდა, მაგრამ არავის დაუნერგავს, 2003 წელს კი არჩევნებს რევოლუცია მოყვა.

„დაახლოებით წლინახევრის წინ, გაზაფხულზე ეს საკითხი მე იმ სამუშაო ჯგუფში დავსვი, რომელიც საარჩევნო კოდექსსში ცვლილებების შესატანად პარლამენტში იყო შექმნილი. იქ უკვე სქემა წარვუდგინე, მათ შორის ისიც, თუ როგორი სისტემა უნდა დანერგილიყო.

„ამ სისტემის მიხედვით არჩევნები ძალიან ბევრ ქვყანაში ჩატარდა. ცესკომაც რამდენიმე უბანზე სატესტო ელექტრონული სისტემის დათვლები ჩაატარა, შედეგი კი შესანიშნავი იყო. მხოლოდ ბიულეტენების დათვლა დაახლოებით რვა მილიონი დოლარი დაჯდებოდა, თან ეს ერთჯერადი ხარჯი უკვე არჩევნების ერთი ციკლის პერიოდში, ანუ ადგილობრივი არჩევნები, პარლამენტის არჩევნები, ამის მერე უკვე შემდეგ არჩევნებში დანახარჯები იმდენად მცირდებოდა, რომ დანახარჯების ეკონომია ამ ერთჯერად ხარჯს მთლიანად დაფარავდა.

„საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა, განსაკუთრებით უბნებზე, უკვე შეიძლებოდა მკვეთრად შემცირებულიყო და დათვლის დროს გაყალბების შესაძლებლობა უკვე გამორიცხული იქნებოდა. სამწუხაროდ მაშინაც ხელისუფლებამ უარი თქვა იმ მოტივით, რომ ამის ფული არ გვაქვსო", - განაცხადა ხმალაძემ.

ზუსტად რა არის საჭირო ციფრული სისტემის დასანერგად

კითხვაზე, ახლა რა არის, საჭირო რომ ეს გაკეთდეს, ხმალაძემ გვიპასუხა, რომ ამისათვის მხოლოდ ხელისუფლების თანხმობა და შესაბამისი თანხის გამოყოფაა საჭირო.

„ახლახელისუფლების გადაწყვეტილება და ფულის გამოყოფაა საჭირო, მეტი არაფერი. გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან, მინიმუმ ალბათ 4-დან 6 თვემდე თვე იქნება საჭირო იმისათვის, რომ შემოვიტანოთ, გატესტონ და სამუშაო რეჟიმისთვის მოამზადონ. ესაა სადღაც 4 ათასამდე ასეთი მოწყობილობა, გადაწყვეტილების მიღების დღიდან ექვსი თვის თავზე, ყველა არჩევნების ჩატარება ამ სისტემით უკვე შესაძლებელი იქნება.

„დათვლის პრაქტიკულად ზუსტი შედეგები რამდენ ხანში ხდება ცნობილი, იცით? საარჩევნო უბნის დახურვიდან ნახევარ საათში უკვე მთელ საქართველოს ეცოდინება არჩევნების შედეგები როგორია.

„ამაზე რატომ არ თანხმდებოდნენ აქამდე? იმიტომ, რომ ზუსტი დათვლა არცერთ ხელისუფლებას არ სურდა, რადგან ყველა ხელისუფლება დათვლისას არჩევნების შედეგებს სერიოზულად აყალბებდა ხოლმე. ჩვენთან წესიერად დათვლილი ბიულეტენები იყო 1990 წელს, იშვიათად თუ გაირღვა სადმე რამე. ასე იყო 1992 წელსაც, ასევე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისას, ყველა დანარჩენ არჩევნებში კი ძალიან დიდი დარღვევები იყო.

„ჩვენთან გაყალბებები, რამაც უიკვე სისტემური ხასიათ მიიღო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 1995 წლის არჩევნებიდან დაიწყო. მას შემდეგ ერთი-ორი შემთხვევა იყო, როცა არჩევნები წესიერად ჩატარდა, ყველა სხვა შემთხვევაში, დათლისას სერიოზული გაყალბება ხდებოდა", - განაცახადა ხმალაძემ.

შესაძლო რისკები - ჰაკერული თავდასხმები და გარეგანი ჩარევა

ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში გარკვეულ რისკებს ხედავს პარტია „ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი და იურისტი კახა კოჟორიძე. იგი „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დიდი ხანია დგას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების სფეროშია, არსებობს აღნიშნულ სისტემაზე ჰაკერული თავდასხმების დიდი ალბათობა.

„ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და არის მოსაზრება, რომ ეს ძალიან ბევრ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს დაზოგავს და რაც მთავარია, სიზუსტის მეტი ხარისხით იქნება უზრუნველყოფილი. თუმცა, ეს ყველაფერი კარგადაა გასავლელი და გასააზრებელი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ელექტრონულ პროგრამას თავისი სხვანაირი მინუსები აქვს, ისეთ სიტუაციაში, როგორიც საქართველოა, სადაც ოფიციალური სახელმწიფო უწყებების საიტები კიბერშეტევებისაგან დაცული არაა და ჩვენ ამის არაერთი მაგალითიც ვნახეთ.

„როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რუსული სპეცსამსახურების ჩართულობით, ჰაკერული თავდასხმებით ჩვენი სახელმწიფო ორგანოების ოფიციალური საიტების გატეხვა და დაზიანება ხდებოდა. ჩემთვის ეს კითხვაა მთავარი, რომ ეს პროგრამა ამ თავდასხმებისგან დაცული რამდენად იქნება და რამდენად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჰაკერული თავდასხმებისაგან იმ გეოპოლიტიკური ინტერესების გათვცალისწინებით, რაც რუსეთს საქართველოში გააჩნია, ჩვენი მსგავსი პროგრამა დაზღვეული იყოს.

„ახლა თუ, ვთქვათ, გადასწორებულ ოქმს დავინახავთ და იმას მაინც ვხედავთ, რომ არის თუ არა პრობლემური და გადასწორებული, იქ დახურულ სისტემაში ვინ რა ჩაიდინა ამის გარკვევა შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს. ამიტომ ამ საკითხზე პოზიცია პირადად მე დღეს არ მაქვს, იმიტომ, რომ ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს, პირველ რიგში ტექნიკური თვალსაზრისით და ეს სისტემა რამდენად იქნება დაცული, ერთის მხრივ ჰაკერული თავდასხმებით და მეორეს მხრივ მათ შორის თითონ ხელისუფლებას ხომ არ ექნება შესაძლებლობა, რომ ამ პროგრამით გარკვეული მანიპულირება მოახდინოს და ის შედეგი დაიწეროს, რაც თვითონ უნდა.

„ძალიან ბევრი ასეთი ტიპის რისკი შეიძლება ახლდეს, თუმცა თანამედროვე ცხოვრება მიდის იქით, რომ აქცენტი ამაზე უნდა იქნას აღებული, რა თქმა უნდა უსაფრთხოების დაზღვევის მექანიზმების გათვალისწინებით," - განაცხადა კოჟორიძემ.

ვის აწყობს დღეს მოქმედი სისტემა

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში უბნებზე ხმების ელექტრონული დაჯამების დანერგვა ძალიან ადვილია, თუმცა ამბობს, რომ არსებული წესი გარკვეული პარტიებისთვის უფრო ხელსაყრელია.

„წესით და რიგით ხმები უბნებიდან პირდაპირ ცესკოში უნდა მიდიოდეს. საოლქო ცენტრები ზედმეტი ფილტრია, რომელიც ზედმეტ კითხვებს იწვევს და მგონია, რომ სწორედ მანდ ხდება ხელით დამუშავება, ვიდრე ადგილობრივ უბნებში. ადგილობრივ უბნებში შესაძლოა ერთი კანდიდატის ბიულეტენი მეორე კანდიდატის სასარგებლოდ დაიდოს, ესეთი ვარიანტები უბნებზე მოსულა. დაბალი რგოლის წარმომადგენლები მსხვილმასშტაბიან გაყალბებას უფრო ერიდებიან.

„ხმების ელექტრონული დათვლის სისტემა დიდი ხანია უკვე ათვისებულია უკრაინაში, ევროპაში, ავტორიტარულ რუსეთშიც კი არსებობს. ჩვენთან ამ სისტემის დანერგვა არ ხდება ალბათ იმიტომ, რომ ვინმემ ხომ უნდა გააყალბოს...

„ბოლოს და ბოლოს დეპუტატების კომპიუტერული თვლის სისტემა ხომ დადგეს, ხომ მოქმედებს, იგივე სისტემა არსებობს ამომრჩევლებისათვის. მე იმაში ეჭვი მეპარება, რომ გარკვეულ პარტიებს ასეთი სისტემა აწყობდეს.

„21-ე საუკუნეში არაფერი შეუძლებელი არ არსებობს, მით უმეტეს პატარა საქართველოში, ისე გავაკეთოთ, რომ ბიულეტენების დათვლა ხელით მოხდეს, მაგრამ შემდეგ კომპიუტერული პროგრამაში შევიყვანოთ. იქ დაჯამდება. თუ აქტივობასა და ბიულეტენებს შორის გადაცდომა იქნება, იქ უკვე გაყალბება, ან რაღაცა შეცდომაა, ასეთი მატემათიკური მოდელირების პროგრამები არსებობს.

„2012 წელს როცა „ოცნებამ" გაიმარჯვა და როცა მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა" აყალბებდა და ამ გაყალბებამაც არ უშველა, როგორც მახსოვს ასეთი სისტემის დანერგვას მაშინ აპირებდნენ. სპეციალური თანხები უნდა გამოყოფილიყო და ა.შ. ამის გაკეთება სახელმწიფოს არანაირად ძვირი არ დაუჯდება. ცესკოს ბიუროკრატიის შენახვაზე გაცილებით იაფი ჯდება, უფუნქციო ცესკო თანამშრომლების შენახვის მაგივრად ოთხჯერ იაფი დაჯდება.

„მაგალითად „ნაცმოძრაობას" მგონია, რომ ასეთი ელექტრონული ვარიანტი არ უნდა აწყობდეს, მას დაბრუნება სურს და ეს სისტემა მათთვის იდეალურია და შანსს ხელიდან რატომ გაუშვებს... რაც შეეხება სხვა ოპოზიუციურ პარტიებს, ასეთი წინადადება, თუ არ ვცდები ინაშვილის, ბურჯანაძისა და კუკავასგან იყო", - განაცხადა მაისაიამ.

ნდობის ფაქტორი

პარტია „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ხმების დათვლის, ან შეჯამების ელექტრონულმა სისტემამ შესაძლოა ოქმების გადაკეთების ან ადამიანური შეცდომების შანსები ნულამდეც დაიყვანოს, თუმცა მისი აზრით, ამ შემთხვევაში ამსისტემის მიმართ ამომრჩევლის ნდობაა მთავარი.

„ზოგადად საარჩევნო პროცესში ყველაზე მთავარი ნდობაა. აუცილებელია, რომ ის მეთოდი გამოიყენო, რომელსაც ადამიანები უფრო მეტად ენდობიან. რა თქმა უნდა, ამ სისტემამ შესაძლოა ცესკოს თანამშრომლების მიერ რაღაცეების გადაკეთებ-გადმოკეთების შანსები შეამციროს კი არა, ნულამდე დაიყვანოს და მათ შორის ყველაფერი უფრო მარტივად და სწრაფად დათვლადი იყოს და ა.შ., მაგრამ სანამ ადამიანების, ამომრჩევლების თავში იქნება განცდა, რომ შესაძლოა ვიღაც ამის პულტთან დაჯდეს და როგორც ახლა ცესკომ ოქმები გადააკეთა, შედეგები ასე გადააკეთოს (ელექტრონულად უფრო მარტივია, ვიდრე ფიზიკუარდ), მანამდე ადამიანები ყოველთვის შემოხაზვას არჩევენ.

„ამ სისტემამ, რომელიც პრაქტიკული, უფრო სწრაფიც და ეფექტურიცაა, პირველ რიგში ჯერჯერობით ადამიანების ნდობა უნდა მოიპოვოს. იმ ხალხმა, რომელიც ამას მხარს უჭერენ, მგონია, რომ საზოგადოება უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ ასე სჯობს და ამ ქვეყანაში ამ სისტემაზე მუშაობა ამ თვალსაზრისით უნდა დაიწყოს.

„ამ თემასთან დაკავშორებით საზოგადოებაში ჯერ სერიოზული დიკუსიები არ მომისმენია, ამ ქვეყანაში რაღაც თუ ჩამოყალიბდა და თუ პარლამენტში რაღაცნაირად შევაღწიეთ, მაშინ ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება საარჩევნო რეფორმის ფარგლებში იყოს. ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია მეც არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ნდობაა მთავარი. მე უნდა ვენდობოდე ამას იმ დონეზე, რომ ეჭვი არ მეპარებოდეს, რომ ელექტრონული მანიპულაციები შესაძლებელი არ იქნება, იმიტომ, თუ მერე სისტემაში ასეთი მანიპულაციები მოხდება, ასეთი რამ უფრო მარტივია, ვიდრე ხელით შემოხაზული ოქმების მანიპულაცია, ამიტომ საფიქრალია და ეს ასე მარტივი არაა", - განაცხადა ხვიჩიამ.

უნდა ვთქვათ თუ არა რისკების გამო უარი ახალ ტექნოლოგიებზე

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ხმების ელექტრონული შეჯამება გარკვეულ კიბერსაფრთხეს შეიცავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ სისტემაზე გადასვლზე საქართველომ უარი უნდა თქვას.

„ზოგადად, ელექტრონული არჩევნები რომ უკეთესია, ეს ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალი სიტყვაა, მაგრამ ამასც თავის რისკები აქვს. თუმცა ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ცუდი საქმე არაა.

„ნებისმიერი პროგრამის დაწერაა შესაძლებელი. ამას ტექნიკური დავალება სჭირდება. რამდენად ეფექტური იქნება, ეს მეორე საკითხია და ამის გამოცდას პრაქტიკა სჭირდება.

„ელექტრონულ საარჩევნო სისტემებზე კიბერთავდასხმა ძალიან მიღებული პრაქტიკაა და რუსეთს ელექტრონული სისტემების მწყობრიდან გამოყვანაც შეუძლია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელექტრონულ სისტემებზე და კომპიუტერულ სისტემებზე უარი ვთქვათ", - განაცხადა გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
mzirali   (24.11.2020)
ელექტრონულ ხმის მიცემასაც შეიზლებაა შეექმნას პრობლემები მაგრამ მტავრი ის არის რომ ყველამ უნდა გავიტავისოთ თუ არ ვისწავლეთ არჩევნების სამართლიანი ჩატარება, რომლის შედეგებსაც ყველა უპირობოდ მიიღებს ქვეყანა წინ ვერ წავა და ყოველტვის იქნება ,,ახალი ბაღვაშების" სათარეშო...

კახელი   (24.11.2020)
რაც თავი მახსოვს სულ არჩევნებია ჩვენს ქვეყანაში და ზოგიერთმა თქვენ რომ უმცირესობას ეძახით ბიულეტენში შემოხაზვა ვერ ისწავლა, პენსიას. ერთი იღებენ ბარათით. ისინი ხმას როგორ მისცემენ ელექტრონულად საინტერესოა. ბათილი ბიულეტენების 90პროცენტი შემოუხაზავი ბიულეტინია .ლელოს ერთ -ერთი კანდიდატი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს ორიათას რვაასი ხმა ბათილი ბიულეტენების ჩემიაო. რა იცის ვისი იყო შემოუხაზავი ბიულეტინია ძიან მაინტერესებს ახსნას.

xxx   (23.11.2020)
ცსკო-უნდა გაუქმდეს, უნდა გადავიდეთ ციფრული ხმის მიცემაზე, უნდა მოხდეს ელექტრონული კენჭისყრა, სპეციალური აპარატების მეშვეობით, აი როგორც გადასახადებს ვიხდით სალარო აპარატების მეშვეობით, ასევე უნდა მოხდეს სიმბოლური თანხების ჩარიცხვა ამა თუ იმ კანდიდატზე, სიმბოლურ თანხას გადაიხდის სახელმწიფო, შედეგების შეჯამება მოხდება რომელიმე ბანკის მეშვეობით, ამასთან იქნება კომისია, რომელშიც შევლენ, აუდიტის სამსახური, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყველა ამომრჩეველს ხელზე ექნება ქვითარი, რომელსაც წარუდგენს კომისიას გადამოწმების დროს...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×