
„ჩემი აზრით, დებატებში მონაწილეობა აუცილებელია, რადგან საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა, რომ ოპოზიციას ეშინია დებატებში მონაწილეობის, ან ამ თემების საჯაროდ გარჩევის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პარტია „გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის პასუხს „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის დებატებში გამოწვევაზე.
კობახიძემ ოპოზიციას შესთავაზე, სატელევიზიო დებატების ფორმატში წარმოადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები, რომ არჩევნები გაყალბდა და შემდეგ ამ თემაზე პირდაპირ ეთერში მოეწყოს დისკუსია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობით. „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი ამას ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობად აფასებს.
„დებატები იქნება „ოცნების" მხრიდან მაგიდის აყირავება და ბაზარი არაა, ვიდებატოთ რამდენიც გვინდა", - აცხადებს ჯაფარიძე.
„ერთია მოლაპარაკებები, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობს და მეორეა დებატები, რომელიც, რა თქმა უნდა, რეალური თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, დებატებში მონაწილეობა აუცილებელია, რადგან საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა, რომ ოპოზიციას ეშინია დებატებში მონაწილეობის, ან ამ თემების საჯაროდ გარჩევის. დებატები უფრო პიარის ელემენტების შემცველია და პოლიტიკური ქულების მომტანი, ვიდრე რაიმე რეალური შედეგების.
„არ მგონია ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზე მოლაპარაკების გზით წავიდეს. ვთვლი, რომ ოპოზიცია შეცდომებს უშვებს, როდესაც ხელისუფლებას ინიციატივას აძლევს. თუ ითხოვენ დებატებს - დებატებში უნდა შევიდენ. ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენონ. ოპოზიციას სჭირდება არა მარტო დღევანდელი არჩევნები, არამედ ხვალინდელი, მომავალი წლის ადგილობრივი არჩვნებიც. ამიტომ, არ მგონია ოპოზიციას იმის ფუფუნება ჰქონდეს, რომ არჩიოს ხელისუფლებასთან სად შევიდეს დებატებში და სად თქვას უარი.
„არ მესმის დიალოგი რატომ შეუშლის ხელს მოლაპარაკებებს. იქ ხომ შეიძლება ლაპარაკი სხვადსხვა თემებზე იყოს. ის არგუმენტები, რაც შეიძლება მოლაპარაკებების დროს გამოიყენონ, ამას დიალოგის დროს გამოიტანენ და საჯაროს გახდიან. იგი მოლაპარაკებებს უფრო რეალურს გახდის და საზოგადოებაც ამ პოლემიკაში ჩაერთვება", - განაცხადა ძაბირაძემ.