ელზა პაპოშვილი
01.11.2020

„ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა და უკვე აქვს საკმარისი ადგილები ახალ პარლამენტში, რომ მთავრობის ფორმირება დამოუკიდებლად შეძლოს. 15 მაჟორიტარულ ოლქში დანიშნული მეორე ტური კი, რომელც 21 ნოემბერს გაიმართება, მხოლოდ იმით იქნება საინტერესო, შეძლებს თუ არა „ოცნება“ ამ წარმატების კიდევ უფრო გამყარებას. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. გუშინდელი ხანმოკლე აქციის შემდეგ მათ ერთკვირიანი ტაიმაუტი აიღეს და ამ პერიოდში უნდა გადაწყვიტონ, ბოიკოტს გამოაცხადებენ, თუ შევლენ ახალ პარლამენტში. ანალიტიკოსთა უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ასეთი შედეგები ლოგიკურია, რადგან ოპოზიციამ ამომრჩეველს „ოცნების“ რეალური ალტერნატივა ვერ შესთავაზა.

ახალ პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შედის. 1-ლი ნოემბრის საღამოს მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებზე პარტიების მიერ დაფიქსირებული შედეგები ასეთია:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 48.07%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 27.12%;

„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3.78%;

„ლელო - მამუკა ხაზარაძე“ - 3.16%;

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 3.18%;

საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.15%;

„გირჩი“ - 2.9%;

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - 1.34%;

„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ -1%.

„ამ პარლამენტში უპირატესობა ოპოზიციას ექნება“

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ეს არჩევნები და მასზე დაფიქსირებული შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ საქრთველოში არაფერი იცვლება და ყველა შემდგომი ხელისუფლება კარგად ითვისებს იმ მანკიერებას, რასაც ხელისუფლებასი მოსვლის ეტაპზე თითქოს ებრძვის. მისივე შეფასებით, ძალიან რთული სიტუაციაა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნის წინ ვდგავართ, რაც შემდგომ ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებს არ გამორიცხავს. 

„თუ ოპოზიცია პრინციპული იქნება და პარლამენტში არ შევა, შესამისად, საკონსტიტუციო ორგანო მუშაობას ვერ დაიწყებს. კონსტიტუციით 100 კაცი მაინც უნდა შევიდეს პარლამენტში, რომ მან მუშაობა დაიწყოს, ივანიშვილს კი ამდენი მანდატი არ აქვს. ამიტომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. 

„თუ ოპოზიცია ამას ვერ მოახერხებს და შევა პარლამენტში, ამ შემთხვევაშიც პოზიტივი ის გახლავთ, რომ რაოდენობრივი უპირატესობა ოპოზიციას ექნება. ბევრი ლიდერი იქნება ისეთი, რომელსაც შეეძლება მექანიკურად უმრავლეოსობის პარალიზება მოახდინოს. საბოლოო ჯამში კი ეს პარლამენტი არასტაბილური იქნება. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს როგორც პანდემიის კუთხით, ასევე ეკონომიკურ-სოციალური მიმართულებით. ძალიან მაღალი ალბათობით, ახლა თუ არა, ერთ წელში მაინც ისევ რიგგარეშე არჩევნები გვექნება“, -ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არის და საპროტესტო აქციები არ არის ადეკვატური. ხუხაშვილი ოპოზიციას ურჩევს, რომ უბრალოდ მაგიდასთან დასხდნენ, გადაწყვიტონ პარლამენტში შედიან თუ არა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ პანდემიის პირობებში ქუჩა გამოსავალი არ არის და მოსახლეობის უმრავლესობა მათ არ აჰყვება. 

ჭრელი, ხმაურიანი და უფრო საინტერესო პარლამენტი

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სიტუაცია დაახლოებით ისეთია, როგორსაც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ და მოლოდინი, რომ „ოცნება“ 45%-მდე მიიღებდა, გამართლდა. ზაქარეიშვილის თქმით, მოულოდნელი „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიიცის ხმებია. არსებობდა ვარაუდი, რომ „ნაციონალები“ 15%-ზე მეტს ვერ აიღებდა. მათი რეიტინგის ასეთ მატებაში კი ზაქარეიშვილი ხელისუფლების წვლილს ხედავს. 

„ხელისუფლებამ „ნაციონალებისგან“მტრის ხატი დიდი ხანი ბერა. ამიტომაც მოსახლეობამ დაიჯერა, რომ მათი დამარცხება მხოლოდ „ნაციონალებს“ შეეძლოთ. „ოცნებისგან“ ასეთი უცნაური პოლიტიკა მაკვირვებს - ტეხს იმ ტოტს, რომელზეც ზის. 

„ეს გამარჯვება ხელისუფლებისთვის დამარცხების ტოლფასია. უმრავლესობა თუ არა, მოსახლეობის ნახევარი „ოცნების“ წინააღმდეგია. 48% ძალიან ცოტაა. ამიტომ უნდოდა ყველას, რომ პროპორციული სისტემა ყოფილიყო სრულად და რა განწყობაც არის ქვეყანაში, ის პარლამენტშიც გამოჩენილიყო“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას. 

მისი შეფასებით, ეს გამარჯვება სულაც არ არის ის, რასაც „ოცნება“ ელოდა და ფიქრობდა, რომ 60%-ს და უფრო მეტსაც კი აიღებდა. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ეს არის კრიზისული შედეგი და თუკი უახლოესი 4 წელიწადში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გვექნება, რადგან ეს პარლამენტი ეფექტურად ვერ იმუშავებს.

„არ ვამბობ არაფერს „ოცნების“ რეალურ ამომრჩეველზე, რომელსაც „ნაციონალების“ დაბრუნების ეშინია. პასუხი უნად აგოს იმ ხალხმა, რომლებმაც ხმები უბრალოდ გაყიდეს. თუმცა, ვისაც სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების ეშინოდა, მინდა ვუთხრა, რომ ეს საფრთხე სწორედ „ოცნებამ“ შექმნა. მათგან მტრის ხატის შექმნეს და დღეს უფრო ძლიერია „ნაციონალური მოძრაობა“, ვიდრე ეს 216 წელს იყო, უფრო შემართულია და მეტი პრეტენზიები აქვს. 

„ოცნება“ აშკარად ახლა სულს ღაფავს და ეს მხოლოდ მისი მაქსიმუმია. მეტი მართლა არ შეეძლო. ნახევარ მოსახლეობას ის აღარ უნდა. უბრალოდ, პარლამენტი უფრო საინტერესო იქნება - ჭრელი, ხმაურიანი და მრავალპარტიული. 

„რაც შეეხება სიტუაციის ქუჩაში გადატანას, რა თქმა უნდა, გამოსვლები იქნება, მაგრამ მხოლოდ პარტიული ელექტორატის. გარეთ დიდხანს ვერ იდგებიან, მითუმეტეს, რომ მოსახლეობის მხადაჭერა არ ექნებათ. ამ პარტიის მიმართ იმხელა მიუღებლობაა, რომ გარეთ ბევრი ხალხის გმოსვლას არ ველი“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ 

„მოსახლეობამ შეჩვეული ჭირი არჩია შეუჩვეველს“

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ არჩევნების ასეთი შედეგები მოსალოდნელიც იყო და დაახლოებით ასეთი პროგნოზებიც კეთდებოდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ძაბირაძის თქმით, ესეც პროგნოზირებადი იყო, „ოცნება“ 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში ვერ მოიგებდა. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ის დიდი ალბათობით ელოდა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველგავრი კოალიციის გარეშე მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებდა. 

„მოსახლეობის უმრავლესობას, მართალია, „ქართული ოცნება“ არ მოსწონს და ცვლილებებს ისურვებდნენ, მაგრამ ოპოზიციამ მათ ალტერნატივა ვერ შესთავაზა. „ნაციონალებს“ ფიქსირებული ამომრჩეველი ჰყავთ, რომელიც ვერ იზრდება. ხოლო ამ შეემთხევვაში მის გარდა არ აღმოჩნდა არავინ ახალი, ვინც მთელს ოპოზიციას გაერთიანებდა. ამიტომაც ოპოზიციისკენ მოსახლეობამ არჩევანი ვერ დაინახა და შეჩეული ჭირი შეუჩვეველს არჩიეს. 

„დარწმუნებული ვარ, მეტ-ნაკლებად მისაღები ძალა ოპოზიციურ ფლანგზე რომ ყოფილიყო, ეს „ოცნების“ ხელისუფლებას დაასრულებდა. რეალობა ასეთია და ამ რელობას „ოპოზიცია“ ვერ ეგუება. ცდილობს თავისი მოსაზრება თავზე მოახვიოს“, -ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, საპროტესტო ტალღა იქნება, მაგრამ ეს იმ ფარგლებს არ გასცდება, რასაც პარტიული აქტივი ჰქვია. საპროტესტო ტალღას კი მაშინ აქვს ძალა, როცა ქუჩაში მდგომ 100 კაცს სახლში მჯდომი 1000 კაცი უჭერს მხარს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლა ასეთი განწყობა არ არის, ამიტომაც ოპოზიციას დიდხანს საპროტესტო მუხტის დაჭერა გაუჭირდება. 

ძაბირაძეს მიაჩნია, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება სხვადასხვა პრობლემებით იმდენად დატვირთულია, ქუჩაში გამოსვლისთვის არავის სცხელა. 

„ოპოზიცია ძალინ ფრთხილად უნდა იყოს. ახლა თუ შეცდომები დაუშვეს, ყველაფერი ჯერ ერთი, რომ მათ დაბრალდება და საბედისწერო შეცდომა თუ დაუშვეს, საერთოდ 2024-შიც კი ვეღარაფერს შეძლებენ. ჩვეულებრივად განულდებიან. გახსოვთ ალბათ ბათუმში ჩატარებული დიდი აქციის გამო მოსახლეობის მხრიდან როგორი კრიტიკა მიიღეს. ამიტომაც ისრების გადატანა, თუკი ფრთხილადა არ იმოქმედებენ, მათკენ ადვილი იქნება. 

„მშვიდობიან აქციებს წინ არაფერი უდგას, მაგრამ სიფხიზლე აუცილებელია, თორემ საბოლოო ჯამში ისევ ისინი იქნებიან ყველაფერში დამნაშავეები“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×