ელზა პაპოშვილი
20.10.2020

ყარაბაღში განვითარებული მოვლენებზე  რუსეთის მხრიდან ერთგვარი წაყრუების პოლიტიკა ბადებს ლოგიკურ კითხვას - მოხდა თუ არა გარიგება მოსკოვსა და ანკარას შორის და თუ მოხდა, რას მოიცავს იგი და რა ფორმით შეიძლება რეგიონში განვითარებული მოვლენები საქართველოს შეეხოს. 

ამგვარი გარიგების ეჭვს აძლიერებს ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით ოფიციალური მოსკოვი პრაქტიკულად არაფრით ეხმარება თავის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთს. 19 ოქტომბერს კი თურქეთმა  მოულოდნელად  სირიაში განთავსებული საკუთარი სამხედრო ბაზების ნაწილის გაყვანის პროცესი დაიწყო. მათ გაყვანას რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა და ანკარა არაფრის დიდებით არ თანხმდებოდა, თუმცა ახლა ყარაბარის ომის პარალელურად ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ცვლილებები ფრონტის ხაზზე

აზერბაიჯანული წაყროების ცნობით, 20 ოქტიმბერს აზერბაიჯანულმა არმიამ განაგრძო სწრაფი სვლა დასავლეთით და ადვილად დაიკავა დიდი ტერიტორიები, მათ შორის რიგით მეოთხე რაიონული ცენტრი ზენგილანი და 30-მდე სოფელიფიზულის, ჯაბრაილისა და ხოჯავენდის რაიონებში.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრუნ ოვანისიანმა სამშაბათს განაცხადა, რომ „უკან დახევა დამარცხებას არ ნიშნავს“. 

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტაქტიკურ დონეზე აზერბაიჯანული ნაწილები სავარაუდოდ განავითარებენ შეტევებს სამხრეთით და დასავლეთით და შეეცდებიან გავიდნენ აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე.

რაც შეეხება სტრატეგიულ დონეს, ახლა სამხრეთის ფრონტი შეტრიალდება ჩრდილოეთისკენ და იქ შეუტევენ სომხურ ნაწილებს (ლაჩინის კორიდორი, შუშა-სტეპანაკერტი), თუ რუსეთი არ ჩაერია და აზერბაიჯანის აქტიურობა არ შეაჩერა. 

რუსეთ-თურქეთის შესაძლო გარიგების ნიშნები 

ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტი ზურაბ ბატიაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გაჩნდა გარკვეული ეჭვები რუსეთ-თურქეთის შესაძლო შეთანხმების შესახებ. ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა გარკვეულწილად ყარაბაღი სირიის სანაცვლოდ დათმო. ასეთ ეჭვს კი 19 ოქტომბერს სირიიდან თურქული ბაზების ნაწილის მოულოდნელი გაყვანა აჩენს.

თუმცა, ბატიაშვილის აზრით, რუსთი სომხეთთან თამაშს აგრძელებს და მოსკოვის გარკვეული ჩართულობა  მაინც იგრძნობა თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სომხურმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა დაიწყეს თურქული წარმოების საბრძოლო დრონების („ბაირაქთარების“) ჩამოგდება.

ბატიაშვილი ვარაუდობს, რომ კონფლიქტის შემდეგ ეტაპზე სომხების მოკავშირე იქნება როგორც გეოგრაფია - ტყიანი მთები, სადაც ადვილია პოზიციების გამაგრებაც და შეუმჩნევლად ყოფნაც, ისე კლიმატური პირობები, რადგანაც უკვე აცივდება და ნისლიანი ამინდები ხელს შეუშლის საბრძოლო დრონების აქტიურობას.

მისივე აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, თუ აქამდე ბრძოლები ძირითადად მიმდინარეობდა ეთნიკური აზერბაიჯანელების ნასოფლარებზე, ახლა ბრძოლის ცენტრი გადაინაცვლებს უშუალოდ მთიანი ყარაბაღის სომხებით დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც ამ უკანასკნელთა საბრძოლო მოტივაცია უფრო მაღალი იქნება.

„მთავარი კი მაინც მგონია, რომ იქნება რუსეთის პოზიცია - ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ სად გადის მოსკოვის წითელი ხაზები ყარაბაღის კონფლიქტში. ფაქტი ერთია, რომ ის რაღაც ფორმით ჩართულია, მაგრამ ბოლომდე ბრძოლაში არ შედის. 

„რეგიონში ბალანსი აზერბაიჯანის სასარგებლოდ მკვეთრადაა შეცვლილი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ომის მოგებას არ ნიშნავს და ამაზე საუბარი ნაადრევია. აზერბაიჯანის უპირატესობა თვალში საცემია, როგორც რაოდენობრივი ასევე ტექნიკური მონაცემებით. 

„რაც შეეხება რუსეთის როლს ამ კონფლიქტში, მას აქვს არჩეული გარკვეული ტაქტიკა, რომელიც ძალიან ნაცნობია და გულისხმობს იმას, რომ ვითომ მეზობლების საქმეში არ ერევა. 

„ასევე გაჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის გარკვეული შეთანხმება მოხდა. შესაძლოა ეს იყოს სირიიდან თურქული ბაზების გასვლა ყარაბაღის სანაცვლოდ. ეს ეჭვები კი 19 ოქტომბერს კიდევ უფრო გაღრმავდა, როცა ანკარამ სირიიდან ბაზების ნაწილის გაყვანა დაიწყო. მიუხედავად რუსეთის არაერთი დაჟინებული მოთხოვნისა, ის აქამდე ამ ნაბჯს არ დგამდა“, - ამბობს ბატიაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, რუსეთი ასევე  ორივე ქვეყნის - სომხეთის და აზერბაიჯანის დასუსტებას ცდილობს. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს, ომი ორივე ქვეყანას ასუსტებს. ამიტომაც კრემლის მიზანია, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდოს. მეორე მხრივ კი ამით სომხეთის პრეზიდენტის ფაშინიანის დასჯას ცდილობს, რომელმაც სომხეთის საგარეო ორიენტაციის შესახებ კითხვის ნიშნები გააჩინა.

„როგორც ჩანს, რუსეთმა სომხეთი დათმობებზე ვერ დაითანხმა...“

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“  ამბობს, რომ ბოლო დღეების მიხედვით, აზერბაიჯანს ყარაბაღის ომში წარმატებები აქვს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ  დღეების  განმავლობაში სომხებიც არანაკლებ წინააღმდეგობას უწევდნენ. 

მისივე აზრით, ამ ომში ის გაიმარჯვებს, ვისაც მეტი რესურსი და უკეთესი სამხედრო შესაძლებლობები ექნება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანმა ბოლო დროს იარაღის შესყიდვაში საკმაოდ დიდი ფული გადაიხადა და საუკეთესო შეიარაღება აქვს. მართალია, აზერბაიჯანს ეს ომი ძვირად უჯდება, მაგრამ ალიევი თავის დაპირებას ასრულებს. ასევე მის ზურგს უკან, როგორც დიპლომატიურად ასევე პოლიტიკურად თურქეთი უდგას. ეს კი მას კიდევ უფრო აძლიერებს. 

„10 ოქტომბერს აზერბაიჯანმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა - ან სომხეთს სულ ცოტა ხუთი რაიონიდან ჯარები გაჰყავს და აზერბაიჯანი მზად არის ცეცხლი შეწყვიტოს, ან კიდევ შვიდივე რაიონს  მისი სამხედროები აიღებენ. როგორც ჩანს, სომხეთი რუსეთმა ვერ დაითანხმა. ახლა მთავარი პრობლემა ისაა, კრემლი როდის მოახერხებს, რომ ისინი ამ დათმობაზე წამოიყვანოს, თუ არა და, როგორც აზერბაიჯანი აპირებს, ის იარაღის საშუალებით დაათმობინებს. როგორც ჩანს სომხეთში ამ საკითხზე კონსენსუსი არ არის და პაშინიანი ჯერჯერობით ამ ნაბიჯს არ დგამს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.  

მისივე თქმით, აზერბაიჯანის გამარჯვებით რეგიონში ახალი რელობა შეიქმნება და რუსეთის სამხრეთ კავკასიაში გარკვეულწილად დასუსტდება. ეს კი საქართველოსთვის საკმაოდ ხელსაყრელი მომენტი იქნება და ჩვენმა დიპლომატიამ თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც აქტიურად  უნდა იმუშავოს. 

„საქართველოსთვის რეგიონში თურქეთის შემოსვლა ახალ რელობას ქმნის. სამხრეთ კავკასიაში თურქეთის სახით ნატო შემოდის. თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები არიან, ჩვენთან ნავთობი და გაზსადენები გადის. ამიტომაც ჩვენმა დიპლომატებმა ახლა ეს მომენტი უნდა გამოიყენონ და ნატოში გაწევრიანებისთვის კიდევ უფრო გააქტიურდნენ. საქართველომ აზერბაიჯანსაც უნდა ელეპარაკოს, რომ მოდი ნატოში წავიდეთ და თურქეთი ამისთვის დავიხმაროთ. 

„ახლა მნიშვნელოვანია სომხეთი აზერბაიჯანმა და თურქეთმა  არ დაჩაგროს. უნდა აგრძნობინონ, რომ ეს მარცხი კატასტროფა არაა და აქედან რაღაცა ახალი წერტილი შეიძლება დაიწყოს. ევროპამ ახლა სომხეთს ხელი უნდა შეუწყოს. თუ სომხეთი მიხვდება, რომ რუსეთი მისი მოკავშირე არ არის, კავკასიაში ახალი რეალობა იქმნება. ეს სამი პატარა ქვეყანა - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო - შეიძლება დასავლეთისკენ წავიდეს და რუსეთის პოზიციები კავკასიაში სრულიად შესუსტდება“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
mzirali   (20.10.2020)
გამოდის ნურც მოფრინდები ნურც გაფრინების ამბავია


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×