ქრისტინე კაპანაძე
20.09.2020

საქართველოში აქტიური საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. პოლიტიკოსები თავიანთ ამომრჩევლებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართვენ. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ხუხაშვილის პროგნოზით, წინასაარჩევნო პერიოდი აჟიოტაჟისა და მძიმე დაპირისპირებების გარეშე ჩაიშვლის.

„მე ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ძალიან მდორედ მიმდინარეობს, ჩვენ ვუყურებთ მცდელობებს „ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის", ვიდრე რეალური ესკალაციაა. ნამდვილად არ არის რევოლუციური ვითარება და განგაშის საფუძველი, ცხოვრება მშვენიერია" - ამბობს ის „რეზონანსთან" საუბრისას.

ჩვენთან საუბრისას, პოლიტოლოგმა, „ნაციონალური მოძრაობის", სამგორის საარჩევნო შტაბის დარბევის ფაქტზეც ისაუბრა და თქვა, რომ ასეთი ამბები გასაკვირის არ არის.

„მსგავსი შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდება, ამას ერთი და იგივე ხალხი აკეთებს. იცით ვინ დაარბია "ნაციონალური მოძრაობის ოფისები"?! იგივე ხალხმა, ვინც თავის დროზე ნაციონალების სახელით "ქართული ოცნების" ოფისებს არბევდა. ეს ერთი და იგივე კრიმინალია, რომელიც ხელისუფლებას ასეთი ველური მეთოდებით ეპრანჭება" - ამბობს ხუხაშვილი.

მისი აზრით, მთავარია, კრიმინალურმა შემთხვევებმა სისტემატური ხასიათი არ მიიღოს.

„მსგავს ქმედებებს არ უნდა მიეცეს მუდმივი სახე, თორემ ერთ და ორ შემთხვევებს, ჩვენი საზოგადოება როგორმე აიტანს" - ამბობს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ძლიერი და სუსტი მხარეებიც შეაფასა. ის ხელისუფლების მთავარ გამოწვევად, ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებს ასახელებს.

„ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, რათა მათი მოგვარება შეძლოს. პრობლემები კი ქვეყანაში ძალიან ბევრია.

"პანდემიის მართვის თვალსაზრისით, ხელისუფლებას ძალიან გაუფუჭდა სტატისტიკა, ლარის კურსი გარბის, ცხოვრება ძვირდება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, უკვე დასაქმებული ხალხი სამსახურს კარგავს. შესაბამისად ეს იწვევს მაღალი სოციალური რისკებისა და ეკონომიკური პრობლემების გამძაფრებას.

"მართალია პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების შემსუბუქებით ხელისუფლება განსაკუთრებულად იწონებდა თავს, მაგრამ ახლა მთლად წელში გამოყვანილად ვერ გამოიყურებიან" - ამბობს ხუხაშვილი და ამატებს, რომ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების პრობლემა, რომელიც უნდა გამოასწოროს.

გია ხუხაშვილი ოპოზიციური პარტიების გამოწვევებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ მათ მეტი მიზანმიმართულობა და დაფიქრება მართებთ.

„ოპოზიცია ვერ არწმუნებს საზოგადოებას თავის სიმართლეში, რომ ყველა ამ პრობლემის მოგვარება უკედ შეუძლია, ვიდრე მოქმედ ხელისუფლებას. ერთი სიტყვით „მკვდარი მკვდარს აეკიდაო რა", ეგეთი საარჩევნო კამპანია გვაქვს - ამბობს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×