მარიამ ნებულიშვილი
04.09.2020

„ასე ვთქვათ, რუსეთს აქვს ჩარევის ორი მეთოდი, პოლიტიკურ ძალებში საკუთარი „მეხუთე კოლონის" ჩართვა და ფინანსური მხარდაჭერა",- ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებსას, სადაც ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე საუბრობს.

ჰარცელის თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის მნიშვნელოვანი საზომი იქნება, რის გამოც მას ევროკავშირი და სხვა პარტნიორი ქვეყნებიც განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან.

„დარწმუნებული ვარ, რუსეთი ამ არჩევნებს თვალყურს ძალიან აქტიურად მიადევნებს. ექნება თუ არა რაიმე გეგმა, რომ პროცესზე გავლენა იქონიოს და რა გზებით შეეცდება ამის გაკეთებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

„შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები არის პოლიტიკური გარემოსა და დემოკრატიულობის ტემპერატურის აღქმა და რა თქმა უნდა, არჩევნები ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საზომი იქნება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი და სხვა პარტნიორები ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან ამ არჩევნებს. ჩვენ ვიცით, რისი ნახვაც გვინდა - ეს არის თავისუფალი და სამართლიანი, ნათელი და პოზიტიური კონკრეტული თემატური დღის წესრიგის მქონე საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე. ვფიქრობ, რომ თამაშის ახალ წესებს, რომელმაც სათავე 8 მარტის შეთანხმებიდან აიღო, აქვს ყველანირი პოტენციალი, რომ შეასრულოს პოზიტიური როლი პრობლემის მოგვარებაში, რასაც თუნდაც წარსულში ვხედავდით. ეს ასევე ნიშნავს, რომ ყველა უნდა ჩაეჭიდოს ამ შესაძლებლობას," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საქართველოდან რუსეთი არასდროს წასულა და ღიად თუ ფარულად ყოველთვის მონაწილეობდა ხელისუფლების ცვლილების პროცესში.

„რუსეთი რომ ერევა საქართველოს პოლიტიკაში, ცნობილია. საქართველოდან რუსეთი არც არასდროს წასულა, ყველა ხელისუფლების პირობებში რუსეთი საქართველოში რჩებოდა. ზოგან უფრო ძლიერად იყო გამოხატული მისი ყოფნა საქართველოში, ზოგან - ნაკლებად. ყველა ცვლილება, რომელიც საქართველოში განხორციელდა, ხელისუფლების ცვლილებას ვგულისხმობ, ყველგან იკითხებოდა რუსეთის ფაქტორი. მშვენივრად გვახსოვს შევარდნაძის ცვლილების დროს, როცა გადადგა 2003-ში, ივანოვი იყო ჩამოსული. 1992-ში ისედაც ნათელი იყო რუსეთის გავლენა. 2012-ში არავინ ჩამოსულა, მაგრამ აქაც იგრძნობოდა რუსული ფაქტორი და იგრძნობა დღესაც, რა თქმა უნდა. ჩვენ გარკვეულწილად შეჩვეულიც კი ვართ რომ რუსეთის ფაქტორი საქართელოს ხელისუფლებაში აღწევს", - ამბობს ძაბირაძე.

მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებში რუსეთი ორი მეთოდით ჩაერთვება პირველი - ესაა ფინანსური რესურსის მობილიზება, ხოლო მეორე საკუთარი „მეხუთე კოლონის" გაააქტიურება, რაც ნიშნავს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ

„რაც შეეხება ფორმას, გააჩნია არსებულ ვითარებას. როდესაც კრიზისული სიტუაციაა, როგორიც მაგალითად 2003-ში იყო, რუსეთი უფრო ფართოდ გამოდის ხოლმე ასპარეზზე. როცა არა - ფარულად ერევა.

„ასე ვთქვათ, რუსეთს აქვს ჩარევის ორი მეთოდი, პოლიტიკურ ძალებში საკუთარი „მეხუთე კოლონის" ჩართვა და ფინანსური მხარდაჭერა. ასევე მისი გავლენის ქვეშ არსებული „მეხუთე კოლონის" მობილიზება არჩევნებში.

„სხვა ფაქტორები ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არ ასებობს. ფინანსებიც, მაგრამ არა ასე ღიად და პირდაპირ. ზოგან ღიად ხდება შეფუთვა და გადაფარვა დანარჩენი, უფრო ძლიერი კლანის, ზოგან უფრო ნაკლებად. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ხერხები ხელისუფლებაზე ზეგავლენის. საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ეს ფორმებია რითაც რუსეთი მუშაობს და ერევა, საკუთარი ჯგუფების შექმნა და შემდგომ მათთვის ინსტრუქციების მიცემა, თუ რა და როგორ უნდა მოხდეს. სამხედრო ძალით არ ერევა არჩევნებში, „მეხუთე კოლონა" და ფინანსები აქტიურად მუშაობს", - თქვა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×