თამთა ჩაჩანიძე
02.09.2020

ოკუპირებულ ცხინვალში ხალხის პროტესტი, რომელიც ცხინვალის მილიციის იზოლატორში 28 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა, ისევ გრძელდება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, აღნიშნულს მორიგი პროტესტის სახე არა აქვს და ამას დიდი ალბათობით დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც გადაყვება.

მომხდარის გამო დე ფაქტო პრეზიდენტი იძულებული გახდა, რომ ე.წ. მთავრობა დაეთხოვა. პროტესტის მონაწილეები კი პირველ რიგში დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენებას მოითხოვენ.

თავად ჯაგაევი კი აცხადებს, რომ თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს თუ პროტესტის მონაწილე „დეპუტატები" მანდატს დატოვებენ და სასამართლოში წარსდგებიან.

„პარლამენტარები, რომელთა მიმართაც არსებობს სს დევნის ყველა საფუძველი და პოლიტიკოსები, რომლებიც დაინტერესებულები არიან კონკრეტული საქმეებით, ინალ ჯაბიევის ტრაგიკულ სიკვდილს თავიანთი პირადი ინტერესებისთვის იყენებენ. ისინი ზეწოლას ახდენენ სამართალდამცავ ორგანოებზე იმისთვის, რათა მათი კანონიერი საქმიანობის პარალიზება მოახდინონ და ამ გზით თავი აარიდონ სს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულებების გამო. იმედოვნებენ, რომ გენ პროკურორის გადადგომის შემდეგ მათი საქმეების წარმოება შეწყდება." - განაცხადა ჯაგაევმა.

თავად ბიბილოვი რუსულ გამოცემა „ვზგლიადთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ჯაბიევის გარდაცვალებამ ცხინვალში კრიზისი გამოიწვია, თუმცა ამბობს, რომ იმის თქმა თუ მოვლენებს „მაიდანი" უწოდო მიუღებელია.

ბიბილოვმა ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და ფაქტს საშინელი ტრაგედია უწოდა, ამბობს, რომ მომხდარის გამო ე.წ. შსს-ს წარმომადგენლები უკვე დააკავეს, თუმცა ამავე დროს მიიჩნევს, რომ დე ფაქტო სამინისტრომ კრიმინალის შემცირებასა და კონტრაბანდის აღკვეთაზე ბოლო 15 წლის განმავლობაში ეფექტურად და პროფესიონალურად იმუშავა.

როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, მომხდარის გამო ოკუპირებულ ცხინვალში ამ დრომდე სერიოზული პროტესტი მიმდინარეობს, რომელსაც მისივე აზრით, ანატოლი ბიბილოვიც „გადაყვება"

„ძალიან რთული ვითარებაა. მგონია, რომ ეს არა მორიგი არამედ სერიოზული მიტინგი პროტესტია, რომელსაც ვფიქრობ, რომ ბიბილოვი ვეღარ გაუძლებს, ამას აშკარად გადაყვება, ეს პროტესტი დიდი ხანია მიდის.

„აქ საუბარი მხოლოდ ამ ბიჭის დაღუპვის გამო არაა, აქ პოლიტიკური კონტექსტია, ეს ბიჭი იმ საქმის გამო დაიღუპა, რომელიც ბიბილოვის ერთ-ერთი კონკურეტნტის გაგლოევის წინააღმდეგ იყო აღძრული, ამიტომ ეს გვარი ყველამ დავიმახსოვროთ, რადგან შესაძლოა ეს მომავალი დე ფაქტო პრეზიდენტი გახდეს, ვნახოთ.

„მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი ახლა ტემპერატურას არ დააგდებს, გარეთ გამოსულები ძირითადად მისი მომხრეები არიან და აშკარად ჩანს, რომ ამ კაცის უკან ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი კოკოითიცაა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტობის უფლება და საცხოვრებელი ცენზი არ აქვს,მაგრამ შესაძლოა მას და მის გუნდს რაღაც იმედები ჰქონდეს.

„ტემპერატურა ძალიან მაღლაა აწეული, საზოგადოება მზად არაა, რომ ბიბილოვს რამე დაუთმოს, აქედან გამომდინარე კი მგონია, რომ ბიბილოვი ამ საქმეს როგორც ჩანს გადაყვება.

„მოსკოვი აფხაზეთშიც ერევა, თუმცა აქ უფრო მეტად და თუ მოსკოვმა შეატყო და უკვე აშკარად ჩანს, რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, მას კი იქ სიმშვიდე და სიწყნარე სჭირდება, ამიტომ მგონია, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიბილოვი გაისტუმროს, რათა მან წყნარი და მდგრადი პირობები შექმნას, იმიტომ, რომ რუსეთს ცხინვალში არეულობა ნამდვილად არ აწყობს.

„გაგლოევს (მომავალი დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის) საკმარისად მაღალი შანსები აქვს, იგი ერთ ერთი ფრაქციის ხელმძღვანელია, მას ე.წ. პარლამენტრში სერიოზული ფრაქცია ჰყავს და მგონია, რომ მას შანსები ძალიან მაღალი აქვს, ანდა შესაძლოა კოკოითის რომელიმე წარმომადგენელი გახდეს, შესაძლოა კოკოითი-გაგლოევის ტანდემიდან რაღაც ახალი დე ფაქტო ძალა წამოიზარდოს,

„ხალხი სულ გარეთაა, თუმცა საღამოობით, როცა სიცხე გადაივლის უფრო მეტნი იკრიბებიან ხოლმე, ისინი ძალიან მონდომებულები არიან, აღსანიშნავია რომ 4 სექტემბერს ბიბილოვის მომხრეების დიდი მიტინგია დაანონსებული, ამასაც უნდა მიაქციონ ჟურნალკისტებმა ყურადღება, რადგან შესაძლოა ან ადგილზე დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყოს, ან კიდევ გამოჩნდება ის თუ ვის რამდენი მომხრე ჰყავს, ეს იქნება ბევრ რამეში გარკვეულწილად გადამწყვეტი დღე."- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინალ ჯაბიევი 28 ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, იგი 17 აგვისტოს განხორციელებულ დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე შეიარაღებულ თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი.გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მილიციელების მხრიდან წამებას ასახელებენ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ გამოძიების ფარგლებში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელს უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა.

მომხდართან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის თანამდებობიდან გადაყენების განკარგულებას მაშინვე მოაწერა ხელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ბიბილოვმა აქციაზე შეკრებილებს პირადად განუცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×