ელზა პაპოშვილი
01.09.2020

203 დაღუპული სიცოცხლე  და 3000-მდე დაშავებული ავატოსაგზაო შემთხვევების შედეგად - ეს მხოლოდ ამ წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელია და ამაში არ შედის 23 აგვისტოს შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედია, როდესაც ტურისტული მიკროვატობუსის გადავადნას 17 ადამიანი ემსხვერპლა. 2020 წლის 1 იანვრიდან 1 ივნისამდე საქართველოში სულ 2270 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ამ სტატისტიკის კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი ისაა, რომ ამავე პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევებს 50 ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა, 579  კი დაშავდა. 

ავტოავარიების შემთხვევების რეკორდულ ნიშნულსა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემებზე „რეზონანსთან“ ექსპერტები საუბრობენ. მათი თქმით, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ძალიან მაღალია, რის გამოც მათი ნაწილი პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო შსს-მ გზებზე კონტროლი გაამკაცრა. ამ მიზნით 2019 წელის გზებზე 5 ათასამდე ვიდეოკამერა  დამონტაჟდ, რომელთაგან 2 100 ათასი ე.წ. ჭკვიანი კამერაა. რადარები გზებზე ჯამში დაახლოებით 700 კილომეტრს ფარავს.

გარდა ამისა, შსს გეგმავს საავტომობილო ნომრების ამოცნობის ინოვაციური მობილური სისტემის დანერგვასაც, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შესაძლებლობას მისცემს ადგილზევე გამოავლინონ სხვადასხვა კატეგორიის რისკის მძღოლები და შეამოწმონ ისინი.

საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა - მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებზე არ ვრცელდება.

„პასუხისმგებლობა თითოეულ იმ ადამიანზე, რომელიც დღეს საავტომობილო გზებზე იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ეკისრება მთლიანად ხელისუფლებას“, - ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბარში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ  განაცხადა. 

მისი თქმით, ამ კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები არაეფექტური აღმოჩნდა და შესაბამისად, სავალალო სტატისტიკა მივიღეთ. 

ურუშაძე ამბობს, რომ  არაერთი ღონისძიება გვახსოვს, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა. ასევე  ტექინსპექტირების რეფორმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია შსს-ს მხრიდან, რომელიც გულისხმობდა დამატებით ვიდეოკამერების განთავსებას საავტომობილო გზებზე, გვახსოვს ქულთა სისტემა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვის გადაწყვეტილება, თუმცა, სამწუხაროდ, შედეგი არ გვაქვს. 

„კვლავ იზრდება სტატისტიკა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანის გარდაცვალების ფაქტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს არასწორი პრიორიტეტები და ის, რაც ხდება დღეს საავტომობილო გზებზე, არის აღმასრულებელი ხელისუფლების გულგრილი და ზედაპირული დამოკიდებულება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი, რომელიც უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას. 

„ჩვენ არ ვიცით რა იწვევს ამ შემთხვევებს იმიტომ, რომ შსს და მთლიანად ხელისუფლება უბრალოდ ახდენს აღწერას ავტოსაგზაო შემთხვევების და ითვლის გარდაცვლილების და დაშავებულების რაოდენობას. ბრალეულობა გამოდის მხოლოდ მძღოლთან მიმართებით და არ ხდება შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა. თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევა უნდა იყოს მაგალითი, რომ მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდეს. 

„ავტოსაგზაო შემთხვევა შეიძლება იყოს პროვოცირებული სხვადასხვა გამომწვევი ფაქტორებით: ინფრასტრუქტურის გაუმართავობა, ავტომობილების ტექნიკური გაუმართავობა, კლიმატური პირობები, ადამიანური ფაქტორები, მონიტორინგი, აღსრულება და სხვა უამრავი რამ“, - ამბობს ურუშაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

მიისვე თქმით, უნდა იყოს გატარებული ისეთი ღონისძიებები, რომელიც კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ უნდა შეიცვალოს ამ პრობლემებისადმი აღმასრულებელი ხელილსუფლების დამოკიდებულება. 

ასევე საპატრულო პოლიციამ დაიწყოს თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევის საფუძვლიანი გამოკვლევა და ყველა მაპროვოცირებელი მიზეზის დადგენა. ურუშაძის აზრით, ერთი წლის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაბამისი სურათი და საფუძველი იმისა, რომ დავინახოთ ავტოსაგზაო შემთხვევების რეალური მიზეზები და კონკრეტული ღონისძიებები გავატაროთ.

„საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი კი მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად შსს-მ სამი მიმართულებით უნდა იმუშაოს. პირველი პრობლემა, რომელიც სწრაფად არის მოსაგვარებელი, სიჩქარის მონიტორინგია. მესხიშვილის თქმით, მართალია, შსს ამას ეტაპობრივად აკეთებს, მაგრამ სასურველი იქნებოდა უფრო მაღალი ტემპი. 

„იქ, სადაც ხდება სიჩქარის მონიტორინგი, გარკვეული შედეგები არის და ამიტომ საჭიროა მთელი ქვეყნის მოცვა სექციური რადარებით და ე.წ. ჭკვიანი კამერებით. 

„მეორე პრობლემური საკითხი ე.წ. შავი წერტილებია. ეს ის ადგილებია, სადაც ერთსა და იმავე კონკრეტულ მონაკვეთში ხდება ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა.

„თუ ერთი თვის განმავლობაში ერთსა და იმავე მონაკვეთზე 5-6 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება, იქ არ შეიძლება მხოლოდ მძღოლის ბრალეულობა ვეძებოთ. აღიარებულია, რომ როცა ჩნდება „შავი წერტილი“, იქ არის რაღაც ინფრასტრუქტურული პრობლემაც. ეს შეძლება იყოს გზის საფარი, სახიფათო მოსახვევი, გარე განათების პრობლემა, გამწვანების პრობლემაც კი, მაგალითად, შეიძლება მცენარეები ეფარებოდეს საგზაო ნიშნებს და ა.შ.“ - აღნიშნა დავით მესხიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისი ვარაუდით, ე.წ. შავი წერტილების აღმოფხვრის შემთხვევაში დაახლოებით 20-30 პროცენტით დაიკლებს ავტოსაგზაო შემთხვევების და, შესაბამისად, დაზარალებულების რაოდენობაც.

მესამე და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, დავით მესხიშვილის აზრით, ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობაა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ავტოსაგზაო შემთხვევებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა ასევე არის მათი ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა, სამწუხაროდ, ამაზე არაფერს გვეუბნება, რადგან ვერ ხდება იმის აღრიცხვა, ავარიების რამდენი პროცენტი მოდის ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე“, - აღნიშნა დავით მესხიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (01.09.2020)
საქმეც ის არის რომ კამერა მთვრალ ან მაღალი სისწრაფით მძღოლს ვერ გააჩერებს. ეს უნდა გააკეთოს პატრულმა რომელიც გზის მონაკვეთებზე დგას და სიჩქარის საზომებით. განთებული შუქებით ტრასაზე სიარული საკმარისი არ არის. მძღოლებს უნდა აჩერებდნენ სიჩქარის გადაჭარბებისთვის, სიმთვრალისთვის და ნარკოტიკების მოხმარების გამო უნდა აპატიმრებდნენ კიდეც.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×