მარიამ ნებულიშვილი
26.08.2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ, 25 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება ძალაში დატოვა. როგორც რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი და ადვიკატი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, გადაწყვეტილებას ასე არ დატოვებენ და აუცილებლად მიმართავენ შესაბამის ზომებს.

ადვოკატ მარიამ ჩიქოვანის თქმით, სხდომა აშკარად მიკერძოებულად მიმდინარეობდა, რაც სკოლის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ უმძაფრებს ეჭვს, რომ დაწესებულებაზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება.

„სამწუხაროდ გადაწყვეტილება იყო უსამართლო და არაობიექტური, განმეორდა იგივე სცენარი, რაც იყო ავტორიზაციის საბჭოზე. აბსოლუტურად არ იქნა გათვალისიწინებული და შეფასებული სკოლის პოზიცია და სამართლებრივი არგუმენტაცია. ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო ადმინისტრაციული სამართლის ფაქტობრივად ყველა პრინციპის დარღვევით მიღებული ძალაში დატოვა სააპელაციო საბჭომ.

„იყო ძალიან მიკერძოებული, თვითონ სხდომის მიმდინარეობასაც ეტყობოდა, რომ სააპელაციო საბჭო წინასწარ განწყობილი იყო საავტორიზაციო საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისკენ. სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს ის ფაქტო, რომ ეს სკოლა უკვე ათწლეულებია ფუნქციონირებს, არის ძალიან ძლიერი საგანმანათლებლო და მატერიალური რესურსის მქონე სკოლა, აქ სწავლობს 70% ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ანუ აზერბაიჯანელი ბავშვები, რომლებიც არა მხოლოდ ქართულ ენას ეუფლებიან, არამედ ქართულ ენაზე სწავლობენ ჩვეულებრივად. რატომღაც ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთ წარმომადგენელს ეს გარემოება ღიმილის მომგვრელად მოეჩვენა.

„სააპელაციო საბჭოს რვა წევრიდან არცერთს არ გამოუხატავს განსხვავებული აზრი, რაც ჩვენ გვიყარებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, სკოლას ძალიან ცოტა დრო რჩება, ფაქტობრივად სასწავლო წელი იწყება უკვე და ჰაერში არიან დატოვებული მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, რომლებმაც არ იციან როგორ გააგრძელონ მოქმედება.

„არის რაღაც კამპანია, რომელიც სახელმწიფოსა და სახელმწიფოში უმაღლესი გადაწყვეტილებების მიმღები პირების მიერ არის მართული და გადაწყვეტილი. იმიტომ, რომ უბრალოდ არაობიქტური გადაწყვეტილება, როდესაც არ გაქვს მცირედი საფუძველიც კი, რომ სკოლას შეუჩერო ავტორიზაცია დიდ ეჭვებს იწვევს", - ამბობს ჩიქოვანი.

მისი თქმით, სკოლის წარმომადგენლები მსჯელობენ მომავალ სამოქმედო გეგმაზე და შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ დავა სასამართლოშიც გაგრძელდეს, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლას საკმაოდ ძლიერი სამართლებრივი არგუმენტაცია გააჩნია.

„სკოლის წარმომადგენლებთან ერთად გადავწყვეტთ სამომავლო ნაბიჯებს, ალბათ სასამართლოს მივმართვთ. შეიძლება შეჩერებაც მოვითხოვოთ იმ აქტის, რომლის მიხედვითაც სკოლას შეუჩერდა უფლება-მოსილება.

„საწმუხაროდ სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და არ გვაქვს დიდი იმედი იმის, რომ ამ სისტემაში და ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურების ასეთი მიდგომის პირობებში რაიმე შესაძლოა შეიცვალოს. თუმცა, სკოლის წარმომადგენლებთან გვაქვს შეხვედრა და გადავწყვეტთ სამომავლო ნაბიჯებს, დავას გავაგრძელებთ, ალბათ მივმართავთ სასამართლოსაც. იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი სამართლებრივი პოზიცია გვაქვს და ოდნავი სამართლიანობისა, თუ ობიექტურობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და სკოლას აღუდგეს საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება", - ამბობს მარიამ ჩიქოვანი „რეზონანსთან".

როგორც რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ნანა ყანჩაველი აცხადებს, სკოლა ამზადებს წერილს, რომლითაც საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართავს.

„გადაწყვეტილება იყო კვლავ ცალსახა, ძალიან გულგრილად განხილული და მიღებული, რასაც იმ თავითვე კატეგორიულად გავემიჯნეთ და ვეწინააღმდეგეებით. შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა ხანში განვაცხადებთ საჯაროდ, ამჟამად გავდივართ კონსულტაციებს, მივმართავთ ორგანიზაციებს წერილით და სამომავლო გზაბს დავსახავთ, თუ რა იქნება შემდეგი ინსტანცია, სადაც ჩვენ ჩვენი სიმართლის დასატკიცებლად ვიბრძოლებთ. აუცილებლად მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს", - აცხადებს ნანა ყანჩაველი „რეზონანსთან".

ავტორიზაცია რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს 15 მაისს ავტორიზაციის საბჭომ შეუწყვიტა, რის შემდეგაც სკოლამ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩაღლარის დაწესებულებათა ქსელს საქართველოში მსგავსი პრობლემები შეექმნა.

2017 წლის თებერვალში ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ ქსელში შემავალი კიდევ ერთი, ბათუმის რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი დაიხურა, ამავე წლის აგვისტოში ავტორიზაცია გაუუქმდა თბილისში მოქმედ დემირელის კოლეჯსაც.

ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებს თურქი სასულიერო მოღვაწის, ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირებენ, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანის ბრალად 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას სდებს. ამის საფუზველზე თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან ასოცირებული ასობით საგანმანათლებლო დაწესებულება დახურა.

გარდა ამისა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც ასევე ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგიონალურ ქსელს წარმოადგენს, 2018 წელს სტუდენთა მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა, უნივერსიტეტი აცხადებდა, რომ გადაწვეტილება უსამართლო იყო, რადგან უნივერსიტეტის დაწესებულებას 2018 წლის 20 აგვისტოს ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიენიჭა, თუმცა ამავე დროს, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა.

უნივერსიტეტთან დაკავშირებული მოვლენები საზოგადოებაში დიდ ეჭვს ბადებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებულია, 2016 წლის 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმისა და სხვა სკოლების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო, აპირებს მიმართოს საქართველოს მთავრობას ამ სკოლების დახურვის მიზნით.

მაშინდელი განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, შაჰინის სკოლის საკითხი პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას უმაღლეს დონეზე განიხილებოდა, თუმცა 2016 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის", „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა" და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მიერ დაფუძნებული სასწავლებლების ხელმძღვანელები დაიბარეს, ამის პარალელურად კი აღნიშნულ დაწესებულებებში საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობდა.

2017 წლის 8 თებერვალს შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით: ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის", „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის", "ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების, ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის" და ასევე, სასწავლებლების დამფუძნებლების, იუსუფ ალთაშის, იაშარ შიმშექისა და ჯიჰან აქინის ქონებებს ყადაღა დაედო.

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ქართველმა სამართალდამცავებმა 2017 წლის მაისში თბილისში დააკავეს. ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებოდა, მის გადაცემას საქართველოსგან თურქეთის ხელისუფლება ითხოვდა, მენეჯერმა ბრალი არ აღიარა და 9-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ, 19 თებერვალს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×