მარიამ ნებულიშვილი
04.08.2020

საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვით ადრე, საქართველოს მიმართულებით მოდის გზავნილები დასავლეთის მხრიდან. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დიდი დაკვირვების ქვეშ ჩაივლის. „დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია რა ხდება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რამდენადაა სამართლიანობა და თანასწორობა დაცული", - ამბობს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარე პროცესებიც დასავლეთის დაკვირვების შედეგია.

„იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც ახლა დასავლეთის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კეთდება, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩარეულნი არიან საარჩევნო პროცესში. უფრო მეტი დაკვირვება იქნება საარჩევნო პერიოდზე და კამპანიებზე, ვიდრე არჩევნების დღეზე. დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია რა ხდება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რამდენადაა სამართლიანობა და თანასწორობა დაცული", - თქვა თორნიკე შარაშენიძემ.

რაც შეეხება რუსეთ-ბელარუსს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ლუკაშენკოს დასავლეთთან პარტნიორობას, შარაშენიძის თქმით, ეს მხოლოდ ლუკაშენკოს თამაშია რუსეთთან.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შარშან, წლის ბოლოს, ადგილი ჰქონდა პუტინის მხრიდან სერიოზულ მცდელობას, რომ დაეყოლიებინა ლუკაშენკო რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებაზე, რაზეც ლუკაშენკომ უარი უთხრა.

"შემდეგ გაგრძელდა ზეწოლა პუტინის მხრიდან და ახლა, როგორც ჩანს, ლუკაშენკო აკეთებს კონტრსვლებს. ამით აჩვენებს პუტის, რომ თვითონაც შეუძლია რაღაც ავნოს და გაუფუჭოს რუსეთს. ამას უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი. არ შედგა რუსეთ- ბელარუსის გაერთიანება, რამაც ბუნებრივია გაანაწყენა პუტინი, რომელიც ცდილობს რაღაც ზომები მიიღოს ლუკაშენკოს წინააღმდეგ.

„ლუკაშენკო თამაშობს რუსეთსა და ევროპას შორის. ორივეზე საკმაოდ სერიოზულადაა ეკონომიკურად დამოკიდებული, ბოლომდე არცერთთან არ წყვეტს ურთიერთობას. მოკლედ რომ ვთქვათ „თამაშია" ლუკაშენკოსი რუსეთთან, ეუბნება, რომ ძალიან თუ „მომაწვები", აგერ მყავს ევროპაო", - თქვა მან.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, შარაშენიძემ თქვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დასრულებულია და რაიმე ტიპის ფართომასშტაბიან ომს არ უნდა ველოდოთ.

„სომხურ-აზერბაიჯანული მორიგი შეტაკება დასრულდა. ამ წვრთნებით კი თურქეთმა დაამტკიცა, რომ აზერბაიჯანის მოკავშირეა. სიმბოლური ჟესტი უფრო იყო, ბუნებრივია, პოლიტიკური დატვირთვით, მაგრამ სამხედრო მოქმედებები დასრულებულია უკვე და ამით თუქეთმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანს შემდეგი დაპირისპირების შემთხვევაში არ მიატოვებს.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი მსხვილმასშტაბიანი ომი, ამ ორ მხარეს შორის არ იქნება, იმიტომ, რომ ერთის უკან თურქეთია, მეორეს უკან რუსეთი და მსგავსი კონფლიქტი მათ ინტერესებში არ შედის", - ამბობს თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან".

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო და ანკარა აზერბაიჯანის ოთხ ლოკაციაზე ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, რომელიც 10 აგვისტომდე გასტანს. როგორც ორშაბათს რუსულმა მედიამ დაწერა, წვრთნებისას საკმაოდ სერიოზული ინციდენტი მოხდა.

ერთობლივი სამხედრო სწავლების ფარგლებში, ორი თურქული F-16 სომხეთის დედაქალაქ ერევანს 56 კმ ის მანძილზე, დიდი სიჩქარით მიუახლოვდა, შემდეგ კი მკვეთრი მანევრით უკან გატრიალდა. როგორც მედია იტყობინება, ამ გზით მათ სომხეთის დედაქალაქზე შეტევა შეეძლოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×