რეზონანსი
29.05.2020

 პანდემია დღეს ყველაზე სერიოზული გლობალური საფრთხეა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ  შეიცავს გაურკვევლობის მაღალ ხარისხს. ჩნდება უამრავი კითხვა იმის თაობაზე, როგორ შეიცვლება სამყარო და ქვემოთ რამდენიმე ამ კითხვაზე ჩემს მოსაზრებებს ჩამოვაყალიბებ.

პანდემიის შემდეგ გლობალური ცვლილებები გარდაუვალია და  ჩვენც, როგორც ამ სამყაროს ნაწილს,  ეს   შეგვეხება. კაცობრიობა უკვე განიცდის ძალიან მტკივნეულ ცვლილებებს. მეცნიერები სხვადასხვა სფეროდან ბევრს მსჯელობენ, რა იქნება პანდემიის შემდეგ.  ამ მოსაზრებებში არსებობს გარკვეული თანხმობა რამდენიმე  ცვლილების შესახებ. თითქმის ყველა მკვლევარი თანხმდება, რომ  მოხდება   ტრადიციული ინსტიტუტების რეაბილიტაცია - გარკვეული მნიშვნელობით სვლა უკან,  ეროვნული სახელმწიფოების გაძლიერება, რომელმაც უნდა აღადგინოს პანდემიით დანგრეული  ეკონომიკა. გაძლიერდება ზედამხედველობის პოტენციალი. კორონა მისცემს მძლავრ იმპულსს ციფრულ ტექნოლოგიებს, რომლებიც უფრო ღრმად შეაღწევენ ჯანდაცვის სისტემაში, სახელმწიფო მმართველობაში, უსაფრთხოების სფეროში, მოხდება შრომის ბაზრის მკვეთრი ტრანსფორმაცია. მოხდება სოციალური გარდაქმნები;  ბევრი რამ იქიდან, რაც აუცილებელი იყო კარანტინის გამო, მაგალითად, დისტანციური ტექნოლოგიები,  გაარგრძელებს არსებობას პოსტკორონას სამყაროში. შეიცვლება საზოგადოების  სტრუქტურა, დგება საშუალო კლასის ეპოქის დასასრული. შეიცვლება სოციალურ ურთიერთობათა  ხასიათი; შესაძლოა, აღმოვჩნდეთ სამყაროში, სადაც ტოტალური ინდივიდუალიზმი გამოირიცხება ახალი სოლიდარობით - რაც იქნება ინტროვერტული გლობალიზაციის ერზაცი. 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პოსტკორონას პერიოდში ჩვენ ვნახავთ მთელ მსოფლიოში ტერიტორიალური სახელმწიფოების  დაბრუნებას. ესაა ერი-სახელმწიფო. ამასთან ერთად, დამთავრდება ყოველგვარი საუბარი ტერიტორიალური მოწყობის გადახედვის  შესახებ. სახელმწიფოს გაძლიერების თანხმლები იქნება ახალი პრაქტიკების გამოყენება, რომლებიც კონტაქტების  შეზღუდვებთან იქნება დაკავშირებული, ასევე მეტი ყურადღება მიექცევა წესრიგსა და დისციპლინას, როგორც სახელმწიფოებში ზოგადად, ისე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

ეს ყველაფერი მჭიდროდ შემოდის ჩვენს ყოველდღიური ცხოვრებაში. ამასთან ერთად, ამ მოვლენების ტრიუმფალური სვლა ბევრად არის დაკავშირებული მედიის  მიერ გამოწვეულ ეფექტთან, რომელიც ახლავს თან ამ არცთუ ისე მომაკვდინებელ ვირუსს. შესაბამისად, კონტროლი გარკვეული შეზღუდვების  პრაქტიკების შემოღებისათვის ზოგადად  მხარდაჭერილი იქნება საზოგადოებიდან, რომელიც შიშის გამო მზადაა, მიიღოს ყველანაირი შეზღუდვა, ოღონდ გადაურჩეს მსგავს ეპიდემიებს მომავალში. ამიტომ ახლავე შეიძლება ითქვას,  რომ ნაწილი ამ პანდემიასთან დაკავშირებული კონტროლისა არსად არ წავა. ისინი დარჩება და თანდათანობით რუტინული გახდება. 

ამასთან, პანდემიამ წინ წამოსწია მეცნიერთა როლი.  ასეთ პანდემიას მეცნიერები ვარაუდობდნენ, მაგრამ მმართველი წრეები აიგნორირებდნენ. დარტყმამ, რაც მიადგა ჯანდაცვასა და ეკონომიკას, შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩინოვნიკები იძულებლნი იქნებიან, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ფუნდამენტურ მეცნიერებებთან. თვითონ მეცნიერებმაც, თავის მხრივ, მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ საზოგადოებრივ ცხოვრებას, სავარაუდოა, რომ ისინი ნაკლებად იქნებიან ჩაციკლულები  თავის თავში და უფრო აქტიურად „გადათარგმნიან“  თავის აღმოჩენებს არასპეციალისტების ენაზე.  შეიძლება მოხდეს წინა საუკუნის  რეინკარნაცია, როცა მეცნიერები შედიოდნენ  ეროვნული მთავრობების შემადგენლობაში, სხვადასხვა სამთავრობო კომისიასა და ხელისუფლების სხვა ვერტიკალებში. მაშინ ეს უზრუნველყოფდა სახელმწიფო ორგანოებისა და ინსტიტუტების ეფექტურ  უკუკავშირს. პანდემიის შემდეგ მოხდა პროფესიონალების  რეაბილიტაცია და დაბრუნება, რაც  სერიოზულ გავლენას მოახდენს პოლიტიკურ  გადაწყვეტილებებზე.  

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბუნების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. როგორ განვითარდება სიტუაცია ამ მიმართულებით? სავარუდოა, რომ მნიშვნელოვნად  შეიცვალება დამოკიდებულება ბუნების დაცვის საკითხისადმი.   შეიძლება, ეს ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ  ხშირად რაც ცუდია ადამიანისთვის, კარგია ბუნებისთვის. ეს არის ეკოლოგიური სარგებელი. აერო–ფოტო გადაღებებმა უჩვენეს, რომ ჩინეთში განსაკუთრებით და სხვა ქვეყნებშიც წარმოებების გაჩერების გამო ჰაერი მნიშვნელოვნად გაიწმინდა. ჩვენთან ეს გამოიწვია, ძირითადად, ავტოტრანსპორტის შეზღუდვამ. გაგახსენებთ, რომ ჩვენს დედაქალაქში უკვე გაჟღერდა მერისა და რიგითი მოქალაქეების შეთავაზებები, რომ გარკვეულ დღეს აიკრძალოს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება ქალაქში,  რაც მნიშვნელოვნად წაადგება  თბილისში ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 

ასევე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კოვიდ-19–მა ღრმა კულტურული და ეკონომიკური შედეგები გამოიწვიოს. გვინდა თუ არა, მაინც მოხდება გარკვეულად შემცირება ჩვენი ქონების, მივეჩვევით ნაკლებ მოგზაურობას, რადგან ვირუსი მარტო ადამიანებს კი არ ერჩის, ის აისახება თანამედროვე სამყაროს ყველა პროცესზე. შესაძლოა, სასიხარულო გახდეს ყოველი ახალი კაბა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენთვის საყვარელი ნივთები, ხელახლა წავიკითხოთ უკვე წაკითხული წიგნები, ადამიანები იძულებული იქნებიან,  ნაკლები მოიხმარონ და იმით გავიდნენ იოლად, რაც აქვთ. 

მსოფლიო მასშტაბით პანდემიის ერთი შედეგი კიდევ ის შეიძლება იყოს, რომ შრომითი ურთიერთობების ახალი სისტემა შეიქმნება.

ფართო შეკრებების შეზღუდვა წაახალისებს ღონისძიებების ახალი  ფორმების ძიებასა და ინფორმაციის გადაცემის ინოვაციურ მეთოდებს.

ამის პარალელურად, დგება საკითხი - როგორც საზოგადოება, ზედმეტად რეაგირებენ? არსებობს  საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიდანაც ჩანს, რომ ადამიანების უმეტესობა შეშფოთებულია, მაგრამ  პანიკაში არ არიან. სოციალური დისტანციური სტრატეგიები, მაგ., სკოლების დახურვა ან კონცერტების გაუქმება შეიძლება, დრამატული ჩანდეს, მაგრამ აუცილებელია, რადგან ისინი ინფექციის გავრცელებას განსაკუთრებით უწყობენ ხელს. ისტორიამ გვასწავლა, რომ ჩვენ არ ვართ ძალიან კარგი მოსწავლეები წარსულის გაკვეთილების სწავლაში. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ მიმდინარე პანდემიაში, მოხდა წინა პანდემიებშიც - შიში, რასიზმი, პანიკა, სტრესი იზოლაციის გამო და ა.შ. პრობლემა ის არის, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, ადამიანები ივიწყებენ ამას. ამჯერად ჩვენ სხვა რამ უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვიყენოთ კოვიდ–19–ით მიღებული გაკვეთილი, რომ მოვემზადოთ შემდეგი პანდემიისთვის.  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება ყოყმანს ვაქცინაციაზე. გასულ პანდემიებსა და ეპიდემიებში მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზის გამო უგულებელყო ვაქცინაცია. სავარაუდოდ, იგივე მოხდება ახლაც, როდესაც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქტიური;  დროულად დავიწყოთ საზოგადოებრივი დიალოგი ვაქცინაციის  მნიშვნელობის შესახებ.

რა შეიცვლება საქართველოსთვის?

ყველა ის ცვლილება, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, აისახება საქართველოზეც, როგორც მსოფლიოს ნაწილზე, თუმცა - გარკვეული სპეციფიკით. ის, რომ საქართველომ შეძლო,  გარკვეულწილად, გამოვლენილიყო როგორც კორონასთან ბრძოლაში წარმატებული  ქვეყანა, ხსნის ახალ შესაძლებლობებს, უპირველესად, ეკონომიკის კუთხით - ტურიზმის ფეხზე დაყენებისათვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისათვის. ამავე დროს, სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა ხდება პრიორიტეტული, რამდენადაც, პანდემიამ დააყენა საკითხი ქვეყნების თვითუზრუნველყოფის შესახებ. ახალი პერსპექტივები ჩნდება განათლების  სფეროშიც. 

ვიმედოვნებ, შეიცვლება დამოკიდებულებები ადამიანებს შორის ურთიერთსოლიდარობის მიმართულებითაც. გავხდებით უფრო რაციონალურები მოხმარების  სფეროში, გავუფრთხილდებით ბუნებას, ნაკლებად ვინერვიულებთ წვრილმანებზე და მთელი სიგრძე-სიგანით გავაცნობიერებთ, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უმთავრესი ღირებულება.  

გუგული მაღრაძე, ფსიქოლოგიის პროფესორი

საქართველოს პარლამენტის წევრი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (29.05.2020)
მოაშორეთ ეს იდიოტი ქალი აქედან, რას არეკლამებთ ამ ფულით განათლებულს და დიპლომიანს. ამაზე ფარჩაკი და ბატი ქალი საქართველოში არ მეგულება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×