რეზონანსი
13.05.2020

მიმდინარე წლის 7 მაისს 100 წელი შესრულდა, რაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის გაფორმდა ცნობილი საზავო ხელშეკრულება. ეს ფაქტი მრავალმნიშვნელოვანია, რადგან, 1993 და 2008 წლების ხელშეკრულებების დადების მიუხედვად, დიდ გავლენას ახდენს საქართველოს დამოუკიდებლობაზე და მისი საზღვრების უკანონო ანექსიით თავისი პოლიტიკური უპირატესობის მიღწევას ცდილობს. ეს მწარე გამოცდილება ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ.

1920 წლის 7 მაისს, ღამის 12 საათზე, გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. საქართველოს მხრიდან მას ხელი მოაწერა დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ (გრიშა) ურატაძემ და საბჭოთა რუსეთის მხრიდან კი - ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილემ ლევ კარახანმა (ლეონ კარახანიანმა). ხელშეკრულება პრეამბულის, 16 მუხლისა და ორი საიდუმლო დანართისგან შედგებოდა. ხელშეკრულება რატიფიკაციას არ საჭიროებდა და ძალაში ხელმოწერისთანავე შედიოდა.

ამ ხელშეკრულებაში ქართული მხარისთვის უმთავრესი იყო ის, რომ მისი პირველივე მუხლით საბჭოთა რუსეთი უპირობოდ აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მეორე მუხლით უარს ამბობდა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაზე და მეოთხე მუხლით აღიარებდა და საქართველოს ტერიტორიად სცნობდა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებს, ბათუმის ოლქს, სოხუმისა და ზაქათალის ოკრუგებს.

საბჭოთა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ხელშეკრულების მესამე მუხლი, რომლის ძალითაც კავკასიონის უღელტეხილები 1922 წლის 1 იანვრამდე ნეიტრალურ ტერიტორიად ცხადდებოდა. ჩრდილოელი მეზობლისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა კისრულობდა, თავის ტერიტორიაზე არ დაეშვა საბჭოთა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ძალები.

ამ ხელშეკრულებას ახლდა განსაკუთრებული საიდუმლო დამატება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით არსებული აკრძალული კომუნისტური ორგანიზაციების ლეგალიზაცია უნდა განეხორციელებინა. ეს კი საბჭოთა რუსეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ. ამით რუსეთს უფლება ეძლეოდა დაუფარავად ჩარეულიყო სუვერენული, დამოუკიდებელი რესპუბლიკის საშინაო საქმეებში, რომლითაც ირღვეოდა ამავე ხელშეკრულების მეორე მუხლი. მიამიტობა იქნება ვიფიქროთ, რომ ჩვენი მაშინდელი მთავრობა ბოლომდე ვერ აცნობიერებდა ამ მუხლში ჩადებულ აშკარა საფრთხეებს, მაგრამ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა რუსეთის მხრიდან დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება, რომ ამასაც კი დათანხმდა. უნდა ითქვას, რომ ხელშეკრულების გაფორმება მთავრობამ დიდი კმაყოფილებით აღიქვა და შესაბამისი საზეიმო ღონისძიებებიც ჩაატარა. იმავე წლის 11 მაისს დედაქალაქში გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა, სადაც სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.

ამ ხელშეკრულების ცალსახად შეფასება გაჭირდება. მასში უდავოდ დადებითი იყო ის, რომ საბჭოთა რუსეთი ყოველგვარი პირობის გარეშე დე იურედ აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ცნობდა მას არსებულ საზღვრებში და არ ჩაერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში. ობიექტურობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ ხელშეკრულების ამ მუხლმა ნამდვილად შეუწყო ხელი გამარჯვებული ქვეყნების მხრიდან საქართველოს დე იურედ აღიარებას, რაც 1921 წლის 26 იანვარს განხორციელდა და ქვეყანაში დიდი ზეიმითაც აღინიშნა. ის სხვა საკითხია, რამდენად იხსნა ამ აღიარებებმა ქვეყანა მომავალი კატასტროფისგან.

ამავე დროს ამ ხელშეკრულებაში იყო ისეთი მუხლებიც, რომლებიც დამოუკიდებელი რესპუბლიკისთვის აშკარა საფრთხეებს შეიცავდა. ვგულისხმობ ხელშეკრულების მესამე, მეხუთე, მეათე მუხლებს და დამატებითი საიდუმლო შეთანხმების ზოგიერთ ნაწილს. ამ მუხლებით 1922 წლის 1 იანვრამდე კავკასიონზე არსებული სასაზღვრო უღელტეხილები 5 ვერსის მანძილზე ნეიტრალურ ზონად ცხადდებოდა და მათი დაკავება ან გამაგრება ამ პერიოდში ორივე მხარეს ეკრძალებოდა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის წამგებიანი და რისკების შემცველი იყო ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვრის სტრატეგიული უღელტეხილების ასე დაუცველად დატოვება. კიდევ ერთი მეტად საჩოთირო მუხლი, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე ვალდებული იყო სატუსაღოებიდან გაეთავისუფლებინა დაპატიმრებული კომუნისტები და საქართველოში არსებული კომუნისტური ორგანიზაციებისთვის თავისუფალი აგიტაციის საშუალება მიეცა. ეს კი კომუნისტური პარტიის სრულ ლეგალიზაციას ნიშნავდა.

ამ ხელშეკრულებამ მაშინდელი საქართველოს საზღვრები მკაფიოდ შემოხაზა. ამას კი დღეს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაშინ, როდესაც დღეს რუსეთმა ცნო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, ამ ხელშეკრულების ეს მუხლი ჩვენი პოზიციის სიმართლისა და სიმყარის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად უნდა ვაქციოთ.

დასკვნის სახით შიძლება ითქვას, რომ მაშინ ამ ხელშეკრულებამ ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, ვერ იხსნა საბჭოთა რუსეთის მხრიდან ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიისგან, მაგრამ ის ჩვენთვის დარჩა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო იურიდიულ დოკუმენტად, რომელიც ცალსახად ადასტურებს საბჭოთა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და დამოუკიდებელი, მის მიერვე დე იურედ აღიარებული, მეორე ქვეყნის ძალადობრივი გზით დაპყრობას. ამას კი საქართველოს გამთლიანებისთვის ჩვენს სამართლიან ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

პაატა სურგულაძე,

ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების პრეზიდენტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Guli   (17.05.2020)
Amerika tavis senatorebianad imdens shvreba xalxs rusetis nostalgia gsucnda. Xalxistvis ra mnishvneloba aqvs mgeli shegvwams tu mglisferi dzagli.dzagli miakvada amerikel senatorebs sulshi


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×