სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    22.12.2017

     ზურაბ ფარესიშვილი, ტექნიკის დოქტორი, პროფესორი,

    საქართველოს კვების მრეწველობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

    თითოეული კარგად განვლილი წელი თუ ღირსეული თარიღი შინაგანად გიბიძგებს, მოგონებით დაუბრუნდე იმ მოვლენებს, რომლიდანაც იწყება ის ღირსშესანიშნავი დღეები და რაც უფრო შორს არიან ისინი, მით უფრო მკვეთრად და ნათლად წარმოგვიდგება განვლილი წლების მნიშვნელობა, დრო და ფაქტები. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამამულო ჩაის მრეწველობა იწყებოდა ყ|ყ საუკუნის მიწურულსა და ყყ საუკუნის დასაწყისში.

    ჯერ კიდევ ყყ საუკუნის დასაწყისში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას დაევალა, დაემუშავებინა გეგმა, საბჭოთა რუსეთის უზრუნველყოფა სოფლის მეურნეობის ყველა სახის ნედლეულით და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებით. 1921 წლის შემოდგომაზე სპეციალურად მოწვეულ იქნა საკავშირო ყრილობა პრიორიტეტული ტექნიკური კულტურების გამოყოფისა და პრაქტიკული ღონისძიებების დანერგვის შესახებ. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩაის ნედლეულის ბაზის შექმნისა და სამამულო ჩაის წარმოებისათვის, რომელიც გაგრძელდა და რამდენიმე ათეულ წელიწადში იქცა ერთ-ერთ წამყვან დარგად საქართველოში.

    ყ|ყ საუკუნის დასაწყისში იყო ჩაის კულტურის დანერგვის მცდელობა ჯერ ყირიმში, ხოლო შემდგომ სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. ყ|ყ საუკუნის მეორე ნახევარში ჩაის კულტურის დანერგვა-განვითარების მცდელობამ საქართველოში მეტ-ნაკლებად წარმატებით ჩაიარა მიწათმფლობელ მ.ერისთავის ხელმძღვანელობით საკუთარ მამულებში. წარმოებული ქართული ჩაის პროდუქციის პირველი ნიმუშები მან 1870 წელს წარადგინა სოფლის მეურნეობის კავკასიის საზოგადოებაში და დადებითი შეფასება მიიღო. ამრიგად, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ქართულ ჩაის მისი მოშენებიდან დღემდე 150 წელზე მეტი ისტორია აქვს.

    ოდნავ მოგვიანებით, უკვე 1884-85 წლებში, მიწათმფლობელმა გ. ნაკაშიძემ ოზურგეთის მაზრაში გამოყო საკუთარი მიწის ნაკვეთი ჩაის ბუჩქების გასაშენებლად. ყ|ყ საუკუნის ბოლოსათვის, 1892 წლიდან, ჩაის ბუჩქის განაშენიანებამ ბათუმში, ჩაქვსა და სალიბაურში სერიოზული ხასიათი მიიღო. ბათუმში ამ საქმით დაინტერესდა მეფის რუსეთის გადამდგარი სამხედრო პოლკოვნიკი ა.სოლოვცევი, ხოლო ცნობილმა ვაჭარმა კ.პოპოვმა სალიბაურში შეიძინა და ჩაის პლანტაციებისათვის გამოყო 100 "დესეტინა" მიწის ნაკვეთი, მოიწვია ჩაის სპეციალისტები, ჩინეთიდან შემოიტანა ჩაის ნერგები და თესლი, სალიბაურში ააშენა ჩაის გადამუშავების მცირე ფაბრიკა, თუმცა მის მიერ წარმოწყებული საქმე ვერ განვითარდა.

    1895 წელს საუფლისწულო უწყება შეუდგა სუბტროპიკული მეურნეობის ჩამოყალიბებას ჩაქვში და პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისათვის ჩაის პლანტაციების ფართმა შეადგინა 500 "დესეტინა". ჩაის პლანტაციების ინტენსიური მოშენება დაიწყეს ოზურგეთის მაზრაშიც. გამომდინარე აქედან, დაისვა საკითხი ოზურგეთში ოდნავ უფრო მაღალი სიმძლავრის მეორე ფაბრიკის აშენებაზე, რომელიც ექსპლოატაციაში გავიდა 1912 წელს. ამ პერიოდიდან ჩაის კულტურა ჩნდება ზღვისპირა რაიონების სხვადასხვა მეურნეობაშიც და წვრილ გლეხურ საკარმიდამო ნაკვეთებშიც. მიუხედავად ამისა, ჩაი დიდხანს მიიჩნეოდა მოყვარულთა კულტურად და არ ჰქონდა სამრეწველო დანიშნულება.

    პროგრესულად მოაზროვნე რუსი და ქართველი სპეციალისტების მიერ როგორც ინტუიციურად, ისე პრაქტიკულად დასაბუთებულ იქნა ჩაის კულტურის მოშენება საქართველოს სუბტროპიკულ ზონებში. ამ საქმეში შეუფასებელი სამეცნიერო კვლევითი შრომა გასწიეს გენიალურმა რუსმა ქიმიკოსმა დ.მენდელეევმა; აკადემიკოსებმა: ა.ბუტლეროვმა, ვ.ვილიამსმა, ფ.რუპრეხტმა; გამოჩენილმა ბოტანიკოსმა ნ.ზალდლიცმა, მეტეოროლოგ-გეოგრაფმა ა.ვოსიკოვმა და სხვა ცნობილმა პროფესორებმა.

    ამ ადამიანების შრომის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ყ|ყ საუკუნის ბოლოსა და ყყ საუკუნის დასაწყისში საქართველოში დაიწყო ჩაის პლანტაციების გაშენება და პირველი მცდელობა ჩაის ფოთლის სამრეწველო გადამუშავებისა. ჩაის პლანტაციების განაშენების ფართმა 1913 წლისათვის მიაღწია 900 ჰას, ხოლო ბაიხის ჩაის გამომუშავებამ სამ კუსტარულ ფაბრიკაში და რამდენიმე წვრილ მეურნეობაში შეადგინა 131 ტონა. 1921-1925 წლებში საქართველოში აღგენილ იქნა 101,5 ჰა პლანტაციები, ხოლო გაშენებულ იქნა 307 ჰა ჩაის პლანტაცია, რასაც დაემატა გლეხური მეურნეობების საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებული ჩაის პლანტაციები, რამაც მიაღწია 1325 ჰა-ს.

    ჩაის კულტურის განვითარების საკითხთან დაკავშირებით საჭიროებამ მოითხოვა, შექმნილიყო სპეციალური ორგანიზაცია, რომელიც უხელმძღვანელებდა დარგის განვითარებას. 1925 წლის ნოემბერში სსრ კავშირის შრომისა და თავდაცვის საბჭოს მიერ მიღებულ და დამტკიცებულ იქნა ბრძანებულება საკავშირო სააქციო საზოგადოება "საქართველოს ჩაის" შექმნასთან დაკავშირებით. საკავშირო მთავრობის 1931 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით, მოხდა აქციონერული საზოგადოების რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა "საქართველოს ჩაის" ტრესტი.

    ტრესტის ჩამოყალიბების შემდეგ მის დაქვემდებარებაში შევიდნენ 1925 წელს ოზურგეთის საცდელი სადგური, 1926 წელს შექმნილი ჩაქვისა და 1928 წელს შექმნილი ზუგდიდის საცდელი სადგურები, რომელთა მიერ ჩატარებულ სამუშაოებს კოორდინაციას უწევდა 1930 წელს შექმნილი ჩაის საკავშირო ინსტიტუტი, ეს უკანასკნელი კი 1937 წელს რეორგანიზებულ იქნა როგორც ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტი მახარაძის რაიონის ანასეულის დასახლებაში და რომელსაც ახლო მომავალში უკვე შეემატა ქ. სოხუმისა და ქ. ფოთის ფილიალები. 1952 წლის 31 დეკემბერს ტექნოლოგიური განყოფილებისა და ანასეულის ჩაის ფაბრიკის ბაზაზე შეიქმნა საკავშირო კვების მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარების ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

    აღნიშნულმა ორგანიზაციებმა დიდი როლი შეასრულეს დასავლეთ საქართველოს ჩაის რაიონების ნიადაგობრივი და კლიმატური პირობების შესწავლაში. მომზადდა სამეცნიერო კადრები: აგრონომები, ტექნოლოგები, მექანიკოსები და სხვა.

    აღსანიშნავია, თუ რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ჩაის განვითარებას, რასაც ამტკიცებს ის ფაქტი, რომ კრედიტები გაიცემოდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც. ამავე პერიოდიდან იწყება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ინტენსიური განვითარება ჩაის მრეწველობის სფეროში.

    ჩაის მრეწველობის განვითარება ყოფილ საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა დამოუკიდებელი გზით, ვინაიდან მაგალითის ან ანალოგის აღება, პრაქტიკულად, არავისგან შეიძლებოდა. საზღვარგარეთის ჩაის მწარმოებელ ქვეყნებში პლანტაციების აგროტექნიკური დამუშავებისა და ფოთლის გადამუშავების ტექნოლოგია იყო დაბალ დონეზე და ხდებოდა კუსტარული წესით.

    ქართულმა ჩაიმ მიიღო მაღალი შეფასება ჩაის დეგუსტაციაზე ჯერ ლონდონში და შანხაიში, ხოლო შემდგომ საერთაშორისო გამოფენებზე ლაიფციგში (გდრ); ქართული შავი ბაიხის ჩაი "ექსტრა" დაჯილდოვდა დიდი ოქროს მედლით და დიპლომით; 1977 წელს ქ. ერფურტის გამოფენაზე მწვანე ბაიხის "უმაღლესი ხარისხის" ჩაის, ასევე, მიენიჭა ოქროს მედალი; ჩეხოსლოვაკიაში - ქ. ჩეშკებუდევიცში მოწყობილ გამოფენებზე 1977-1979 წწ. თბილისის ჩაის გადამწონი ფაბრიკის მიერ წარმოებული პროდუქცია დაჯილდოვდა საპატიო დიპლომებით.

    უნდა აღინიშნოს, რომ 1925 წლიდან საქართველოში უკვე ტრადიციულად ქცეული შავი ბაიხის ჩაის წარმოებასთან ერთად იწყება ახალი სახის ჩაის გამოშვება, რომელმაც საოცრად დიდი გამოხმაურება და მოთხოვნილება მოიპოვა მომხმარებლებში. გამომდინარე აქედან, 1926 წელს გადამუშავდა 450 კგ, ხოლო 1927 წელს 2800 კგ მწვანე ბაიხის ჩაი, რომელსაც ძირითადად მოიხმარდნენ შუა აზიის რესპუბლიკები.

    1929-1932 წლებში დაიწყო მწვანე აგურა ჩაის წარმოება, რომლის ძირითადი მომხმარებელი გახდნენ აღმოსავლეთის ქვეყნები. ამან ჩაის მრეწველობას მისცა საშუალება, გამოეყენებინა და ეწარმოებინა ლაო-ჩა, რომელიც ძირითადად შედგებოდა უხეში და მოუხეშო ჩაის ფოთლებისაგან.

    1940 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ზუგდიდის ჩაის საწნეხი ფაბრიკა, რომლის წლიური სიმძლავრე განისაზღვრებოდა 5,0 ათ. ტონა აგურა ჩაის წარმოებით. მომდევნო წლებში აღნიშნული ფაბრიკების გადაიარაღებისა და რეკონსტრუქციის შედეგად ლაო ჩაისაგან დამზადებული მწვანე აგურა ჩაის წარმოება გაიზარდა 9.0 ათ. ტონიდან 20 ათ. ტონამდე.

    1935-1936 წლებში ბათუმში აშენდა ახალი სპეციალიზებული ქარხანა, რომელიც ჩაის წარმოების ნარჩენებისაგან და მასალებისაგან (რომელსაც ძირითადად იღებდნენ ჩაის ბუჩქებისაგან) აწარმოებდა ნატურალურ კოფეინს.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია 1940 წელი. ამ წელს ქ.თბილისში მწყობრში ჩადგა სსრკ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩაის დამფასოებელი ფაბრიკა, რომლის საწყისი წლიური სიმძლავრე იყო 5,0 ათასი ტონა დაფასოებული ჩაის წარმოება. უკვე შემდგომ წლებში, ტექნიკური გადაიარაღების შემდეგ, ფაბრიკის სიმძლავრემ 2000 წლისათვის მიაღწია 21,8 ათას ტონას.

    1990 წლისათვის "საქართველოს ჩაის" სისტემაში მუშაობდა ჩაის დამფასოებელი 14 ფაბრიკა და საწარმო, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში შეადგენდა 88,6 ათ. ტონა მწვანე და შავი ბაიხის დაფასოებას.

    1980-იანი წლებიდან "საქართველოს ჩაის" სისტემაში ამოქმედდა რვა სპეციალიზებული საწარმო, რომლებიც ძირითადად ამუშავებდნენ ახალი სახის პროდუქციას. გამოშვებულ იქნა 5160,8 ტონა შავი ჩაის თხევადი კონცენტრატი შაქრით, 121,2 ტონა ნატურალური ჩაის კონცენტრატი დამატებითი ინგრედიენტების გარეშე, 2557,4 ტონა ტონიზირებული სასმელების კომპოზიცია, 16,5 მლნ ბოთლი ტონიზირებული უალკოჰოლო სასმელი, 119,2 ტონა კვების საღებავი, 164,8 ტონა ხსნადი ჩაი. გარდა ამისა, გამოშვებულ იქნა 947,1 ტონა ყვითელი ჩაი, რომელიც შეიცავდა შავი ჩაის სასიამოვნო გემოს, არომატს და მწვანე ჩაის მაღალ ბიოლოგიურ აქტიურობას. ასევე, ესპერიმენტის სახით გამოშვებული იყო 41,2 ტონა პიტნისა და ლიმონის არომატიზებით დამუშავებული შავი ჩაი.

    ქართული ჩაის პირველი ექსპორტი მოხდა 1942 წელს მონღოლეთში, სადაც გადაიტვირთა 1930 ტონა მწვანე აგურა ჩაის პროდუქცია. რაც შეეხება მწვანე და შავი ჩაის ექსპორტირებას, იგი იწყება 1958 წლიდან და ინტენსიური ხდება 1985-1990 წლებში. ჩაის პროდუქცია იგზავნებოდა როგორც სოციალისტურ, ისე კაპიტალისტურ ქვეყნებში: ინგლისი, ჰოლანდია, ბელგია, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, პაკისტანი და სხვა.

    ქართული მწვანე და შავი ჩაის ექსპორტმა მაქსიმუმ პიკს მიაღწია 1995 წლისთვის და შეადგინა 36,8 ათ. ტონა, რომლის საერთო ღირებულებამ გადააჭარბა 104,7 მლნ მანეთს.

    სამამულო ჩაის მრეწველობის პერსპექტიულ განვითარებაში სერიოზული როლი ითამაშა სასურსათო მანქანათმშენებლობამ. ჩაის წარმოებისთვის საჭირო ძირითადი ტექნოლოგიური დანადგარების შესყიდვა 1929 წლამდე ხდებოდა იმპორტის სახით, თუმცა მომდევნო წლებში რესპუბლიკის ჩაის მრეწველობის საბაზო მანქანათმშენებლობისათვის გამოიყო თბილისის 26 კომისრების, კალინინისა და ორჯონიკიძის სახელობის მანქანათმშენებლობის ქარხნები, სადაც 1929-1932 წლებიდან დაიწყო ჩაის მრეწველობისათვის მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების დამზადება, ხოლო ჩაის მრეწველობის მანქანათმშენებლობა მთლიანად გადაეცა ბათუმის მანქანათმშენებელ ქარხანას.

    ჩაის მრეწველობის საწარმოებისა და ფაბრიკების სწრაფმა და ინტენსიურმა განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებისა და კვანძების სარემონტო სამუშაოებითა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის საკითხი, რის საფუძველზეც ჯერ კიდევ 1928 წელს ქ.მახარაძეში ჩამოყალიბდა ტრესტ "ჩაიმშენმონტაჟის" სამონტაჟო-ტექნიკური კანტორა, რომელიც 1968 წლიდან ფუნქციობდა როგორც "საქართველოს ჩაის" ტრესტის მახარაძის სარემონტო-მექანიკური კომბინატი. 1933 წელს ჩამოყალიბდა ზუგდიდის სამჭედლო მექანიკური სახელოსნო, რომელიც ტექნიკური გადაიარაღების შედეგად 1967 წელს გადაკეთდა "საქართველოს ჩაის" ტრესტის ზუგდიდის სარემონტო მექანიკურ კომბინატად. 1940 წელს სამტრედიის მექანიკური სახელოსნო ჩამოყალიბდა როგორც "საქართველოს ჩაის" ტრესტის მექანიკური ქარხანა.

    1980 წლისათვის გამოშვებულმა პროდუქციამ წელიწადში მიაღწია 3.6 მლნ მანეთს. ამ პერიოდისათვის ჩაის სისტემას დასავლეთ საქართველოს რეგიონებში უკვე ჰქონდა 14 უმსხვილესი საწარმოო გაერთიანება, რომელშიც შედიოდა 105 ჩაის გადამუშავების მსხვილი ფაბრიკა, 21 ჩაის პირველადი გადამუშავების მიკრო ფაბრიკა, 7 კომბინატი, 11 ჩაის გადამწონი ფაბრიკა, 2 ჩაის საწნეხი ფაბრიკა, 3 ჩაის კონცენტრატებისა და ტონიზირებული სასმელების ქარხანა, 4 სარემონტო-მექანიკური საწარმო, 1 ექსპერიმენტული მექანიკური ქარხანა, 1 მოძრავი მექანიზებული სარემონტო კოლონა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსობრივი კომბინატი.

    1966 წელს ქართული ჩაის პროპაგანდისათვის ქ. თბილისში აშენდა თანამედროვე სტილის შენობა "ჩაის სახლი", სადაც გამოფენილი იყო "საქართველოს ჩაის" მიერ გამოშვებული პროდუქციის ნიმუშები, ტარდებოდა მეთოდური კონფერენციები.

    აყოველწლიურად მარტის ბოლო რიცხვებში ტარდებოდა ჩაისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო დეკადები, სადაც მონაწილეობდნენ ცნობილი მეჩაიეები, ჩაის მრეწველობის მუშაკები, მეცნიერები, საზოგადო და კულტურის მოღვაწეები, მონაწილეები ეცნობოდნენ ჩაის კულტურისა და გადამუშავების უახლოეს მიღწევებს.

    ჩაის მრეწველობამ მისი არსებობისა და ფუნქციობის პერიოდში განვლო სახელოვანი გზა ნახევრად კუსტარული წარმოებიდან მაღალი სიმძლავრის თანამედროვე ჩაის გადამამუშავებელ საწარმოებამდე და 2000 წლისათვის რესპუბლიკაში მიიჩნეოდა ერთ-ერთ უდიდეს და წამყვან დარგად კვების მრეწველობის სისტემაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    შოთა ცალანი   (06.01.2018)
    ბატონო ზურაბ! დიდი მადლობა ასეთი სერიოზული ნაშრომის გამოქვეყნებისათვის.ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შეიძლება ცოტათი მაინც გაანძრიონ ტვინი სადაც ჯერ არს და ეშველოს რამე ;ქართული ჩაის"კვლავ აღორძინების საქმეს,რაც უდაოდ წაადგება ქვეყნის აღორძინების საქმეს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved