სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    15.08.2015

    თეიმურაზ პეტრიაშვილი

    მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

    აკადემიკოსი ვლადიმერ ვასილის ძე ვორონინი დაიბადა 1870 წელს, ტულის გუბერნიის სოფ. ნიკოლსკოეში, 1893 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1897 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1908 წლიდან იყო პროფესორი. მუშაობდა რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, სადაც შექმნა სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც დღესაც არ კარგავენ თავის მნიშვნელობას.

    1908 წლიდან 1922 წლამდე, პროფესორი ვ.ვორონინი გახლდათ ოდესის უნივერსიტეტის პათოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის კათედრის გამგე. ერთდროულად ხელმძღვანელობდა ოდესის ბაქტერიოლოგიურ სადგურს. ევროპაში ცნობილ მეცნიერს დიდი დამსახურება ჰქონდა სამედიცინო მეცნიერების წინსვლის საქმეში.

    ვ. ვორონინმა თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის მედიცინის განვითარებაშიც. მისი მოსწავლეები იყვნენ: ა. ბოგომოლეცი, პათოფიზიოლოგი, საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი, უკრაინის და ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1930-1946 წლებში, შრომის გმირი, ა. ბოგომოლეცმა 1909 წელს, ვ.ვორონინის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ვ. ფილატოვი, სახელგანთქმული ოფთალმოლოგი, რომელმაც ოდესაში თვალის სნეულებათა მკურნალობის ცნობილი ცენტრი შექმნა, პ. გერცენი, ცნობილი ქირურგი, რომლის სახელსაც ატარებს მოსკოვის ონკოლოგიის ინსტიტუტი და სხვები.

    ქართველი ინტელიგენციისათვის ნანატრი, მეცნიერებისა და განათლების ახლადშექმნილი კერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესვეურებმა (რექტორი ი. ჯავახიშვილი), გამოჩენილი ქართველი მეცნიერების, თსუ-ის პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგის, ვლადიმერ ჟღენტის და ფიზიოლოგ ი. ბერიტაშვილის რეკომენდაციით, პროფესორი ვ. ვორონინი 1922 წელს, მოიწვიეს თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგედ, ეს ფაკულტეტი, 1930 წელს, გადაკეთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტად (ამჯერად უნივერსიტეტი). ვორონინი პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგე იყო 1955 წლამდე.

    ამავე დროს ხელმძღვანელობდა ი. ბერიტაშვილის სახელობის საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილებასა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნერვული სისტემის პათოფიზიოლოგიისა და მორფოლოგიის განყოფილებას.

    1942 წლიდან მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

    1944 წლიდან, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.

    მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა სკკპ წევრი, დაჯილდოვებული იყო ლენინის ორი ორდენითა და შრომის წითელი დროშის ორი ორდენით.

    ვ. ვორონინს უყვარდა საქართველო, ქართველები და ცდილობდა თავისი ცოდნა ქართველი ახალგაზრდებისათვის გაეზიარებინა.

    ახლო მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან ვ. ვორონინსა და ივ. ბერიტაშვილს.

    ვ. ვორონინი ქართული მედიცინის განვითარებას, ერთგულად და უანგაროდ, თითქმის ორმოცი წელი ემსახურა. მან აღზარდა ქართველი მეცნიერების ძლიერი თობა. მისი მოსწავლეები იყვნენ: ცნობილი მეცნიერები და ექიმები, აკადემიკოსები, ფიზიოლოგი ვაჟა ოკუჯავა, ქირურგები, ეგნატე ფიფია და კონსტანტინე ერისთავი, პოფესორები, პედიატრი ილია ლორთქიფანიძე, ქირურგი აპოლინარ ჭეიშვილი და სხვ. თეორეტიკოსები თუ კლინიცისტები.

    ვ. ვორონინს, თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის უშუალო გამგრძელებლებად და უმცროს მეგობრებად მიაჩნდა მის მიერ აღზრდილი პათოფიზიოლოგები:

    ირინა ზაალიშვილი, პროფესორი, ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი, თსსი-ს პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგე 1955 წლიდან 1976 წლამდე;

    თეიმურაზ ნათაძე, პროფესორი, ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი, თსსი-ის პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგე 1976 წლიდან - 1990 წლამდე;

    პათოფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი, საქართველოს მედიცინის ისტორიის ცნობილი მკვლევარი, ავთანდილ გელაშვილი.

    გიორგი მჭედლიშვილი, პროფესორი, აკადემიკოს ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. გ. მჭედლშვილს ეკუთვნის სამეცნიერო აღმოჩენა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის თავისებურებებებთან დაკავშირებით, მისი ნაშრომები წარმატებით ქვეყნდებოდა ევროპასა თუ ამერიკაში;

    თამაზ ბეგიაშვილი, ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ანდროლოგიური განყოფილების ერთ-ერთი ფუძემდებელი;

    ირაკლი გედევანიშვილი, პროფესორი, პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის გამგე.

    მის მოსწავლეებად ითვლებოდნენ ასევე ცნობილი მეცნიერები: ლ. ჭეიშვილი-ყიფშიძე, ი. ტიტვინიძე, ი. ცინცაძე, მ. ყუფარაძე, მ. კაციელაშვილი, ნ. ანდრეევა, რ.თოფურია, ლ. ორმოცაძე, ნ. ჩოღოშვილი, დ.ბარამიძე და სხვები. ვ. ვორონინი მოსწავლეებს ძლიერ უყვარდათ, დიდ პატივს სცემდნენ და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ მასთან.

    საქართველოს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ვახტანგ ყიფიანი (იგი დიდი ხანი არაა რაც გარდაიცვალა) რომელიც, 1990 წლიდან 2015 წლამდე იყო თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თავს ვორონინის მემკვიდრედ თვლიდა. დეპარტამენტის თანამშრომლები: ასოცირებული პროფესორები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები თ. პეტრიაშვილი (დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი), ნ. პავლიაშვილი და ქ. ღამბაშიძე; ასისტენტ პროფესორები, მედიცინის დოქტორები ნ. ბეჟიტაშვილი, მ. ნამორაძე, მ. თოფურიძე, პედაგოგები; მედიცინის დოქტორები მ. კაცაძე, ნ. ფხალაძე, ნ.ჭელიძე, დ. ყარყარაშვილი, თავისი საქმიანობით დღესაც ცდილობენ გაააგრძელონ ის სამეცნიერო და პედაგოგიური ტრადიციები, რომელთა სულისჩამდგმელიც იყო აკადემიკოსი ვ. ვორონინი.

    ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ადამიანები, რა ეროვნებისაც არ უნდა იყვნენ ისინი, რომელთაც უყარდათ საქართველო და ქართველები, პატივს სცემდნენ მის წარსულს და ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ისე, როგორც ამას აკეთებდა აკადემიკოსი ვლადიმერ ვორონინი.

    რაც შეეხება 3წითელი პროფესორის" ცნებას, რაც თქვენდამი რწმუნებულ გაზეთშიც გაჟღერდა პასუხისმგებელი პირის მიერ ვ. ვორონინის მისამართით, დიდი შეცდომაა. "წითელი პროფესორის" წოდებას, ახლადშექმნილ საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასწავლებლებში, კადრების ნაკლებობის დროს, ოფიციალურად ანიჭებდნენ იმ ადამიანებს ვისაც არ გააჩნდათ სამეცნიერო ხარისხი, მაგრამ, რევოლუციისადმი გარკვეული დამსახურება ჰქონდათ. ამ ტიტულის ხმარება პიროვნების მისამართით, რომელიც ქვეყნის "გაწითლებამდე" ბევრად ადრე იყო დოქტორი, პროფესორი, კათედრის გამგე, საერთოდ არ იყო სკკპ წევრი, ტერმინის შინაარსის არცოდნა და პიროვნების დიდი შეურაცყოფაა.

    ვ. ვორონინის ქუჩის სახელის შეცვლა, იმ ქუჩისა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ის თითქმის 40 წელი ცხოვროდა, არასწორი და აღმაშფოთებელია, ეს პროტესტის გრძნობას იწვევს სამედიცინო საზოგადოებაში.

    ვ. ვორონინი, 1963 წელს გარდაიცვალა და სამუდამო განსასვენებელადაც, ჯერ კიდევ სიცოცხლეში საქართველო აირჩია. ის უანგაროდ ემსახურა ჩვენს ქვეყანას და მისი სახელის უგუველყოფა, უმადურობის ტოლფასი იქნება ქართველთა მხრივ. იმედია ეს შეცდომა გამოსწორდება.

    რაც შეეხება ბატონ ვახტანგ შანავას, მისი ხსოვნისადმი და დამსახურებისადმი პატივისცემის მიზნით, თბილისის რომელიმე ქუჩისათვის მისი სახელის დარქმევის წინააღმდეგი არავინაა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved