(მეშვიდე წერილი)
რეზონანსი
31.03.2024

უმაღლესი სასამართლო სააპელაციო წესით განიხილავს საჩივრებს რაიონული, საანდერძო და სამემკვიდრეო, ასევე მუნიციპალური სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და განაჩენებზე. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი შეტანილია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და განაჩენებზე, მაშინ აპელანტი მხარე უნდა მოელოდეს განმეორებითი სასამართლო პროცედურების დაწყებას, იმ შემთხვევის გარდა, როცა სხვა პროცედურა დადგენილია შტატის სტატუსური სამართლით. 

უმაღლესი სასამართლოს იურისდიქციაში შედის ექსტრადაციის საქმეები, მიწების იძულებითი გასხვისების საქმეები, საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების იძულებითი აღსრულების საქმეები, ასევე ზონალური აპელაციის საქმეები. 

როდ აილენდის შტატის საოჯახო სასამართლო. შემადგენლობაში შედის 12 მოსამართლე და 2 სასამართლო განმკარგულებელი. სასამართლოს პერსონალი კი შედგება 52 მოხელისაგან. ამ სახის სასამართლოს იურისდიქცია შედგება ორი ჯგუფის საკითხებისაგან. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება განქორწინებისა და სხვა მოქმედებების საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქორწინების ხელშეკრულების მოშლასთან (მაგალითად, ქონების დაყოფა, განქორწინებული მეუღლისათვის ალიმენტის გადახდა, მზრუნველობა-მეურვეობა, საოჯახო ძალადობის შემთხვევები). მეორე ჯგუფში შედიან საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებთან. კერძოდ: არასრულწლოვანთა სამართალდარღვევები, დანაშაულებრივ საქმიან იობაში არასრულწლოვანის ჩაბმა. ბავშვებისადმი უდიერი ან სასტიკი დამოკიდებულება. არასრულწლოვანის რჩენის ვალდებულებაზე ყოფნა, შვილად აყვანა, მამობის დადგენა, მშობლების უფლების უფლების შეზღუდვა-ჩამორთმევა (შეწყვეტა), არასრულწლოვანისათვის თანხმობის მიცემა აბორტის გაკეთებაზე. გამონაკლის წესს წარმოადგენს საოჯახო სასამართლოს სააპელაციო განხილვის იერარქია და საჩივარს ამ საქმეებზე მხოლოდ შტატის უმაღლესი სასამართლო განიხილავს (რომელიც ამ შტატის საკასაციო სასამართლოა). 

როდ-აილენდის რაიონული სასამართლო შედგება 13 მოსამართლისაგან, ერთი სასამართლო განმკარგულებლისაგან და აპარატის თანამშრომელთა 70 პერსონისაგან. რაიონული სასამართლოს სტრუქტურაში შედის ტერიტორიული დაყოფის 5 ერთეული სასამართლო. დასახელებული სასამართლო ორგანო განიხილავს ყველა სახის დისდიმინორის კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს და სამოქალაქო დავებს, რომელთა ფასი არ აღემატება 10 000 აშშ დოლარს. სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას სამართალწარმოების სავალდებულო პირობას მიეკუთვნება რაიონული სასამართლოს პირველი ინსტანციის წინაშე ბრალდებულის უარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებაზე. 

იმ შემთხვევაში, როცა ბრალდებული ითხოვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარებას, მაშინ შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე იგზავნება მაღალი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად, რომელიც ასევე განმეორებითი განხილვისათვის სააპელაციო წესით აწარმოებს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებსა და განაჩენების განხილვას. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაიონული სასამართლოები განიხილავენ სარჩელებს ცენტრალური და ადგილობრივი საბინაო კანონმდებლობის დარღვევებზე, ნებისმიერ მუნიციპალური წესებისა და ბრძანებების დარღვევებზე, ასევე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებისათვის პირთა მიმართ სამედიცინო იძულებითი ხასიათის ღონისძიების გამოყენება ან ფსიქიატრიული ჰოსპიტალიზაცია. 

ასევე აღსანიშნავია, რომ რაიონული სასამართლოები ფლობენ სააპელაციო იურისდიქციას იმ საჩივრების მიმართ, რომლებიც მიმართულია საგადასახო ორგანოების გადაწყვეტილებაზე. 

როდ-აილენდის შტატის შრომითი კომპენსაციების ანაზღაურების სასამართლო, რომელიც 1991 წლიდან ფუნქციონირებს (მანამდე არსებობდა შტატის შრომითი კომპენსაციების განსაკუთრებული კომისია), შედგება 10 მოსამართლისა და აპარატის 53 თანამშრომლისაგან. ეს სასამართლო უზრუნველყოფს შტატის შრომითი კანონმდებლობის იმ ნაწილის დაცვას, რომლებიც ყალიბდება შემდეგი ძირითადი პრინციპების საფუძველზე: სამედიცინო დახმარების უფლება და შრომითი ურთიერთობის პროცესში საწარმოო ტრამვების შემთხვევისას მსხვერპლთათვის გადაუდებელი და პერიოდული ფულადი გადახდების უფლება. ასევე იმ უფლების განუხრელი დაცვა, რომლის მიხედვითაც პირს სრულად უნდა აუნაზღაურდეს საწარმოო შემთხვევით მიყენებული ზარალი იმ ხარჯების გამოთავისუფლებით, რაც მას სასამართლოში საქმის წარმოებისას გაეწია (სასამართლო ხარჯები). იმ პირების წამახალისებელი უფლებების დაცვა, რომლებიც დაქირავებულნი იყვნენ შრომის საშუალებების გამოყენებების უსაფრთხოებაზე. დასახელებული პროფილის სასამართლოთა გადაწყვეტილებების აპელაციას ორი სტადია გააჩნია. პირველი სტადია გამომდინარეობს შრომითი კომპენსაციების ანაზღაურების საკითხებზე სააპელაციო სასამართლოს დაყოფის ფარგლებიდან, რომელიც შედგება იმ სამი ნებისმიერი მოსამართლისაგან, რომლებსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თუ ერთ -ერთი მხარე უკმაყოფილოა სააპელაციო დანაყოფის გადაწყვეტილებით, მაშინ მას უფლება აქვს შტატის უმაღლეს სასამართლოს პეტიციით მიმართოს და ამით მოახდინოს სააპელაციო წარმოების მეორე სტადიის ინიცირება (CERTIORALI-ის სასამართლო ბრძანება).

როდ-აილენდის შტატის ადმინისტრაციული არბიტრაჟი 7 მოსამართლის და 94 აპარატის მუშაკისაგან შედგება. ეს სასამართლო შეიქმნა 1992 წელს და ითვლება ტრანსპორტის დეპარტამენტის განყოფილების ადმინისტრაციული არბიტრაჟის სამართალმემკვიდრედ. რაიონული სასამართლოს კომპეტენციებიდან მას გადაეცა არადანაშაულებრივი შემადგენლობის საგზაო შემთხვევათა საქმეები (გარდა სიმთვრალეში და ნარკოტკების ზემოქმედების ქვეშ მართვა, ასევე ულიცენზიოდ მოძრაობის და შემთხვევის ადგილიდან მიმალვის კატეგორიებისა). 

მათი გადაწყვეტილებების აპელაციებს განიხილავს სამი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგიები, რომლებიც იქმნება მომრიგებელი სასამართლოსა და მუნიციპალური სასამართლოს წევრი მოსამართლეებისაგან. აპელაციის გადაწყვეტილება საჩივრდება შტატის უმაღლეს სასამართლოში სასამართლოს CERTIORALI-ის ბრძანების საფუძველზე. 

ახლა განვიხილოთ, თუ რით განსხვავდება დანარჩენი შტატების სასამართლო სისტემა ერთმანეთისაგან და არიან თუ არა ისინი ერთმანეთის იდენტური ან კიდევ შაბლონური სისტემები. 

მაგალითისათვის ავიღოთ ტენესის შტატი. მართალია, ამერიკის ფედერაციის ამ ტერიტორიულ ერთეულში სასამართლო სისტემა აქაც სამსაფეხურიანია, მაგრამ უფრო რთული მოწყობა აქვს, რადგან ამგვარ იერარქიულ სასამართლოებს ემატება შეზღუდული იურისდიქციის სასამართლო ორგანოთა სისტემა. ამ შტატის სასამართლოთა იერარქიის თავში უმაღლესი სასამართლო დგას, რომელიც შედგება 5 მოსამართლისაგან. ცალკეული მოსამართლის კანდიდატურას წარადგენს შტატის გუბერნატორთან არსებული მოსამართლეთა შერჩევის კომისია და საბოლოოდ ისინი რვა წლის ვადით მოსამართლის თანამდებობაზე განმწესდებიან არჩევნების შედეგების მიხედვით. 

ტენესის შტატში არსებობს ორი შუალობითი სააპელაციო იურისდიქცია: სააპელაციო სასამართლო და სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლო, რომლებიც ორივენი ცალ-ცალკე 12 მოსამართლისაგან შედგება, რომლებიც 8 წლის ვადით აირჩევიან. თუ სამოქალაქო საქმეზე სააპელაციო სასამართლო ძირითადად განიხილავს საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე, მაშინ სისხლის სამართლებრივი სასამართლო განიხილავს საჩივრევბს სასამართლო განაჩენებზე.

ტენესის შტატის პირველი ინსტანციის სასამართლოები არიან სამართლიანი უფლების სისტემის სასამართლოები, საოლქო სასამართლოები, სისხლის სამართლებრივი სასამართლოები და სასამართლოები ანდერძისა და მემკვიდრეობის საკითხებზე. 

სამართლიანი უფლების სისტემის სასამართლოები სულ შედგება 33 მოსამართლისაგან, რომლებიც უფლებამოსილი არიან განიხილონ განსაკუთრებული კატეგორიის სამოქალაქო და საოჯახო დავები.

ტენესის შტატის საოლქო სასამართლოები, რომლის შემადგენლობა განსაზღვრულია 79 მოსამართლისაგან, უფლებამოსილია განიხილოს არა მარტო სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლებრივი საქმეები, არამედ უფლება აქვს განიხილოს ქვემდგომი სასამართლო გადაწყვეტილებების აპელაციები, ანუ საერთო სესიის სასამართლოების, არასრულწლოვანთა საქმეების სასამართლოების და მუნიციპალური სასამართლოების გადაწყვეტილებები. 

სამოქალაქო-სამართლებრივ სფეროში, საოლქო სასამართლოების იურისდიქცია მეტნაკლებად ემთხვევა სამართლიანობის უფლების სისტემის სამართლოების კომპეტენციებს, მაგრამ რაც შეეხება სისხლის-სამართლებრივ სფეროს, აქ საოლქო სასამართლო უფლებამოსილი არ არის განიხილოს საქმე იმ სასამართლო ოლქებში, სადაც ტენესის შტატის გენერალურ ასამბლეას ფორმირებული აქვს დამოუკიდებელი სისხლის სამართლის სასამართლოები. 

ამ შტატის საანდერძო და სამემკვიდრეო საქმეთა სასამართლოები შექმნილია მხოლოდ ორ საგრაფოში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ მემკვიდრეობით დავა, უძრავი და მოძრავი ქონების მართვის საკითხებზე, მზრუნველობაზე და მეურვეობაზე. 

შტატის შეზღუდული იურისდიქციის სასამართლოებს მიეკუთვნება საერთო სესიის სასამართლოები, არასრულწლოვანთა სასამართლოები და მუნიციპალური სასამართლოები, რომლებიც ფუნქციონირებენ შტატის ცალკეულ საგრაფოში ან მუნიციპალიტეტებში.

ვალერი გელბახიანი

პაატა კოღუაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×