რეზონანსი
07.01.2024

გასული წლის დასაწყისში „რეზონანსის“ მკითხველებს სტატიაში „კალენდრის ბოლო ფურცელი“ მურმან ლებანიძის ერთი ლექსი შევახსენე, რომელიც წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) „ტანჯვით ამოძახილს“ („ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება ?!“) ეხმიანება: 

„გვიან გავიღვიძეთ - ბორბლებაშვერილი,

გადაბრუნებული, ლაფში წევს ურემი...

საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ, 

სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები.

გვიან გავიღვიძეთ - ჭიშკრები დაღებული!

(ტყემალზე თუ არა, ხომ ვსხედით ჭადარზე?!)

რის თავისუფლება?! სამშობლო წაგებული, 

მიწები დაყიდული ლეკზე და თათარზე!

დროდადრო ლამის ტვინი ავასხა ცამდე, -

ეს ჩემი წყალ-ჭალა რომ მიაქვს, ვისთან მიაქვს?! 

მწადს თავი გავუპო პრიმიტივს ამდენს

ზედ გადავუარო ამდენ ხისთავიანს!

გვიან გავიღვიძეთ - ბორბლებაშვერილი,

გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი...

საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ, 

სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები...“ 

მიუხედავად იმისა, რომ დედაეკლესიის ზარები დილის 6 საათიდან რეკავენ, როგორც ჩანს, მართლაც ძალიან „გვიან გავიღვიძეთ...“ (ან გავიღვიძეთ კი?!). ფაქტია, სანამ „გვეძინა“ მოქკავშირელებით დაკომპლექტებულმა პარლამენტმა ქართული მიწის გაყიდვა დააკანონა... (22.03.1996). იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ (სააკაშვილმა) მაშინ ამაყად განაცხადა, ამისათვის „მსოფლიო ბანკი“ 200 მილიონ აშშ დოლარს გამოგვიყოფსო... (არადა, ჯონ პერკინსის წიგნში „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ დეტალურად არის აღწერილი რა დღეში აგდებს „მსოფლიო ბანკი“ განვითარებად ქვეყნებს, რის გამოც „გაღვიძებისთანავე“ უარს აცხადებენ მასთან ურთიერთობაზე...). ვისაც კი იმ დროს საქართველოში „ეღვიძა“ და მიწის გაყიდვის წინააღმდეგი იყო, არც პოლიტიკოსებმა მოუსმინეს და გარედან დაფინანსებულმა „რეიტინგულმა“ მედიასაშუალებებმაც „დაბლოკეს“... (მაგ., თენგიზ ჩხეიძე, ოთარ საღარეიშვილი, ლევან ფრუიძე, ნოდარ ნათაძე, ილია კიკაბიძე, ალექსანდრე ბენდიაშვილი, ტაგუ მებურიშვილი, ნოდარ ეფრემიძე და სხვები). 

შედეგად, რაც გადამთიელებმა საუკუნეების განმავლობაში შუბით და მახვილით ვერ წაგვართვეს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ფულით კანონიერად დაისაკუთრეს. ფაქტია, სოფლები იცლება (გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოსთან შედარებით შობადობის მაჩვენებელი და სოფლად მაცხოვრებელთა რიცხვი განახევრებულია...), ქართველები „ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას“ მასობრივად ტოვებენ, ხოლო მათ ნასახლარებს არაბები, ინდოელები და ჩინელები იკავებენ... სასოფლო-სამეურნეო მიწას ვინ ჩივის, ბათუმის ქუჩები, ფაქტობრივად, თურქებს, თბილისში კი აღმაშენებლის გამზირი - ირანელებს, ამაღლების ქუჩა - სლავებს, მაჩაბლის - ტაილანდელებს, ხოლო ჭონქაძის - სომხებს აქვთ უკვე „ოკუპირებული“... ვწუხვარ, მაგრამ უცხოელების მიერ დაფინანსებული „მიწის სისტემური რეგისტრაციის“ ძირითადი მიზანიც, მოქალაქეებისთვის საკუთრებაში მიწის ნაკვეთების გადაცემის შემდეგ, მათი გაყიდვა ან ბანკებში აღებული სესხების უზრუნველსაყოფად გამოყენება მგონია... 

ვინც უკვე „გაიღვიძა“, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმასაც უნდა ხვდებოდეს, ვინ დარჩა მოგებული ქართველების აფსუებსა და ოსებთან დაპირისპირებით... (არადა, მეზობელი ქვეყნების მიერ მიტაცებულ-ოკუპირებული ქართული მიწებიც ჩვენი „პირველების“ გაყიდული მგონია...), მით უმეტეს, როდესაც სულ ახლახან ბიჭვინთაც და მიუსერაც უკვე „ფაქტობრივმა ხელისუფლებამ“ გაასხვისა „კანონიერად“... 

არადა, ბიბლიური დანაწესია, რომ „მიწა არ უნდა გაიყიდოს, ვინაიდან ის უფალს ეკუთვნის, ხოლო ჩვენ მდმურები ვართ მისი“... წინააღმდეგ შემთხვევაში, 

„მიმოიფანტებით სხვა ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა, ხოლო თქვენს მიწაზე სხვები დასახლდებიან... (ლევიანნი, 23, 32, 33, 38 და 39). ამასთან, ჯერ კიდევ სულხან-საბამ დაგვარიგა, „ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს. მოყვარესა მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება, მოცინარობს“, გრიგოლ რობაქიძემაც შენიშნა, რომ „ქართველის ყველაზე დიდი მტერი ქართველია“, ხოლო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ერთ-ერთ ადრინდელ საშობაო ეპისტოლეში შეგვახსენა, რომ „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოს“. 

ფაქტია, ფულს დახარბებული ჩვენი თანამემამულეების მიერვე „გადაბრუნებულ ურემს“ და „დაღებულ ჭიშკრებს“ ვერც გასულ წელს მივხედეთ, თუმცა „ნაციონალური („რევოლუციური“) დროშები“ ბევრი ვაფრიალეთ... ამასთან, ვინაიდან არც უკრაინაში დასრულდა „სპეცოპერაცია“ და არც ჩვენთან „ნაც-ქოცების“ დაპირისპირება, რუსები ღობეს ისევ თანდათან „აცოცებენ“, მათთან დალაპარაკების ნაცვლად კი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით“ ვაპირებთ (რომელიც მოსამართლეების „დასანქცირების“ მიუხედავად, თურმე „ქართველ ხალხს“ მოგვანიჭეს...), ხოლო პოლიტიკაში დაბრუნებულმა ივანიშვილმა მეხუთე პრეზიდენტი ამჯერად უკვე ოპოზიციის ლიდერად „დანიშნა“, როგორც ჩანს, წელსაც საკმაოდ რთული წელი გველის და მიწის საკითხისთვის არ გვეცლება... მით უმეტეს, „პროპორციული“ საპარლამენტო არჩევნები გველოდება და მიწის გაყიდვასთან ერთად, ახალი სახელმწიფო სიმბოლოების დამკანონებელი მესამე პრეზიდენტიც აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში... 

არადა კეთილსინდისიერი, კომპეტენტური და რეალურად დამოუკიდებელი პიროვნებებით დაკომპლექტებული საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება ოკეანისგაღმელი „სტრატეგიული პარტნიორებისა“ და „ევროპელი მეგობრების“ წინაშე თავის მოსაწონებლად კი არა, ისევ „გადაბრუნებული ურმის პატრონებს“ გვჭირდება ეროვნული თვითმყოფადობისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. 

ქართული მიწის გაყიდვის დაკანონებით გამოწვეული გულისტკივილი გურამ ფანჯიკიძემ ღიად გაგვანდო: „რად გვინდა სამშობლო, თუნდაც აყვავებული და აღორძინებული, სადაც ქართველები აღარ იქნებიან“ („საქართველოს რესპუბლიკა“, 31.10.1997), ხოლო კორუმპირებული თვისტომების თაობაზე მორის ფოცხიშვილს აქვს ნათქვამი, რომ: 

„ურცხვნი ურცხვთა შორის ურცხვობენ,

„პოტფელში“ უსივდებათ „პორტმანი“,

ურცხვად მორჩილებენ უცხო თესლს,

ცოტანი ქართველობენ ცოტანი“... 

ქართული სახელმწიფოს მომავალი იაკობ გოგებაშვილსაც აწუხებდა და ერის „გაღვიძებას“ ჯერ კიდევ საუკუნის წინ ცდილობდა: „ჩვენი ქვეყნის ბუნება ძლიერ მდიდარია, ჩვენ კი ძლიერ ღარიბნი ვართ. რადა? იმიტომ, რომ მოვლა არ ვიცით ამ ბუნებისა. სხვებმა იციან ეს მოვლა. ვინაიდან ერთი ათად მეტის გამორჩენის იმედი აქვთ, ფულს გვახარბებენ და ხელიდან გვაცლიან მიწა-წყალს. ამ მოვლენას ბოლო თუ არ მოვუღეთ, იგი ჩვენ თვითონ აგვიგებს ანდერძსა... თუ ჩვენი ხალხი გამოესალმა მიწა-წყალსა, ის აუცილებლად გაქრება დედამიწის ზურგიდან. მიწა-წყალი ნამდვილი ფესვებია ერის ცხოვრებისთვის და როგორც ხე, მოშორებელი ფესვებს, ხმება, ისე ერი იღუპება, როცა ხელიდან ეცლება მიწა-წყალი, ტერიტორია“ (გაზეთი „ივერია“, #177, 1893). 

ამდენად, მართალია „გვიან გავიღვიძეთ“, მაგრამ დროა, პოლიტიკოსებიც უფრო გონივრულად შევარჩიოთ და დარჩენილ ტერიტორიას მაინც გავუფრთხილდეთ... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×