საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს ესუბრა იმაზე, რომ საჭიროა საქართველოში რეფორმების მიმართულებით ძალისხმევის გაორმაგება, დემოკრატიული სტანდარტების ხელშეწყობა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. კოლომინამ მრავალწლიან ტრადიციასაც არ უღალატა და ისიც დაწერა, რომ ნატო საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია.
,,ნატოს ღია კარის პოლიტიკა, რომლის მიზანია კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანება ნატოში, არის არათანამიმდევრული, შერჩევითი, და მოქცეულია რუსეთის გავლენის ქვეშ’’, წერდა 2015 წლის დეკემბერში ცნობილი ექსპერტი ჯუდი დემფსი, რომელიც, სხვა ექსპერტებთან ერთად, აღშფოთებული იყო ნატოს ორმაგი სტანდარტებით და წუხდა, რომ ასეთი პოლიტიკა ნატოს დისკრედიტაციას იწვევდა. საქმე ის იყო, რომ ნატოს გენმდივანმა სტოლტენბერგმა მაშინ განაცხადა, რომ ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება მონტენეგროს (ანუ ჩერნოგორიის) ნატოში გაწევრიანების შესახებ. პატიოსანი ექსპერტების აღშფოთებას კი ის იწვევდა, რომ მონტენეგროში ფეხქვეშ იყო გათელილი ნატოში გაწევრიანების ყველა სტანდარტი: საერთაშორისო ორგანიზაციები მონტენეგროს აღიარებდენენ ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად; აღნიშნავდნენ იქ სიტყვის და მას-მედიის თვისუფლების დეფიციტს; წერდნენ, რომ მონტენეგროს უკვე 25 წლის განმავლობაში რკინის ხელით მართავდა ქვეყნის მთავარი კორუფციონერი, ნეაპოლის პოლიციის მიერ მაფიასთან კავშირში მხილებული და ძებნილად გამოცხადებული პრემიერ-მინისტრი ჯუკანოვიჩი. მთავარი კურიოზი ის იყო, რომ ყოფილი კომუნისტი ჯუკანოვიჩი, თავის დროზე სერბეთის დიქტატორ მილოშევიჩთან ერთად, ეომებოდა ნატოს. ექსპერტები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მონტენეგროს მოსახლეობის მესამედს არ უნდოდა ქვეყნის ნატოში შესვლა; რომ ქვეყნის უძრავი ქონების 40% რუსი ოლიგარქების ხელში იყო; რომ ტურისტების 20% რუსები იყვნენ; რომ რუსეთი მონტენეგროსთვის ყველაზე მსხვილი ინვესტორი იყო და ა.შ.; რომ მონტენეგროს არმია სულ 2000 კაცისაგან შედგებოდა და, ცხადია, არასოდეს მონაწილეობდა ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, რომლებშიც საქართველოს ათასამდე მეომარი ჰყავდა ერთდროულად გაგზავნილი (ამ მხრივ პირველ ადგილზე ვიყავით ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის და ბევრად ვუსწრებდით ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას).
ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ჯუკანოვიჩმა კრემლს ზურგი შეაქცია მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა არ შეასრულა მონტენეგროსთვის რამდენიმე მილიარდი დოლარის კრედიტების მიცემის დაპირება, თანაც მოსთხოვა ჯუკანოვიჩს მონტენეგროში რუსეთის საზღვაო ბაზის განთავსება.
ერთი სიტყვით, აღშფოთებული ექსპერტები წერდნენ, რომ ნატოს სტანდარტების მხრივ საქართველოს მონტენეგროსთან შედარება შეუძლებელი იყო და მონტენეგროს საქართველოზე წინ დაგენება ნატოს ორმაგი სტანდარტებისა და თვალთმაქცობის მაგალითად დარჩებოდა.
ჩემი აზრით, მონტენეგროს გაწევრიანება ნატოს ხელმძღვანელების მხრიდან სწორი, დროული და გაბედული ნაბიჯი იყო - დასავლეთმა ბოლო მომენტში გამოგლიჯა მონტენეგრო პუტინის რეჟიმის კლანჭებიდან. კრემლი მაშინ ბევრს იმუქრებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა - მონტენეგროში კრემლის მიერ პუტჩის მოწყობის უბადრუკი მცდელობა კრემლის სამარცხვინო მარცხით დასრულდა. ნატოში სწორედ გათვალეს: კრემლმა ვერ გაბედა საზღვაო ან საჰაერო დესანტით ჯარების გადასხმა ევროგაერთიანების ქვეყნებით გარშემორტყმულ მონტენეგროში და გაწევრიანების წელიწადნახევრიანმა პროცესმა ქვეყნისთვის მშვიდად ჩაიარა. ამაზრზენი ის იყო მხოლოდ, რომ სტოლტენბერგმა და ნატოს სხვა წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველომ მაგალითი უნდა აიღოს მონტენეგროსგან, უნდა ჩაატაროს რეფორმები, დააკამაყოფილოს სტანდარტები და მასაც მიიღებენ ნატოში! რა ვქნათ აწი ქართველებმა, მონტენეგროსავით ევროპის ყველაზე კორუმპირებულები გავხდეთ, თუ ნეაპოლის პოლიციის მიერ რომელიმე ძებნილი პრემიერად დავნიშნოთ? - ვეხუმრებოდი დასავლელ დიპლომატებს, ისინი კი ხელებს ასავსავებდნენ - რას იზამ, ასეთია პოლიტიკა. სტოლტენბერგს რომ ეთქვა სიმართლე: რომ საქართველო ნატოს სტანდარტებით ბევრად უსწრებდა მონტენეგროს, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარების გამო არათუ ნატოში გაწევრიანების განცხადება, არამედ მაპის (ნატოში გაწევრიანების გეგმის) მიცემაც კი საქართველოსთვის კატასტროფა იქნებოდა და რომ ნატო უფრთხილდებოდა საქართველოს, ყველაფერი რიგზე იქნებოდა. სტოლტენბერგს სულაც არ სჭირდებოდა ამ კატასტროფის დეტალებზე საუბარი და რუსეთის მხილება - ყველასათვის ისედაც ცხადი იქნებოდა, რაზეა ლაპარაკი: საქართველოსთვის მაპის მიცემის, ან ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ნატოს განცხადება გამოიწვევდა კრემლის მყისიერ რეაქციას. პუტინი იმ დღესვე დააკმაყოფილებდა ცხინვალის ,,პარლამენტის’’ და ,,მოსახლეობის’’ მრავალჯერ დადასტურებულ თხოვნას და ხელს მოაწერდა ცხინვალის რეგიონის ,,ისტორიულ სამშობლოსთან’’ - ჩრდილო ოსეთთან შეერთების დეკრეტს, რომელსაც რუსეთის დუმა მაშინათვე ხმას მისცემდა; იმ ღამითვე, რუსეთის ჯარები დაიკავებდნენ პოზიციებს რუსეთის ყოფილი ბაზების ტერიტორიაზე (მაგ. სენაკში, ახალქალაქში, ვაზიანში...). სხვა მრავალ შესაძლო მოქმედებაზე აღარაფერს ვიტყვი. დასავლეთის სანქციები რუსეთის მიმართ ბევრად უფრო სუსტი იქნებოდა, ყირიმის ანექსიით გამოწვეულ სანქციებზე. ყველაფერ ამაზე არაერთხელ მისაუბრია დასავლელ დიპლომატებთან და ექსპერტებთან და თითქმის ყველას ეს კარგად ესმოდა. სწორედ ამას გულისხმობდნენ დასავლეთის ის ლიდერები და დიპლომატები, რომლებიც ობამას მსგავსად აცხადებდნენ, რომ საქართველო საერთოდ არ ადგას ნატოსკენ მიმავალ გზას, ან საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის მსგავსად ამბობდნენ, რომ საქართველოს მაპს არ აძლევენ იმიტომ, რომ არ უნდათ, რომ განმეორდეს 2008 წლის აგვისტოს მსგავსი ტრაგედია. სტოლტენბერგი ამის თქმას ვერ ბედავს იმიტომ, რომ ნატოს წარმოადგენს. ნატოს წესდებაში კი მკვეთრად წერია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ნატოში ახალი წევრის მიღების გადაწყვეტილებაზე. არადა ნატოს გაფართოების მთელი ისტორია ცხადჰყოფს, რომ გაწევრიანების გადაწყვეტილებები სწორედ გეოპოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, სტანდარტებზე საუბარი კი ხშირად ამ რეალობის შენიღბვის ინსტრუმენტია.
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში შესაძლებელია მხოლოდ არსებული გეოპოლიტიკური სურათის ჩვენთვის სასიკეთო ცვლილების შემთხვევაში. 2020 წელს, ყარაბაღში რუსეთის კატასტროფული მარცხის შემდეგ, ეს სურათი სწრაფად იცვლება და უკრაინაში მიმდინარე ომი აჩქარებს ამ პროცესს. მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ ამბობს, როგორი იქნება ახალი სურათი და ამ ეტაპზე ნატოს წარმომადგელებისაგან რეგულარულად მოვისმენთ იმას, რასაც 20 წელიწადზე მეტია ვისმენთ: რეფორმებზე ძალისხმევის გაორმაგების მოწოდებას, სტანდარტების დაკმაყოფილების აუცილებლობას და ა.შ. არადა ობიექტური პირობების გამო საქართველოს არ ჰყავს ეროვნული ინტერესებისა და დემოკრატიული ფასეულობების ერთგული ოპოზიცია. არსებულ ხელისუფლებას ებრძვიან დიდი ფულის და მძლავრი ტელევიზიების მფლობელთა დაჯგუფებები, რომლებსაც უნდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ეს მიზანი მათთვის ნებისმიერ საშუალებას, მათ შორის ქვეყნისათვის დიდი ზიანის მიყენებას ამართლებს. პატრიოტიზმს და პროდასავლურობას ეს ნაძირალები ნიღბებად იყენებენ. ასეთი მდგომარეობა აფერხებს რეფორმებს. ის, რაც ქაღალდზე დაწერილი დემოკრატიულ რეფორმად გამოიყურება, სინამდვილეში შეიძლება ანტიეროვნული დაჯგუფებების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ინსტრუმენტად იქცეს. ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობას სიმტკიცე და სიფრთხილე მართებს.