პოლარიზებული საზოგადოების ყურადღება ერთ არსებით საკითხს მინდა მივაპყრო, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „პროევროპელებსაც“ და „რუსეთუმეებსაც“ გააერთიანებს ... ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მავანთა კორუფციული ინტერესებში, თბილისის ისტორიულ ცენტრშიც კი არაერთი „ვანდალური ურბანიზმის“ (თუ „ურბანული ვანდალიზმის“) აქტი განხორციელდა. მაგ., ყოველმხრივ გამორჩეული სასტუმრო „ივერია“ სრულიად უსახურმა მინის შენობამ ჩაანაცვლა, ხოლო ქაშვეთის ეკლესიიდან მთაწმინდის ხედი არაადეკვატურად დიდმა „ელიტურმა“ საცხოვრებელმა კორპუსმა დაფარა... ამასთან, გარდა იმისა, რომ რუსთაველზე არსებული და, ფაქტობრივად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ქცეული „ლაღიძის წყლების“ ადგილზე ტანსაცმლის მაღაზია განთავსდა, ანჩისხატის ტაძრის გვერდით არსებული „ლაღიძის წყლების“ ორსართულიანი მაღაზიაც გაიყიდა და სასტუმროდ გადაკეთდა...
კარგად მასხოვს, როდესაც „ლაღიძის წყლების“ მეორე მაღაზია გაიხსნა დედაქალაქის მაშინდელი მესვეურები ანცხადებდნენ, რომ ანჩისხატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უნიკალური ისტორიულ ძეგლზე მაღალი შენობა არასდროს აღიმართებოდა...
სამწუხაროდ, ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის “ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ყოფილი „ლაღიძის წყლების“ შენობის თავზე ჯერ ხუთჯვრიანი დროშები აღიმართა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ კანონდარღვევით (მერიის შესაბამის სამსახურების ხელმძღვანელებთან კორუფციული გარიგების შედეგად), შენობას კიდევ ორი სართული დაემატა, რომელიც ახლახან დაიწვა...
სანამ სასატუმროს მესაკუთრეს განადგურებული ფართის აღდგენა დაუწყია, გონივრული იქნება, მერიამ შენობა საბაზრო ღირებულებით გამოისყიდოს (როგორც ვაკის პარკში გამოისყიდა მიწის ნაკვეთი, რომელზეც რესტორან „ბუდაპეშტის“ ყოფილ მფლობელბს სასტუმროს აშენება ჰქონდათ განზრახული...) და რეკონსტუქციის გზით მას პირვანდელი სახე და დანიშნულება დაუბრუნოს, რითაც სამართლიანობა „ლაღიძის წყლების“ მიმართ ნაწილობრივ მაინც აღდგება.
კარგი იქნება, თუ მერია აღნიშნული შენობის გასხვისების კანონიერებითაც დაინტერესდება. შედეგად, თუ აღმოჩნდება, რომ ობიექტის პრივატიზაცია კანონმდებლობის დაცვით განხორციელდა და მას კეთილსინდისიერი მესაკუთრე ჰყავს, მერია მისგან ფართს საბაზრო ფასით გამოისყიდის ან გადაუცვლის სხვა ქონებაში, ხოლო თუ მესაკუთრე არ დათანხმდება, არსებობს კანონი საზოგადობრივი საჭიროებისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ, რის საფუძველზე მერია დღევანდელ მესკუთრეს სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობის სამართლიან კომპენსაციას გადაუხდის.
მიმაჩნია, რომ გამონთავისუფლებულ ფართში „ლაღიძის წყლების“ მაღაზია პირვანდელი სახით უნდა აღდგეს და მისი ფუნქციონირება მერიის მიერ დაფუძნებულმა საწარმომ ლაღიძეების სახელოვანი გვარის წარმომადგენლებთან შეთანხმების საფუძველზე უნდა უზრუნველყოს. შესაძლებელია, თბილისის მერიის, „ლაღიძის წყლების“ სასაქონლო ნიშნის მფლობელებისა ან/და დაინტერესებული პირების მიერ სააქციო საზოგადოების დაფუძნებაც, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, თბილისელებიც განახორციელებენ ინვესტირებას და პოპულარული „ლაღიძის წყლების“ მაღაზია, არა მარტო ანჩისხატთან, არამედ რუსთაველის გამზირზეც ამოქმედება.
აღნიშნული წინადადებით თბილისის მერიას მივმართე და შევთავაზე თბილისელთა ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველეყო ანჩისხატის ტაძრის გვერდით არსებული შენობის დაუყოვნებლივ გამოსყიდვა მესაკუთრისგან და მის ადგილზე „ლაღიძის წყლების“ არაუმეტეს ორსართულიანი მაღაზიის აღდგენა. ამასთან, ყველა შემთხვევაში, თუ დედაქალაქის მესვეურები რჩევას არ გაითვალისწინებენ, ვთვლი, არ უნდა დაუშვან, რომ ანჩისხატის ტაძრის გვერდით მდგარი შენობა ორ სართულზე მაღალი იყოს და მისი აღდგენა მხოლოდ თავდაპირველ პროექტში მოცემული სახით უნდა მოხდეს.
ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი