სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    04.07.2013

    ვახტანგ ასლანიკაშვილი

    აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი

    20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულენოვანი მოსახლეობა განდევნილ იქნა აფხაზეთიდან და დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. დაპირებებით დავიღალეთ, წაგვერთვა სამოქალაქო აზროვნება, გამკითხავი აღარ გვყავს, დევნილის სახელი დაგვიმკვიდრდა და, ალბათ, განმასხვავებელ სახელად დაგვრჩება საბოლოოდ. აღნიშნულ უბედურებას ისიც ემატება, რომ სახელმწიფოს მიერ სიმბოლურ დახმარებას (რომელიც კომპაქტურად ჩასახლების ცენტრებში დევნილთა შენახვაზე მომსახურე პერსონალისათვის 2 ლარს შეადგენს) და საცხოვრებელი კორპუსის მიმდინარე რემონტისათვის თანხას ვინ რაში ხარჯავს, არავინ იცის. საკვირველია, ლტოლვითა და განსახლების სამინისტროში ამ ფაქტით რატომ არავინ დაინტერესდა? დღემდე დევნილების სახელზე ბიუჯეტიდან თანხები რისთვის იხარჯება, დევნილებამდე რატომ ვერ აღწევს, არავინ არკვევს. ამასობაში დევნილთა ცხოვრება თანდათან უარესდება. ისმის კითხვა, ვინ გვიშველის? პასუხი გაურკვეველია.

    წყალტუბოში სანატორიუმ საქართველოს კომპაქტურად ჩასახლების ცენტრში, ისევე როგორც ყველგან, ფუნქციობს შპს "საქართველო" (ხელმძღვანელი ნუგზარ კიკნაძე). სანატორიუმში დღეისათვის ცხოვრობს 460-მდე დევნილი. როგორც წესი, დევნილთა მომსახურებას ეწევა 4 თანამშრომელი, მათ შორის, 3-ის ხელფასი 35 ლარია ერთის კი - 80 ლარი. სხვა თანხის გამოყენების შესახებ არავინ იცის. ნუგზარ კიკნაძე დევნილებს არ გვაძლევს უფლებას, რომ გავარკვიოთ თანხების გამოყენების საკითხი. შპს-სა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის ხელშეკრულების პირობები ჩვენთვის უცნობია. დევნილებმა ვიცით მხოლოდ ის, რომ დევნილთა შენახვაზე მომსახურე პერსონალისათვის და მიმდინარე რემონტისათვის გათვალისწინებული თანხების სხვა დანიშნულებისათვის გამოყენება არის კორუფცია და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

    ზემოაღნიშნული ფაქტების შესახებ შენიშვნებით მრავალჯერ მივმართეთ შპს "საქართველო"-ს ხელმძღვანელს, რამდენჯერმე გვქონდა სადავო საუბარი დევნილთა ლიმიტირებულ ელენერგიის მიტაცების (მოპარვა) შესახებ, მაგრამ უშედეგოდ. ნუგზარ კიკნაძე კატეგორიულად უარს აცხადებს ელენერგიის ხარჯის გადახდაზე.

    ამას დაემატა ისიც, რომ 2013 წლის 20 მაისამდე ერთი კვირის განმავლობაში ნუგზარ კიკნაძე დაქირავებული მუშების დახმარებით აკეთებდა ლითონის კონსტრუქციის მოწყობილობის დემონტაჟს, კონსტრუცია არის განსაკუთრებული მნიშვნელობის - 4 ცალი რეზერვუარი, სავარაუდოდ, 15 ტონა თითოეული, გარშემო და სახურავი თერმოიზოლიაციის ფირფიტა 10 სმ სისქის, სავარაუდოდ, 30 ცალი, 1მ სიგანის, 4მ სიგრძის. გვაქვს ფოტოსურათები და ვიდეოგადაღება, რომელიც შესრულებულია დემონტაჟზე მუშაობის დროს.

    ნუგზარ კიკნაძე მუშაობდა წყალტუბოს სანატორიუმ "მეგობრობის" დირექტორად. აღნიშნულ სანატორიუმში დაანგრია ყველა არასაცხოვრებელი ნაგებობა. დაინტერესებულებს შეუძლიათ იხილონ ფაქტი. კიკნაძე ამბობს, რომ ის შპს "საქართველო"-ს ხელმძღვანელად მუშაობს 2008 წლიდან, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. 1997 წლის ნოემბერში დაფუძნდა შპს "ჯანმრთელობა", რომელის გენერალური დირექტორი იყო თბილისელი გაგნიძე. შემდეგ რა მიზნით შეიცვალა შპს-ს სახელი, ეს ჩვენთვის უცნობია. სავარაუდოა, რაღაც საიდუმლოს დაფარვასთან იყოს დაკავშირებული.

    სხვადასხვა დროს დანაშაულებრივი ქმედებების გამო წერილობით მივმართე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, ბ-ნ გიორგი ხევიაშვილს, მაგრამ უშედგოდ. როგორც ჩანს, სამინისტროდან ვიღაც თანამშრომელმა უამბო ნუგზარ კიკნაძეს ამ ფაქტების შესახებ და მან დაცინვით მოგვიწოდა სამინისტროში წასვლისკენ. სახელმწიფო დახმარების მოთხოვნა კიკნაძისთვის სასაცილოდ ითვლება. მისთვის, ალბათ, ისიც სასაცილოა, რომ ყოფილი მინისტრის დროს საინვენტარიზაციო მონაცემები ჩაიტანა სამინისტროში და ვითომ დევნილებს ახალ საცხოვრებელ ბინებში გაატანს სანატორიუმის კუთვნილ ავეჯს, რაზედაც მიიღებდა საფასურს დღევანდელი საბაზრო ღირებულებით (აქ საერთოდ ვერ გავიგე, რაზეა საუბარი. ეს ფაქტი უკვე მოხდა, თუ უნდა მოხდეს, თუ აპირებდა ამას და არ გამოუვიდა რედ.).

    მე მას განცხადებით მივმართე 2012 წლის 4 ივნისს, რათა გაეკეთებინა ნამდვილი ინვერტარიზაცია, მაგრამ დღემდე პასუხი არ მომცა. აქედან ისმის კითხვა, რატომ არ ხდება შემოწმება და ღირებულების განსაზღვრა დიდი ხნის ამორტიზებული ავეჯის შესაფასებლად?

    ზემოთ აღნიშნული კონსტრუქციის დემონტაჟის დროს, 20 მაისს მივედი მუშებთან და შევეკითხე, ვინ არის თქვენი ხელმძღვანელი, ელენერგიის ხარჯი ხალხის გადასახდელია, აღარ მიაერთოთ ელმომხმარებელი სადენებზე-თქო. მოგვიანებით, დავინახე, რომ კვლავ მუშაობდნენ, ჩავედი და მოვხსენი სადენები. ამ დროს, სავარაუდოდ, ჩემგან 5-6 მეტრის მანძილზე გამოჩნდა ნუგზარ კიკნაძე აგრესიულად შემართული. იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით ილანძღებოდა და მოიწევდა ჩემკენ. მე ვიდექი ზევით 2 მეტრის სიმაღლეზე, ჩემამდე ამოსასვლელად გამოიყენა რეზერვუარების საყრდენი და დემონტაჟის დროს დარჩენილი მოუჭრელი რკინები, მწვდა ფეხებზე. შევეცადე ხელებით მოგერიებას, მაგრამ ვერ შევძელი. შესაძლებელი იყო ორივეს ჩავარდნა, ამიტომ სხვა გზა აღარ მქონდა, ფეხით მოვიგერიე. ამის გამო, მას მიზეზი გაუჩნდა პოლიციის გამოსაძახებლად. განცხადებებაში აღნიშნულ ფაქტს სხვადასხვანაირად იხსენებს. თითქოს მე ფეხი დავარტყი მუცლის არეში, სხვაგან კი აღნიშნავს, რომ დავარტყი ბეჭზე, მესამე შემთხვევაში კი ისე გამოდის, თითქოს ჩემი ფეხი გულმკერდის არეში მოხვდა. სინამდვილეში არც ერთხელ არ დამირტყამს, მე მისი შეტევა მოვიგერიე ფეხით და ეს ჩაითვალა დარტყმად.

    არსებობს სამართლებრივი კანონი და ღვთაებრივი კანონი. მე გამასამართლეს ორივე კანონის დარღვევით. ნუგზარ კიკნაძემ ტყუილებით შეაცდინა გამომძიებელი. მათ კი შეაცდინეს მოსამართლე. კიკნაძემ დაარღვია ღვთაებრივი კანონი და განცხადება გაავსო ტყუილებით, გამომძიებელმა კი ნამდვილ ფაქტად წარმოუდგინა მოსამართლეს, რომელმაც ეს ყველაფერი მტკიცებულებად მიიღო. მე გამასამართლეს 125 უხლის 1 ნაწილით, წვრილმანი ხულიგნობისათვის.

    აღმოვჩნდი მსჯავრდებულის სკამზე იმიტომ, რომ ვიცავ დევნილთა უფლებებს, ვარ მათი ერთგული, დავიცავი საკუთარი ღირსება, შევეცადე თავი დამეცვა ძალადობისაგან.

    უკვე 20 წელია, რაც აღარაფერი გამაჩნია. საკუთარი, რაც მქონდა, სეპარატისტებმა დამინგრიეს, შვილი სამშობლოს დაცვას შეეწირა, ვამაყობდი იმით, რომ პატიოსნება მთლიანად შევინარჩუნე. დღეს კი გაწბილებული, ხულიგნობის მუხლით გასამართლებული, მთლიანად განადგურებული, იმედწართმეული, სამოქალაქო აზროვნებაჩამორთმეული, ვერ შევხედავ ცხოვრებას იმედის თვალით. თავს ვერ მოვიტყუებ! ეს ყველაფერი დაუმსახურებლად მივიღე, იმის საპასუხოდ, რომ მე არ შევეგუე დევნილთა კუთვნილის მოპარვა-მითვისებას. არა მგონია, იყოს სრულყოფილი მამაკაცი, რომელიც მოითმენს ისეთ შეურაცმხყოფელ სიტყვებს, როგორითაც ნუგზარ კიკნაძემ მე მომმართა.

    აღნიშნული ფაქტის შესახებ გაზეთ "რეზონანსში" ვრცელი სტატია დაიბეჭდა. ჟურნალისტ ელზა წიკლაურის წერილში - "ოჩამჩირიდან დევნილი წყალტუბოში მეექვსე დღეა შიმშილობს" -გაზეთში ნათლად არის აღნიშნული შიმშილობის მიზეზი.

    იქვე სტატიაში მოყვანილია წყალტუბოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია "წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირი"-ს ხელმძღვანელი, ლალი გრიგოლავას კომენტარი. ის ამბობს, რომ ვახტანგ ასლანიკაშვილის საპროტესტო მშრალი შიმშილობა არის პოლიტიზებული.

    როდესაც ადამიანი უკიდურესად მძიმე, მშრალი შიმშილობის აქციას მიმართავს, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანად ირღვევა ადამიანთა უფლებები. ლალი გრიგოლავა კი შიმშილობის აქციას აკრიტიკებს და პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს. მისთვის უცხოა კეთილშობილება, ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანი მოთხოვნა, დევნილთა უფლებების დაცვა, დევნილთა შესანახად მომსახურე პერსონალის ხელფასის თანხების მიზნობრივად გამოყენება, საკუთარი ხალხისადმი ერთგულება, დევნილთა ტკივილის გაზიარება და სხვა.

    კორესპოდენტთან საუბრისას ქ-ნ ლალის გამონათქვამი შესაფასებელია, როგორც არადაეკვატური და მიუღებელი. მე კეთილი გულით მოვუწოდებ მას, რომ სანამ უპასუხებს კითხვებზე, მოისმინოს, მოიფიქროს, გააანალიზოს, გამოარკვიოს და ისე გამოთქვას საკუთარი აზრი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×