სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პარტიების ხელშეწყობა სახელმწიფოებრივი საქმეა
    ღია წერილი
    03.07.2013

    საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ძლიერი, გამართული სტრუქტურისა და ჩამოყალიბებული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობა და ფუნქციონირება ნიშნავს ქვეყნის სტაბილურობას, სახელმწიფო სტრუქტურების ქმედუნარიანობას, რეალისტურ საგარეო ორიენტაციას, ეკონომიკის განვითარებას, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. ამას ცხადად ნათელყოფს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება.

    სააკაშვილის მახინჯი რეჟიმის ერთი არსებითი მახასიათებელი იყო ის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებს შექმნილი ჰქონდათ არათანაბარი სასტარტო პირობები, რაც ყოველ არჩევნებზე იცვლებოდა ხელისუფლებისა და მისი სატელიტების ინტერესების შესაბამისად.

    ტირანიის შეზღუდვის შემდეგ, საქართველოს გაუჩნდა შანსი, დაიწყოს ნორმალური სახელმწიფოებრივი ცხოვრება, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმას გულისხმობს, რომ საქართველოში დადგეს პერიოდი საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრინციპული შეთანხმებისა და მიღწეულ იქნეს საერთოეროვნული კონსენსუსის მინიმუმი მაინც.

    შეუძლებელი გახდება ძველი სისტემის ნანგრევებზე ახალი ცივილიზებული და ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესის დაწყება, თუ პოლიტიკურ ძალებს ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობა არ მიეცემათ; არ ითქმება უარი სატელიტ პარტიებზე; არ დაინერგება პოლიტიკურ ძალთა შორის თავისუფალი კონკურენცია და არ ჩამოყალიბდება ჯანსაღი პოლიტიკური და საარჩევნო გარემო.

    იქიდან გამომდინარე, რომ რადგანაც წლების განმავლობაში ხელისუფლება ყალიბდებოდა არაორდინარულ ვითარებაში, საჭიროა, მიღებულ იქნეს ერთჯერადი არაორდინარული გადაწყვეტილება, რომელიც მუდმივი გამართული მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებამდე შესაძლებელს გახდის რეალური და ამავე დროს სამართლიანი პოლიტიკური სივრცის შექმნას. ამ სისტემის მთავარი პოლიტიკური კომპონენტის - პოლიტიკური პარტიების გამართული ფუნქციონერების ხელის შეწყობის ჩათვლით.

    ჯანსაღი და მდგრადი პოლიტიკური სივრცის შესაქმნელად, უპირველეს ყოვლისა, ხელშეწყობა სჭირდებათ არასაპარლამენტო პარტიებს, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო პარტიები ისედაც უზრუნველყოფილნი არიან, როგორც ძალაუფლების ბერკეტების მფლობელები, ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობებითა და მექანიზმებით (მედიის ყურადღება, ოფისები, კომუნიკაციისა და გადაადგილების საშუალებები, ხელფასები, საგარეო ვიზიტები, სახელმწიფო ღონისძიებები, დაცვა და სხვა).

    სააკაშვილის რეჟიმის მიერ შემოღებული "კვალიფიციური სუბიექტის" სტატუსი და მისგან გამომდინარე პრივილეგიების პრაქტიკა, რომელიც ემყარება ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს (რასაც პრივილეგიების მიმღებებიც ადასტურებენ), შორსაა როგორც დემოკრატიის, ასევე სამართლიანობის პრინციპებთან, მანკიერია ლოგიკურად და ზნეობრივად.

    რეალური დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ელემენტარული ფუნქციონირებისთვის, ხოლო არჩევნების დროს - ყველა მონაწილე სუბიექტისთვის თანაბარი საწყისი პირობებით.

    პარტიების სტატუსთან და მათ რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა საჭიროებს შემდგომ რეალისტურ ოპტიმიზაციას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პარტიების დაფინანსებისა და მედიაზე წვდომის შესაძლებლობებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს პარტიების გავლილი გზა, ავტორიტეტი და საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ყველაზე ობიექტური და სამართლიანი იქნება, თუ შეფასებათა სისტემა გაითვალისწინებს საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების შედეგებს ჯამურად.

    ამიტომ, სახალხო პარტიის წინადადებაა: საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამჭვირვალედ და სამართლიანად მიჩნეული არჩევნების ჩატარებამდე, პარტიას(ბლოკს), რომელიც მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში გამართულ 3 ან მეტ არჩევნებში (საპარლამენტო, ადგილობრივი), ერთხელ მაინც აქვს მიღებული შედეგი, ამომრჩეველთა 1-3%-იანი მხარდაჭერა (ციფრები განისაზღვრება პარტიების ოპტიმალური რაოდენობის შესაბამისად) და დღესაც ფუნქციონირებს, უნდა მიეცეს საინფორმაციო სივრცისა და სახელმწიფო დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. სრული კონსენსუსის მისაღებად დასაშვებია გამონაკლისიც.

    მზად ვართ, განვიხილოთ ჩვენს წინადადებაზე უფრო სამართლიანი და არგუმენტირებული წინადადებები (პრინციპები) საერთო ამოცანის უკეთ გადაჭრის მიზნით.

    იმედს გამოვთქვამთ, რომ "ქართული ოცნება" გამოიჩენს სახელმწიფოებრივი აზროვნების სიმწიფესა და ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეალისტურ პრინციპებს, რათა ქართველ ხალხს შეეძლოს, კონკურენტულ გარემოში განავითაროს თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება და მისთვის სასურველი ხელისუფლება აირჩიოს.

    ასევე ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ღია საჯარო განხილვით და უკუგდებული იქნება არსებული პრაქტიკა - პოლიტიკური ვითარების ვიწრო ჯგუფის მიერ თავის თავზე მორგება.

    პატივისცემით,

    მამუკა გიორგაძე

    სახალხო პარტია

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×