
მე ასეთი საქართველო არ მინდა!
ლამისაა, პარლამენტის წინ და ერთი ბანკის წინ - ორივეგან მრავლადაა უსაქმური და წურბელა - ხმამაღალი ყვირილი მოვრთო:
- პანტა... პანტააა!...
ვიყვირო იმ იმედით, რომ გამოვლენ სამხატვროს სტუდენტები და უტელევიზიოდ შემაჭყეტინებენ პარლამენტშიც და ბანკის სალაყბოში. ორივეგან, როცა თვალსმოფარებულად გრძნობენ თავს, შიშველი სულები უჩანთ. მათი შიშველ სულები კი მათსავე შიშველ სხეულებზე ბევრად ამაზრზენი სანახავია.
ვგრძნობ და თითქოს მესმის კიდეც, ჩემი თაობის ბიჭები და გოგონები, ისინი ვინც ოთხმოციანი წლების თავისუფლებისაკენ სწრაფვას მოესწრნენ, შორიდან მეთანხმებიან. ზოგი, უბრალოდ, ფიზიკურად შორიდან, ზოგიც ზემოდან დაგვყურებს - დაგვყურებს დანანებით.
ჩვენ ასეთი საქართველო არ გვინდოდა.
ჩვენ, ვინც ოთხმოცდაათიანების შლეგი ეპოქა გამოვიარეთ, მაგრამ მაინც იმედით შევცქეროდით მომავალს, მომავალ საუკუნეს, მომავალ ათსწლეულს... ვინც ვთვლიდით თუ გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ ახალ ათასწლეულში განწმენდილები, მიტევებულები, მიმტევებლები შევიდოდით...
და, რაც მთავარია, ვვოცნებოდით, რომ გვექნებოდა ქვეყანა, რომელშიც ყველანი თანაბარი უფლებებით ვისარგებლებდით. კანონი ყველასთვის და თანაბრად იკანონებდა.
დიახ, ჩემი თაობა იყო ასეთი - ჩემი თაობა უსმენდა აკაკი ბაქრაძის ლექცია-სემინარებს და ზვიად გამსახურდიას გამოსვლებს.
ჩემი თაობა უსმენდა მერაბ კოსტავას გულს!
დიახ, არ მოგჩვენებიათ, სულგანათლებული მერაბ კოსტავას გულს!
გულიდან მოდიოდა მისი სათქმელი. მის გულს აყოლილი ყველაფრისათვის მზად იყო ჩემი თაობა. ყველაფერს გავუძლებდით (და, გავუძელით კიდეც) ოღონდ მოსულიყო ის, თავისუფლებად რომ ვნათლავდით.
ბევრმა არც ვიცოდით, რა იყო თავისუფლება, მაგრამ იმედი გვქონდა, ნელ-ნელა გავიგებდით, გზადაგზა გავიგებდით.
მტკივა, რომ უნდა ვაღიარო, მაგრამ მაინც უნდა ვაღიარო - არ გვცოდნია და არც სწავლის უნარი გვქონია, გაგვეგო რაა თავისუფლება.
ცოტამ, ასეულებმა აუღეს ალღო, მცირეთ გაუგეს გემო „თავისუფლებას" - პრივატიზაციის თავისუფლებას, შოვნის, აშენების, დაგროვებს თავისუფლებას...
და დღეს სწორედ ისინი ჩანან ზედაპირზე - ისინი არცერთ მონაკვეთში ისტორიისა, არ იძირებიან.
გულუბრყვილო იდეალისტები, მეოცნებენი, უკეთესი ხვალის იმედით რომ იკვებებოდნენ და იკვებებიან, სწორედ ისინი იძირებიან.
მე ასეთი საქართველო არ მინდა!
ჩემი თაობის იმ ნაწილის, იმ უმრავლესობის თანხმობის ხმა მესმის, ვინც ჩაიძირა ან იძირება.
ჩვენთვის კანონობს კანონი - და, ამ კანონებს ფრიად ნამუსგარეცხილი ადამიანები წერენ. ისინი, მათ გვერდით მყოფ ნამუსიან ადამიანებს გრამატიკულად ასწორებინებენ კანონებს. წერტილ-მძიმე არ გამოგვრჩესო...
სწორედ უწესო ადამიანებმა ამოიღეს სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან საკუთარი ქონების კონფისკაცია, როგორც დანაშაულზე პასუხისმგებლობის საშუალება.
უწესო ადამიანების ეს უკეთურება არ გამოასწორეს მათ ადგილას მოსულმა სხვა უწესოებმა და უნიათოებმა.
შედეგად გვაქვს ის, რომ ხელი თუ წაგიცდა - ამისგან კი არავინაა დაზღვეული...
ცოლშვილი თუ მშიერი გიტირის, კაცს შეიძლება ხელი წაგიცდეს. ყველა ვერ იქნება ისეთი სხარტი, თვით მერაბ კოსტავაზეც ასწიო ხელი და მერე, ახალ დროში შენი ვახშის ვერდამფარველი საცხოვრისიდან გამოაგდო. რა იცი, რა დრო მოვა, ხვალ შეიძლება გამოსაჩენადაც თქვა, მე ვებრძოდი კი არა, ხელითაც შევეხეო მერაბ კოსტავას...
პენსიონერების ფულს რომ მოიპარავ, შეჭამ და კარგად გამაძღარი დაწვები - იმდენი გაქვს ნაჭამი, კრუსუნებ, დაძინებას ვერ ახერხებ, მაგრამ მაინც იმაზე ფიქრობ, ხვალ რა და ვისი შეჭამო. ყველა ვერ იქნება ასეთი სხარტი.
ათეულობით მილიონი შეჭამო და რამდენიმე წლიანი ვადის (სადაც ისეთი პირობები აქვს, რომელსაც ბევრი ოჯახი ინატრებდა) მოხდის შემდეგ, გამოვა და ისევ ზემოთ მიიწევს... მოვიხადეო უკვე სასჯელი, ახლა სუფთა და უცოდველი ვარო, ამაყად აცხადებს... არ ჩაიძირება. ყოველთვის იტივტივებს. და, ღრუტუნ-ღრუტუნით გააგრძელებს ცხოვრებას - ყველა ასეთი სხარტი ვერ იქნება.
მას კი, შიმშილით ატირებული ცოლშვილის პატრონს, სპილენძი რომ მოაჭრა რომელიღაც დაწესებულების სახურავს თუ აპარატს, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯიან. მისთვის კანონობს კანონი.
ამას კი, საქართველოს რომ ესროლა და ქვეყანა დამინგრია რამდენიმე მისნაირ ღორთან ერთად, სამშობლოში ლამის წითელი ხალიჩებით დავხვდით... ბედნიერი სიბერე უზრუნველყოფილი აქვს. ჩვენ კი, რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ იმ აფხაზ ბიჭებს მარჯვენა და ენა დავულოცოთ, ეს ლეში რომ დააჩმორეს თვითფრინავში. ვინ იცის, იმ ბიჭებმა ჩემი თანატოლებიც კი აკუწეს და ჭაში ჩაყარეს აფხაზეთში, ადრე, ომისას...
მე ასეთი საქართველო არ მინდა!
არ მნდა, რადგან, ასეთ საქართველოზე არ მიოცნებია.
მე კანონებით მაცხოვრებელი ქვეყანა მინდა - ქვეყანა, სადაც კანონი ყველასათვის ერთია.
ჩვენ სწორედ ასეთ ქვეყანაზე ვვოცნებობდით.
ჩვენ არც ორას პარტიიანი ქვეყანა გვინდოდა. არც ამდენი მუქთამჭამელი გვინდოდა. არც ისეთი, ხელისუფლებაზე ამძუვნებული ხვადები და ძუები გვინდოდა, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ მათივე ამრჩევი ხალხი და პარლამენტში არ შევალთო, ზუზუნებენ. მთლიანად ხელისუფლება გვინდაო.
ახლა რის გაყიდვას აპირებენ, არ ამბობენ. ცოტა ხნის წინ აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ გამიყიდეს, დაივიწყეთო. ჩვენ პასუხი ვაგეთ იმით, რომ ხალხმა აღარ აგვირჩიაო - თავისნაირი, ზუსტად ისეთი, როგორიც თვითონ არიან, ფლოქვებიანი ნახირი ჰგონიათ ხალხი...
ჯიქურ მოდიან - პირდაპირ და მთლიანი ხელისუფლება უნდათ.
ახლა, ალბათ, აჭარა უნდა გაყიდონ. წამოსცდა ერთ-ერთს - „თურქები და ქართველები ერთი ხალხია ოღონდ სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ"-ო. ჰოდა, მოვუშვათ ხელისუფლებაში და აიხდენენ ოცნებას - ერთ სახელმწიფოში გვაცხოვრებენ „ერთ ხალხს".
დავით გარეჯის გაჩუქება დაიწყეს, მაგრამ ვერ მოაწრეს - მოვლენ, გააჩუქებენ.
მერმის სამცხე-საათაბაგოს რიგი დადგება. მეორე მეზობელს ჰაერივით სჭირდება იგი და არა მარტო იგი - ზღვამდე მისასვლელ ვიწრო ზოლზეც თანახმანი არიან. აყვირდებიან და აბღავლდებიან, ალბათ, ერთ-ერთ სტუდიაში სამცხე-საათაბაგო საქართველო არ არის, მეზობლებისაა და ზღვამდე მისასვლელიც უნდა მივცეთო. არ მითხრათ არ იყვირებენო! იყვირებენ და ჩლიქებსაც დააბაკუნებენ.
ჩვენ კი, ოთხმოციანებში ოცნებაგაჩენილ და თავისუფლების გემოს მოშიებულ თაობას გვეშინია ხმამაღლა ვიყვიროთ - დავით გარეჯი კი არა მხოლოდ, მთელი ლაზეთი საქართველოა და ულვაშა არამზადამ იმიტომ არ შემოუერთა საქართველოს, რომ შეეშინდა!... სამი მილიონი ქართველი აშინებდა... წარმოიდგინეთ, რვა მილიონის როგორ შეეშინდებოდა?!
შეეშინდებოდა და შეეშინდა კიდეც. თორემ, ქვედა მეზობელი, მთელი ლაზეთი რომ წაგვართვა, ხელის გამნძრევი კი არა, წკრუნის გამღები არ იყო. კანკალით მიართმევდა. თუ გინდათ, ჩემო ბატონო, უფრო ქვემოთ ჩამოიწიეთო...
არა, არ დააბრუნა. იცოდა არამზადამ, ქართველები ერთმანეთს ვჭამთ, ვღალატობთ, ვყიდით, მაგრამ დგება ისეთი გადამწყვეტი მომენტები, როცა ვვერთიანდებით და მაშინ დიდ საქმეებს ვაკეთებთ - მაშინ დაუნდობლები ვართ მოღალატის, მომხვდურის, გამცემის, ნაძირალების მიმართ - დაუნდობლები და შეუბრალებელნი.
ამიტომ არ დააბრუნა დედის წიაღში.
ერთხელაც იქნება, დაბრუნდება. დაბრუნდება, რადგან საქართველოა.
ასეთ საქართველოში არ დაბრუნდება.
ასეთ საქართველოში არც აფხაზი მობრუნდება.
ქვეყანაში კი, სადაც ყველა ერთნაირია, სადაც ერთმანეთს არ პარავენ, არ ართმევენ, სადაც ხალხის ბედი ფეხებზე არა ჰკიდიათ, ყველა დაბრუნდება.
ვფიქრობ და ვერ ვუძებნი შესატყვის სახელს - რა ჰქვიათ მათ, ვინც ხალხმა სამართვად აირჩია და ესენი კი არ აპირებენ მართვაში მონაწილეობის მიღებას?
ან, კანონი დაარღვია, სასამართლომ გადაუწყვიტა რაღაც თანხის თუ გირაოს გადახდა, ეს კი აცხადებს, არ გადავიხდი - თქვენი კანონები ფეხებზე მკიდიაო.
ეს კი აცხადებს, მაგრამ სახელმწიფოც რომ ვერაფერს შვრება... უნიათოების ხელში ჩაგვიგდია სახელმწიფო...
ამგენს მართლა ჰგონიათ, რომ თვითონ მოიგეს არჩევნები!...
საიდან, ღმერთო, ამდენი თეიმურაზ ხევისთავი!
მე უნიათოებით მართული საქართველო არ მინდა!
არ მინდა დეპუტატობისას გამილიონერებული ქუცნაშვილი...
არ მინდა ქვეყნის გამყიდველი ტელევიზორიდან მოუწოდებდეს ხალხს დაუმორჩილებლობისკენ...
არ მინდა რევოლუციის ყოველწლიური, ყოველთვიური, ყოველდღიური ბღავილი...
ამათ, მართლა ჰგონიათ რომ არჩევნები თვთონ მოიგეს... რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რასაც მოიგებდით, კარგად მოუჭერდით ხელს!...
ხალხი ისე ენდობა მაგ ერთ ადამიანს, რომ მესამედაც აგირჩიათ - უნიათოები აგირჩიათ, თქვენს ადგილას ის სისხლიანი მკვლელები რომ არ მოსულიყვნენ...
ახლა კი, ვიღაც ავანტიურისტების კივილის გეშინიათ და კანონს ვერ თუ არ ამუშავებთ...
ჩვენ ასეთ საქართველოზე არ გვიოცნებია!...
დააბრუნეთ სისხლის სამართლის კოდექსში პასუხისმგებლობის მუხლი საკუთრების კონფისკაციით!
გააუქმეთ საკონსტიტუციო სასამართლო - ეს უტვინო, უწიგნური და ანგარებიანი ვაი-იურისტების ბუდე! საკონსტიტუციო საკითხებს ჩვეულებრივი სასამართლოებიც განიხილავს, უზენაესიც განიხილავს... ასეა ნორმალურ ქვეყნებში.
ყველა, ვინც სახელმწიფო წყობის დამხობისკენ მოუწოდებდა და მონაწილეობდა პარლამენტის შტურმში, გაასამართლეთ!
თვალისჩინი ვინც წაართვა ახალგაზრდების - ისინიც გაასამართლეთ!
გააუქმეთ ნარკოტიკების ლეგალიზაცია!
ქვეყნის მომავალი იღუპება!
მომავალ თაობას ანადგურებთ ნარკობარიგების მოსყიდული და ნარკობარიგების დამცველების მოწოდებებზე, არ გრცხვენიათ?
ვისთვის გინდათ ეს ქვეყანა, თუ მომავალ თაობას გაანადგურებთ?
სხვა რა გზა გვაქვს, უნდა გაცალოთ, იქნებ ყურად იღოთ ჩვენი ტკივილიანი სიტყვები და დაიწყოთ მდგომარეობის გამოსწორება. მაინც არ ვკარგავ იმედს.
თუ არა და, შეგახსენებთ, რომ დაღმართს აღმართი მოსდევს - იმ აღმართზე არ შეგიამხანაგებთ არც თქვენ და არც მათ, ვისაც ამ ქვეყნის ბედი და მისი მაცხოვრებლები ფეხებზე გკიდიათ. იმ აღმართზე უთქვენოდ ავალთ. სხვისი არ ვიცი და, ყველაფერს გავაკეთებ, ვისაც გინდა იმას შევეკვრები, თქვენ და თქვენი მოკავშირე სულგაყიდულები მოგაცილოთ სადავეებს... და, არა მარტო მოგაცილოთ, ყველას თქვენი შესაფერისი ადგილი მიგიჩინოთ - ისტორიის სანაგვეზე იქნება თუ საპყრობილეში...
ჩვენ ასეთი საქართველო არ გვინდა - ჩვენ ასეთ საქართველოზე არ გვიოცნებია!
ჩვენ კანონიერი ქვეყანა გვინდა!
ჩვენ მშვიდობიანი, მკვლელებისგან და ღორებისგან თავისუფალი საქართველო გვინდა!
ჩვენ მომავლიანი და მომავალ თაობებზე მზრუნველი საქართველო გვინდა!
ვისაც ასეთი საქართველო არ გინდათ - დიდის სიამოვნებით მიგასწავლით: ბილეთი-აეროპორტი და თქვენს საზღვარგარეთა პატრონებთან. სულ ერთია სადაც - სამხრეთით, აღმოსავლეთით, დასავლეთით თუ ჩრდილოეთით. პატრონებამდეც გზა გქონიათ!
ჩვენ კი ჩვენი ქვეყანა გვინდა. ქვეყანა, სადაც ვიღაცის სურვილის და კაპრიზების გამო კი არ ასაფლავებენ პანთეონებში, არამედ დამსახურების გამო მიეზომება ყველაზე მაღალი პანთეონი - ადგილი ხალხის გულში.
დიახ, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა!
(სოლომონ ნერგაძე, 2021 წლის თებერვალი)