
ბატონო გიორგი,
გვსურს, გამოვეხმაუროთ 2021 წლის 28 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე თქვენ მიერ გაჟღერებულ განცხადებას – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნასა და ახალგაზრდობის სააგენტოს მასში გაერთიანებასთან დაკავშირებით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, სახელმწიფომ, სხვა მნიშვნელოვან ვალდებულებებთან ერთად, პასუხისმგებლობა აიღო ქვეყანაში ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციის შექმნასა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების შესაბამისად.
• 2014 წლის 2 აპრილს საქართველოს მთავრობის N533 განკარგულებით დამტკიცდა „საქართველოს სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი“, რომელიც აღიარებს ახალგაზრდების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.
• 2015 წლის 5 მარტს დამტკიცდა „ახალგაზრდული პოლიტიკის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა“, კონკრეტული და დროში გაწერილი პროექტები და ღონისძიებები, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებდნენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ინიციატივითა და გაერო-ს სააგენტოების მხარდაჭერით 2018 წელს ჩატარებული კვლევის („საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების სტატუსის შეფასება“)მიხედვით, კითხვაზე – „რა იყო აღნიშნული დოკუმენტების განხორციელების ხელშემშლელი გარემოება“, სხვა პასუხებთან ერთად გამოიკვეთა შემდეგი მიზეზები:
1. სახელმწიფო სტრუქტურების რეორგანიზება („განათლებისა და მეცნიერების“ და „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა“ სამინისტროების გაერთიანება) და ამით გამოწვეული ბიუროკრატიული ბარიერები;
2. კონკრეტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთა ხშირი ცვლა და ახლად დანიშნულ პირთათვის სამუშაოების ეფექტურად გადაბარების შესაძლებლობების ნაკლებობა (არა მარტო ახლად შექმნილ გაერთიანებულ სამინისტროში, არამედ, ზოგადად, სახელმწიფო სტრუქტურებში);
3. კონკრეტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთა კომპეტენციების ნაკლებობა ახალგაზრდული საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით.
2014-2018 წლებში, თავად სახელმწიფო უწყების მიერ დაქირავებულმა ახალგაზრდული სფეროს ექსპერტებმა გასწიეს დიდძალი სამუშაო, რათა პასუხისმგებელ, მათ შორის ახლად დანიშნულ პირთათვის განემარტათ ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციისა და ახალგაზრდული საქმიანობის რაობა, დანიშნულება, შესაძლებლობები, უპირატესობა და მოსალოდნელი შედეგები.
უფრო მეტიც, ამ პერიოდში, ახალგაზრდული სფეროს წარმომადგენლებს დასჭირდათ დიდი ძალისხმევა, რათა ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენელი გაცნობოდა „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდული სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს, „საქართველოს სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტს“, „ახალგაზრდული პოლიტიკის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმას“ და ამის საფუძველზე გადაედგათ კონკრეტული ნაბიჯები.
• ყოველივე ამის შემდეგ, 2019 წლის 26 აგვისტოს, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ჩამოყალიბება და პირდაპირ პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარება, საერთაშორისო (მათ შორის, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს) და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც უაღრესად წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ამგვარი დამოუკიდებელი სტრუქტურა იქნებოდა ახალგაზრდული პოლიტიკის შემქმნელი (POLICY MAKER) და არა _ ინდივიდუალური პროექტების განმახორციელებელი უწყება.
დღეს საქართველოში მოქმედი 500-ზე მეტი ახალგაზრდული ორგანიზაცია საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ზოგადი ფონი გვაჩვენებს, რომ ჩვენ გვესაჭიროება რესურსები, აღიარება, ხილვადობა და სტრატეგია, რათა ვიმუშაოთ მდგრად გარემოში და მივაღწიოთ გრძელვადიან შედეგებს. ახლად ჩამოყალიბებული „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობამ, ადგილობრივ და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად, წამოიწყო ახალგაზრდული სფეროს რეფორმა არაერთი მიმართულებით. სწორად და ეფექტიანად წარმართული საქმიანობის პირობებში, ამ რეფორმების განხორციელება გადამწყვეტ წვლილს შეიტანს ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდაში, განვითარებაში, კეთილდღეობასა და დემოკრატიზაციის მნიშნელოვნად გაძლიერებაში.
• 2020 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 132-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“ და ასევე, საქართველოს მთავრობას დაევალა 2021 წლის 1-ელ აპრილამდე შეიმუშაოს მისი განხორციელების სტრატეგია, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი ღონისძიებები და მათი განხორციელებისთვის პასუხისმგებელი დაწესებულებები.
ამის შედეგად, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციები და ექსპერტები ველოდით ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით უფრო მძლავრი, ენერგიული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და „ახალგაზრდობის სააგენტოს“ გავლენის გაძლიერებას, მაგრამ მთავრობის სხდომაზე გაჟრერებულმა ინფორმაციამ ჩვენში უკიდურესი შეშფოთება გამოიწვია.
ვთვლით, რომ „კულტურისა და სპორტის სამინისტროში“ ახალგაზრდობის კომპონენტის გაერთიანება უკვე ნაცადი ხერხია, რომელმაც არ გაამართლა. ახალგაზრდობის სფერო კროს-სექტორულია და სათანადო პოზიციონირებას საჭიროებს ცალკე არსებული სტრუქტურის სახით და მისი, როგორც კროს-სექტორული სფეროს ფუნქციონირება და ეფექტიანობა პრინციპული საფრთხის ქვეშ დგება, თუ კი იგი რომელიმე სამინისტროში გაერთიანდება.
ამიტომაც, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, როგორც ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის კოლოსალური გამოცდილებისა და უნიკალური ექსპერტული ცოდნის მქონე დაინტერესებულ მხარეს (stakeholder-ებს), მნიშვნელოვნად მიგვაჩნია „ახალგაზრდული სააგენტოს“ ისევ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში დატოვება და ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რათა გავიგოთ შესაბამისი მიზეზები და ჩვენი მხრივ წარმოვადგინოთ სათანადო არგუმენტები.
P.S. რადგანაც კულტურისა და სპორტის მესვეურებთან მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან აღნიშნული სფეროების გამოყოფასა და ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ იგივე მოხდება ჩვენს შემთხვევაშიც – მთავრობა წამოვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს სახელმწიფოსათვის ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს განვითარების წინაპირობები და შეუქცევადი გახდეს დასახული რეფორმების გატარება.
მიმართვას ხელს აწერს საქართველოში მოქმედი 100-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია