რეზონანსი
10.12.2020

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება და ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაცია გვაქვს დეკლარირებული და „უზენაესი კანონიც“ არაერთგზის შეცვალეთ, დღემდე ვერც ტერიტორიული მოწობის თაობაზე ჩამოვყალიბდით და ვერც საარჩევნო სისტემის... ამასთან, მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას არა მარტო საარჩევნო კოდექსისა და „ნაციონალური დროშის“ შინაარსის, არამედ პარლამენტის დანიშნულების თაობაზეც კი არ აქვთ წარმოდგენა. 

ისიც ფაქტია, დღემდე არც საარჩევნო სიები დაგვიზუსტებია, კომისიები საეჭვო რეპუტაციის და გაყალბებაში დახელოვნებული „ძველი კადრებით“ გვყავს დაკომპლექტებული, ბიულეტენებს ისევ ხელით ვითვლით და შედეგებს უშეცდომოდ ვერ ვაჯამებთ, უბნებში შედგენილ ოქმებს დაუყოვნებლივ არ ვასაჯაროებთ (ხმებს ელექტრონულად უკვე ყაზახეთშიც ითვლიან...), ხოლო საარჩევნო დავებს „ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში“ ვასრულებთ, რაც არჩევნების შედეგების მიმართ საფუძვლიან ეჭვებს აჩენს... 

ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტიც კი სასამართლოში ჩივის „დემოკრატიის ჩირაღდნის“ შუქზე ჩატარებული არჩევნების გაყალბების თაობაზე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სამართლებრივი კულტურის მხრივ ჩამორჩენილი რუსეთის იმპერიის მეზობელ საქართველოში სწორედ ამერიკული „ჰელოუინის“ (ეშმაკებისა და ჯადოქრების დღესასწაულია...) დღეს გამართული არჩევნებიც ვერ აკმაყოფილებს „ევროსტანდარეტებს“. 

ამასთან, საგულისხმოა, რომ ევროპის ქვეყნებში კონსტიტუციას მოქალაქეები რეფერენდუმით იღებენ და საარჩევნო სისტემასაც მმართველი „პოლიტიკური ელიტის“ ინტერესებში არ ცვლიან, ხოლო გამორჩეულ ადგილებზე, სასამართლო შენობები აქვთ აღმართული და არა პოლიციის... 

ამდენად, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების სამართლებრივი კულტურის ამაღლების გარეშე, ვერც ხელახალი და ვერც ვადამდელი არჩევნები შეცვლის ვითარებას. არც იმას უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა პარლამენტში კომუნისტებისდროინდელივით ერთი პარტია იქნება წარმოდგენილი, თუ „მეოცნებეების“ ლიდერებთან სხდომათა დარბაზში პაექრობას „მოქალაქე“ ელისაშვილი, „გირჩი“ ჯაფარიძე თუ „ნაციონალი“ ან „აღმაშენებელი“ ვაშაძეები გამართავენ. ფაქტია, სანამ ისინი ერთმანეთში ჯერ კიდევ პარლამენტს გარეთ კინკლაობენ, რუსეთმა აფხაზეთის, ფაქტობრივად, ანექციაც მოახდინა, ხოლო თურქეთმა, ფაქტობრივად, ბათუმი დაიბრუნა... არადა, თუ დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილი 30 წლის განმავლობაში სამართლიანი კონკურსების და არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, ვერც სახელმწიფოებრიობას შევინარჩუნებთ და ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილადაც არავინ გვაღიარებს...

ავთანდილ კახნიაშვილი,

სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )