ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს
რეზონანსი
06.12.2020

განვიხილოთ საკითხი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით როგორ რეგულირდება მასწავლებლის განათლება (თავი მეორე, მასწავლებლის პროფესია, მუხლი 21 3, მასწავლებლის განათლება). კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონთან. კერძოდ, მეორე 1 თავი, მასწავლებლის პროფესიის 21 3 მუხლთან; მასწავლებლის განათლებასთან. 

1) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ მუხლი 61 2, მესამე პუნქტი;

2) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (მ. ბატიაშვილი) 2019 წლის 16 აგვისტოს ბრძანება ნ169/ნ „მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (თავი მეხუთე, გარდამავალი დებულებები, მუხლი 14, მასწავლებლობის მაძიებლად რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირები. პუნქტები 1,2).

განვიხილოთ, თუ რა ნორმები არის დადგენილი ზოგადი განათლების კანონით მასწავლებლის განათლების შესახებ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (მ.ბატიაშილი) 2019 წლის 20 აგვისტოს ბრძანება 174/ნ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ (თავი მეხუთე. გარდამავალი დებულებები, მუხლი 13. „გამონაკლისი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით“).

კანონის 61 2 მუხლი და ზემოხსენებული მინისტრის ბრძანებები ბევრად უფრო ამარტივებს მასწავლებლობის კანდიდატისადმი მანამდე წაყენებულ მოთხოვნებს, ვინაიდან ამ ცვლილებამდე მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელად, პირს, პროფესიული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების გარდა, დასრულებული უნდა ჰქონოდა რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა: 

ა) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) განათლების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამა და ჩაბარებული უნდა ჰქონოდა საგნის გამოცდა;

გ) საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან ორი წლის ვადაში უნდა გაევლო მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

დ) საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამა და ბაკალავრის საგანამანთლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონოდა მასწავლებლის მომზადების საგანამანთლებლო პროგრამა და ჩაბარებული უნდა ჰქონოდა საგნის გამოცდა;

ე) უნდა ჰქონოდა მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და ჩაბარებული უნდა ჰქონოდა საგნის გამოცდა;

ვ) შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებით დოქტორის აკადემიური ხარისხი.

საბოლოოდ დავასკვნით, რომ ზოგადი განათლების კანონის 21 3 მუხლის (მასწავლებლის განათლება) ზემოხსენებული მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული. კერძოდ, საგნის კომპეტენციის, პედაგოგიკური განათლებისა და მასწავლებლობის გამოცდილების არმქონე ადამიანს აძლევს საშუალებას, ორი წლის განმავლობაში იმუშაოს სკოლაში.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის მაძიებელი წარმატებით ვერ გაივლის მაძიებლობის პერიოდს, უწყდება სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება (ბრძანება 164/ნ, მუხლი 12, პუნქტი 4).

ე.ი გამოდის, რომ პირი, რომელსაც არ აქვს მასწავლებლობის უფლება დიპლომით დადასტურებული, არაკვალიფიციური და არასპეციალისტია, მოსწავლეებთან მუშაობდა ორი წელი და იგი წარმართავდა სწავლების უხარისხო პროცესს.

ვინ და როდის უნდა აუნაზღაუროს მოსწავლეს უხარისხო სწავლებით მიყენებული ზიანი?

ქვეყნის პარლამენტი და მთავრობა ვალდებულია, გაატაროს ისეთი სახელმწიფო-საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას.

ამრიგად, გამოვარკვიეთ და დავამტკიცეთ, რომ საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ 61 2 მუხლით, მინისტრის ბრძანებებით 169/ნ (16.08.2019) და 174/ნ (20.08.2019) განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე პირების დასაქმების საშუალებას იძლევა. 

გარდა ამისა, საყურადღებოა ზგკ-ის 61 2 მუხლის მესამე პუნქტის, აგრეთვე, მინისტრის 16.08.2019 წლის 169/ნ ბრძანების თავი მესამე მუხლი 4-ის, 20.08.2019 წლის 174/ნ ბრძანების თავი მეხუთე, მუხლი 3-ის თანახმად, მასწავლებლის მომზადების საგანამანთლებლო პროგრამის ნაცვლად, მსურველს შეუძლია, გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი, რომელის დაძლევის შედეგად, მას ენიჭება მასწავლებლობის უფლება.

როგორც ვიცით, 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების კანონში“ შეიტანა ცვლილება 61 2 მუხლის მე-3 პუნქით და განათლების სამინისტრომ გამოსცა ბრძანებები 16.08.2019 ნ/169ნ და 20.08.2019 ნ174/ნ, რომელთა გარდამავლი დებულებების თანახმად (თავი მეოთხე, მუხლი 14, პუნქტი 1, 169/ნ თავი მეხუთე, მუხლი 13, 174/ნ), მასწავლებლობის მაძიებლად და პრაქტიკოს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს ბაკალავრის (174/ნ) ხარისხის მქონე პირს (ნებისმიერი დარგის ბაკალავრი), ე.ი. საგნის არასპეციალისტსა და არაკვალიფიციურ პირს.

ჩვენ გვაინტერესებს მნიშვნელოვან კითხვაზე დასაბუთებული პასუხი: რით იყო გამოწვეული საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში ცვლილების შეტანა და სამინისტროს გამოცემული ბრძანებებით გარდამავალი დებულებების მიღების აუცილებლობა?

აღნიშნულ კითხვაზე მართებულად დასაბუთებული პასუხი არ არსებობს, მაგრამ არსებობს წინასწარ კარგად დაგეგმილი ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების გეგმა.

როგორც უკვე ვიცით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებს (8000-ზე მეტს) დაატოვებინეს პროფესია და კანონსაწინააღმდეგოდ გაუშვეს განათლების სისტემიდან. შესაბამისად, რამდენიმე ათასი ვაკანტური ადგილი გამოჩნდა სკოლებში. საჭირო იყო პროფესიონალი, კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებიც ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით არ აღმოჩნდნენ. ამიტომ შეიქმნა მასწავლებელთა დეფიციტი. წლების განმავლობაში მასწავლებლებს უნივერსიტეტების უმეტესობა არ ამზადებდა, დეფიციტის წარმოსაქმნელად ეს გარემოებაც მნიშვნელოვანია. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად წინასწარ, ჯერ კიდევ 2018 წელს, ზოგადი განათლების კანონში შეტანილი ცვლილებითა და 2019 წელს მინისტრის ბრძანებებით (169/ნ და 174/ნ) დააკანონეს, რომ ნებისმიერი დარგის ბაკალავრი ყოველგვარი გამოცდების ჩაბარების გარეშე დაესაქმებინათ მასწავლებლებად. მათ უწოდეს მასწავლებლობის მაძიებლები. 

ამის შედეგად, ფორმალურად ჩააქრეს მასწავლებელთა დეფიციტის ხანძარი.

მაგრამ საქართველოს სკოლებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი უხარისხო სწავლება არასპეციალისტი, არაკვალიფიციური მასწავლებლობის მაძიებლის მიერ ორი წლის განმავლობაში!

ეს არის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული.

ქვეყნის მოსწავლე-ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი იღებს უხარისხო განათლებას არაკვალიფიციური მასწავლებლობის მაძიებლების მხრიდან, რაც წარმოადგენს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას!

ბატონო პრემიერო, ქალბატონო პრეზიდენტო და ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ! ეს „ზოგადი განათლების კანონი“ და სქემა უცვლელად რომ დარჩეს, ვინ აანაზღაურებს წლების განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებლების მიერ უხარისხო სწავლებით მიყენებულ ზიანს?

(გაგრძელება იქნება)

მანანა ნიკოლაიშვილი,

საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )