სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    07.12.2017

    საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შერწყმა გარემოს დაცვის კომპონენტს არ დაასუსტებს და ამის საილუსტრაციოდ პარლამენტს გარკვეულ საკანონმდებლო გარანტიებს სთავაზობს.

    მთავრობის საპარლამენტო მდივან შალვა თადუმაძის განცხადებით, გარემოს დაცვის შესახებ კანონში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვის ბიუჯეტი არ შეიძლება, წინა წლის ბიუჯეტზე ნაკლები იყოს.

    "ასევე, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პროექტების განხორციელებისთვის პროგრამული ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს გარემოს დაცვის ბიუჯეტის 5%-ზე ნაკლები.

    "შესაბამისად, მთავრობა აფიქსირებს როგორც პოლიტიკურ ნებას, ასევე მზაობას, რომ ფინანსურად სრულად უზრუნველყოფს გარემოს დაცვის პოლიტიკის განხორციელებას", - განაცხადა თადუმაძემ.

    ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მმართველ გუნდში კვლავაც არსებობს გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები. "ქართული ოცნების" წვერებს გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ.

    "გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით არის, როგორც გუნდში, ასევე ზოგადად, განსხვავებული მოსაზრებები. მთავარია, რომ გარემოს დაცვა პრიორიტეტი იყოს, ყურადღება არ მოაკლდეს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა.

    ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების შესახებ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, რადგან, მისი აზრით, ეს გარემოს დაცვის სისტემის დასუსტებას გამოიწვევს.

    რას ფიქრობთ, უნდა მოხდეს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): აბსოლუტურად გაუმართლებელია გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება. იქნებ გაარკვიოთ, ვინ მოიფიქრა ეს და მისი პორტრეტი დაბეჭდოთ.

    მეორეც, რატომ უერთებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ესეც გაუგებარია. გარემო მარტო სოფელშია? საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს და ქალაქის გარემოს პრობლემებიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა მოაგვაროს?

    ეს იმდენად უგუნური გადაწყვეტილებაა, რომ ამან მმართველ გუნდშიც დაპირისპირება გამოიწვია. გარდა ამისა, მე კიდევ ერთი საკითხი მადარდებს, მე ვფიქრობ, ჩვენი დარგი - ურბანისტიკა რაც შეიძლება მალე უნდა გადავიტანოთ ეკონომიკის სამინისტროდან რეგიონალური განვითრების სამინისტროში.

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): სიმართლე გითხრათ, სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებები რა ამოცანებს ისახავს, არ ვიცი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრო, ამაზე ჩამოყალიბებული პასუხი არ მაქვს.

     

     

     

     ავთო სულაბერიძე დემოგრაფი): გარემოს დაცვა თუ არ ვარგა, ისედაც დაღუპულები ვართ. ამ უწყებას იმდენი საქმე აქვს გასაკეთებელი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შესვლის შემდგომ ყველაფერი მეორე პლანზე გადაინაცვლებს.

     

     

     

     

     გიორგი შენგელია (რეჟისორი): მე არ ვიცი, რითი ხელმძღვანელობს მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. კაცობრიობა იხრჩობა ამდენი გამონაბოლქვითა და დაბინძურებული ჰაერით.

    ყველგან იქმნება დამოუკიდებელი ორგანიზაციები და საქართველოში ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანო გარემოზე ეს სამინისტროა და მისი სოფლის მეურნეობაში გადასვლა მე არ მესმის. თუ პერსონალის შემიცირება უნდათ, ისე შეამცირონ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter