
უნგრეთმა გადადო ძირითადი პროცედურული ნაბიჯი რომელიც აუცილებელია უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში დარჩენილი კლასტერების გასახსნელად, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც „პოლიტიკო" აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ კიევმა და კიშინიოვმა ბლოკში გაწევრიანების გზაზე მიაღწიეს ეტაპს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებმა 15 ივნისს ერთხმად დაამტკიცეს ორივე ქვეყნისთვის მოლაპარაკების პირველი ოფიციალური თავის გახსნა.
ამ ნაბიჯს წლების განმავლობაში ბლოკავდა უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ორივე ქვეყანა ახლა იმედოვნებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სწრაფად გააგრძელებს პროგრესს.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ტარას კაჩკამ მიმდინარე თვის დასაწყისში „პოლიტიკოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი ივლისის შუა რიცხვებისთვის მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერის გახსნას ისახავს მიზნად.
„პოლიტიკო" წერს, რომ ეს ვადები ახლა რისკის ქვეშაა მას შემდეგ, რაც სამშაბათს უნგრეთმა წინააღმდეგობა გაუწია ბლოკის 27 წევრის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროკომისიისთვის წერილის გაგზავნას, რომელშიც ევროკავშირის დედაქალაქების ერთობლივი პოზიცია იქნებოდა ჩამოყალიბებული.
დიპლომატების თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ამ ნაბიჯს, რომელიც 27-ვე წევრის ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს და რომელზეც მომავალ კვირას კვლავ ისაუბრებენ.
„ეს ნაბიჯი შეესაბამება პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ცივ პოზიციას უკრაინის წევრობის მიმართ", - აღნიშნულია სტატიაში. ამასთან, „პოლიტიკო" ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ მადიარი არ შეწინააღმდეგებია უკრაინისთვის პირველი კლასტერის გახსნას, მისმა მთავრობამ მოითხოვა კიევის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სიტყვების „რაც შეიძლება მალე"-ს ამოღება გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წერილობითი დასკვნებიდან.
„სულ ექვსი კლასტერია და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მათი ერთდროულად გახსნა კარგი იდეაა - ნაწილობრივ იმიტომ, რომ პირველი კლასტერის მელანი ჯერ კიდევ არ გამშრალა და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს არასწორ გზავნილს გაუგზავნის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს - სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას - რომლებიც წლები გაატარეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობაში", - განაცხადა მადიარმა გასულ კვირას ევროპული საბჭოს შეხვედრის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანალიტიკოსები და დიპლომატიური წრეები უნგრეთის ამ ნაბიჯს აფასებენ, როგორც ევროკავშირის გაფართოების პროცესის მიზანმიმართულ შენელებას და პოლიტიკურ ვაჭრობას, რაც სრულად ჯდება ბუდაპეშტის ბოლოდროინდელ საგარეო კურსში.
ანალიტიკოსების შეფასებით, უნგრეთის მიერ ერთობლივი წერილის გაგზავნის დაბლოკვა პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინისა და მოლდოვის ამბიციურ გეგმებს.
უკრაინის მიზანი ივლისის შუა რიცხვებისთვის ექვსივე კლასტერის გახსნა უკვე არარეალისტური ხდება, რადგან უნგრეთი იყენებს ევროკავშირის წესს ერთსულოვნების (ვეტოს უფლების) შესახებ, რათა პროცედურები მაქსიმალურად გააჭიანუროს.
მადიარის განცხადება, რომ უკრაინისა და მოლდოვის ასეთი სწრაფი წინსვლა „არასწორ გზავნილს გაუგზავნის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს", რომლებიც წლებია რიგში დგანან, ანალიტიკოსების თვალით აღიქმება როგორც პოლიტიკური ფარი - „საკუთარი ანტი-უკრაინული პოზიციის გადაფარვის მცდელობა ბალკანეთის ქვეყნების ინტერესების დაცვით". ასევე რეგიონული გავლენის მოპოვებით - სერბეთთან და სხვა ბალკანურ ქვეყნებთან პარტნიორობის ხაზგასმა ევროკავშირის შიგნით. ასე რომ, ანალიტიკოსები ამ ეტაპს აფასებენ როგორც გრძელვადიანი „ნერვების ომის" დასაწყისს.