
ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის ბოლოს ჩინეთში ფარულად გადაამზადეს 200-მდე რუსი სამხედრო, რომელთა ნაწილი უკვე უკრაინაში იბრძვის. ინფორმაციას Reuters-ი სამი ევროპული ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფარული სასწავლო კურსები, რომლებიც ძირითადად დრონების გამოყენებაზე იყო ფოკუსირებული, 2025 წლის 2 ივლისს პეკინში გაფორმებული რუსეთ-ჩინეთის ორმხრივ შეთანხმების ფარგლებში ტარდებოდა.
შეთანხმების მიხედვით, დაახლოებით 200 რუსი სამხედრო უნდა გადამზადებულიყო სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის პეკინსა და ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ნანჯინში.
წყაროების თქმით, დაახლოებით ამ რაოდენობით სამხედროებმა მართლაც გაიარეს სწავლება ჩინეთში. ამავე შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ ასობით ჩინელი სამხედრო, თავის მხრივ, გაივლის სწავლებას რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.
ევროპული სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, რუსი სამხედროების ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე გადამზადება, რომლებიც შემდეგ უკრაინის ომში მონაწილეობენ, ნიშნავს, რომ ჩინეთი უფრო მეტად არის ჩართული ომში, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.