
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით, პარლამენტში ღონისძიება „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ხაზი გაუსვა ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და ფასეულობების ჩამოყალიბება.
„ქართულ ოჯახს განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა იმისთვის, რომ ყოფილიყო გარკვეული კერა, სადაც ოჯახურ ღირებულებებთან ერთად ეროვნული თვითშეგნებაც ყალიბდებოდა. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივა ოჯახის სიწმინდის დღის დაწესების შესახებ, რათა ამ დღეს თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავით და გაგვეცნობიერებინა რა საუნჯე გვაქვს, რა საფრთხე არსებობს ამ საუნჯის დაკარგვის, გაუბრალოების და მნიშვნელობის შემცირების“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, ოჯახის გაძლიერება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„შესაბამის უწყებებთან ერთად შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ოჯახის მხარდაჭერის, დემოგრაფიული გამოწვევების საპასუხო პოლიტიკისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების გაუმჯობესებაზე. ოჯახი არის ის საძირკველი, რომელზეც საზოგადოება შენდება. პარლამენტი დღევანდელი ღონისძიებით უერთდება 17 მაისის აღნიშვნას, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა ილია II-მ დაგვიტოვა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ღონისძიების მონაწილეებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ მიმართა. მისი თქმით, დემოგრაფიული პოლიტიკა ქვეყნის სიმტკიცისა და სტაბილურობის საფუძველი და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მყარი გარანტიაა.
„ჩვენ ვალდებული ვართ, შევქმნათ ისეთი კანონები, რომლებიც ახალგაზრდებს მომავლისადმი იმედით განაწყობს, რათა შექმნან ოჯახი, მიიღონ განათლება, ჩამოყალიბდნენ ღირსეულ მოქალაქეებად და იფიქრონ საკუთარ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს: საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრების გამოფენა თემაზე: „ჩემი ოჯახი - ჩემი თვალით დანახული სამყარო“. ნამუშევრები შერჩეული იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის რესურსცენტრების ჩართულობით.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობის ხაზგასმა, ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა, დემოგრაფიული განვითარების საკითხებზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.