რეზონანსი
14.05.2026

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ მარკო სილვესტრონისთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეგობრობის ჯგუფებს შორის უფრო აქტიური კომუნიკაციის დამყარებასა და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის, 2024 წლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ქართულმა მხარემ იტალიელ სენატორს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსა და მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული ურთიერთობები იყო. აღინიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიმართ ფიქსირდება უსამართლო დამოკიდებულება და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტები.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ იტალია უფრო აქტიურად ჩაერთვება საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ხელშეწყობის პროცესში, რათა თბილისსა და ბრიუსელს შორის კომუნიკაცია აღდგეს.

თავის მხრივ, იტალიურმა მხარემ დაადასტურა მზაობა, მხარი დაუჭიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული და ღია დიალოგის წარმოებას, მათ შორის, არსებულ ყველა კრიტიკულ საკითხზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით რომში, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×