
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) სამების ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების გახსნისას, მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა.
"ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო, ღირსნო და პატიოსანნო მამანო, დედანო, დელეგატებო, მოწვეულო სტუმრებო, ძვირფასო დებო და ძმებო. დღეს ყოვლადწმინდა სამების ამ ტაძარში, განსაკუთრებული მისიით შეგვკრიბა უფალმა. საუკუნეების წინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობით დაიწყო ჩვენი ეკლესიის, ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. წმინდა მოციქულების ანდრია პირველ წოდებულის და სიმონ კანანელის ქადაგებით განათლებულმა ერმა პირველ საუკუნეშივე შეძლო ქრისტეს ნათელთან ზიარება. მოგვიანებით კი მოციქულთა სწორის, ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარადჟამოდ დაიმარხა გულში რწმენა, როგორც ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი.
1 700 წლის წინ ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნულ-სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, აზროვნების მთავარ საყრდენად იქცა. ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე გადაჯაჭვული ჩვენი ეკლესიის და ერის ისტორია. ამიტომ იყვნენ ჩვენი გმირი წინაპრები და წმინდა მეფე-დედოფლები ქრისტეს ერთგული მსახურნი.
დღეს აქ შეკრებილნი მადლიერებით და სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოს ეკლესიის მამა მთავრებს. მათ შორის წმინდა მღვდელმოწამე კირიონს, წმინდა აბროსი აღმსარებელს, წმინდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, ლეონიდეს, ქრისტეფორეს, მელქისედეკ მესამეს, ეფრემ მეორეს, დავით მეხუთეს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფასს სულიერ მამას კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს," - განაცხადა მეუფე შიომ.