
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს -2025 წელს ისევ უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა: 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 17 719 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 718 ადამიანი გარდაიცვალა. რა მიზეზები დგას ამ სტატისტიკის უკან და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ?
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე „რეზონანსთან" საუბრობს საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ კრიზისზე და აღნიშნავს, რომ 2025 წელსაც ახალი არაფერი ხდება - პრობლემა ძველია, მაგრამ ისევ მწვავედ დგას. ექსპერტი ყურადღებას მიზეზებზე ამახვილებს.
„ზოგადად, დემოგრაფიული ვითარება საკმაოდ დრამატულია - ეს ახალი არაა, ძველია. საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის არა მხოლოდ დემოგრაფიული, არამედ სოციალური, ეკონომიკური და თვით სახელმწიფოს უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. როცა შობადობა კლებულობს და გარდაცვალების მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია, ეს სერიოზული საფრთხის მატარებელია. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც დემოგრაფიული კუთხით ემუქრება საქართველოს, რადგან ბოლო წლების მანძილზე (ვგულისხმობ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე) მოსახლეობა 32 პროცენტით შემცირდა - საკმაოდ სოლიდური კლებაა.
არჩვაძემ აღნიშნა, რომ მიგრაციის მაჩვენებელი არსებულ ნეგატიურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს.
გარდა ამისა, მიგრაციის საკითხიც საკმაოდ ამძიმებს მდგომარეობას. რომ იტყვიან, „დამწვარზე მდუღარე დაასხესო" - ასეა. დღეს ბუნებრივი მატება უარყოფითია: დაბადებამ მოიკლო, გარდაცვალების მაჩვენებელმა იმატა, გაიზარდა მედიანური ასაკი, როცა ასაკმა შუაზე გაყო მოსახლეობა ორ თანაბარ ნაწილად - ერთი ნახევარი ახალგაზრდაა, მეორე ნახევარი კი უფრო ხანდაზმული.
ამას აქვს წმინდა ეკონომიკური გამოვლენაც: ყოველ 100 თუ 1000 შრომისუნარიან მოსახლეობაზე იზრდება მაღალი ასაკის ჯგუფის რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის პოტენციალიც შეზღუდულია. ჩვენ რომ გვყავდეს გაცილებით მეტი ადგილობრივი წარმოების ძალა, ჩვენი ეკონომიკის ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა."-განაცხადა არჩვაძემ.
კითხვაზე, რატომ არის თბილისსა და აჭარაში შობადობის მაჩვენებელი პოზიტიური და რა გამოწვევების წინაშე დგანან რეგიონები, არჩვაძემ უპასუხა:
„უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო" - ისევ ქართულ ანდაზას დავესესხები. ამიტომ ჩვენი უახლოესი წლების მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ მდგრადი ეკონომიკური განვითარება, არამედ დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებაც.
აჭარასა და თბილისში დადებითი მაჩვენებელია. ამას, ერთი მხრივ, მარტივი ახსნაც აქვს: თბილისი, სხვა რეგიონებთან შედარებით, შემოსავლის მიღების მაღალ პოტენციალს ფლობს. სტატისტიკის მიხედვით, ბრუნვის 70 პროცენტი თბილისზე მოდის, ანუ ალბათობა იმისა, რომ თბილისში იპოვი სამსახურს, უფრო მაღალია. ასეთ მსხვილ აგლომერაციებში, როგორებიცაა თბილისი და ბოლო პერიოდში ბათუმი, ახალგაზრდები ცდილობენ დასახლებას და დასაქმებას, ამიტომ ბუნებრივი მატების მაჩვენებელი აქ შედარებით მაღალია.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვალოს, ექსპერტის პასუხი ასეთია:
„ ჩვენი ქვეყნის გასაჯანსაღებას ვერ შევძლებთ მხოლოდ თბილისის და აჭარის ხარჯზე. ყველგან უნდა გვქონდეს შობადობის პოზიტიური მაჩვენებელი. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები, რომ ბიზნესის დაწყება, წარმოება და ყოფითი პირობების გაუმჯობესება სოფლის ადგილებში, მთიან ზონაში იყოს ისეთივე შესაძლებელი, როგორიც ქალაქებში. ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს ღონისძიებები - დაწყებული მონეტარული ფორმით და დამთავრებული საბანკო შეღავათებით."-განაცხადა სოსო არჩვაძემ.

საქსტატის მოანცემები-2025
საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ბავშვი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი.
„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296).
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 925 და განქორწინების 6 456 შემთხვევა.