რეზონანსი
11.09.2025

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხვალიდან იწყებს კამპანიას რეგიონებში, ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩავიტანთ საქართველოს დროშას - ეს დროშა ამაყად იფრიალებს 4 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სუს-თან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავა მოუწოდებს მოქალაქეებს, 4 ოქტომბერს საარჩევნო უბნების ნაცვლად ქუჩაში გავიდნენ და შეუერთდნენ დაგეგმილ აქციას.

„მინდა ვუთხრა საზოგადოებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხვალიდან იწყებს კამპანიას რეგიონებში, ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩავიტანთ საქართველოს დროშას იმისთვის, რომ საქართველოს დროშა კვლავ ამაყად ფრიალებდეს რუსთაველის გამზირზე და ეს დროშა ამაყად იფრიალებს 4 ოქტომბერს. მოგიწოდებთ ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ქართველებო, ვისთვისაც ძვირფასია ქართველობა, ვისთვისაც გმირია გიორგი ანწუხელიძე, ვისთვისაც უკვდავია ჩვენი სახელმწიფო და ღირსება, არ მიხვიდეთ რუსული სპეცოპერაციის სპეცპუნქტებზე, რომელსაც ივანიშვილი ეძახის საარჩევნო უბნებს, ამის ნაცვლად გამოდით ჩვენთან ერთად, მართალ და მებრძოლ ხალხთან ერთად. გამოდით ქუჩებში, ერთად დავიბრუნოთ საქართველო", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისი ბრალი აბსურდულია და ამის დასამტკიცებლად, თავადაც აკეთებს ანალოგიურ შეთავაზებას, რის გამოც ხაბეიშვილი დააკავეს.

„ლევან ხაბეიშვილი საზოგადოების წევრებს ეუბნებოდა, რომ ყველა გდდ-ს თანამშრომელს, ან ნებისმიერ სხვა ძალოვანს, რომელიც არ აღმართავს ხელს მშვიდობიან პროტესტანტზე, რომელიც არ იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ, არ იძალადებს ხალხზე, თითოეულ ასეთ ადამიანს სთავაზობდა 200 ათას დოლარს, როგორც ჯილდოს. დღეს აქ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით, მე პირადად, თინა ბოკუჩავა ვიმეორებ, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დაემხობა, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შვიდჯერ გაზარდა პენსიები, გააოთხმაგა საქართველოს ბიუჯეტი და უამრავი სხვა სიკეთე მოუტანა საქართველოს, კვლავ ჰპირდება გდდ-ს თანამშრომლებს, ძალოვანი სტრუქტურის ყველა წარმომადგენელს, რომ დიახ, თქვენ მიიღებთ ჯილდოს, 200 ათასი დოლარის ოდენობით. აბსოლუტურად იდენტურ შეთავაზებას ვაკეთებთ ჩვენ და პირადად მე, რათა ვამხილოთ, რამდენად უსაფუძვლოა ეს ბრალი", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×