რეზონანსი
03.01.2024

2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციის დონე 2.5 პროცენტით განისაზღვრა. გასულ წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, არამედ გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რომელმაც მოახერხა ინფლაციის მოთოკვა და მიზნობრივ 3-პროცენტიან ნიშნულზე ქვემოთ ჩამოყვანა. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ფასების შემცირება შენარჩუნდა სამომხმარებლო კალათის არაერთ, მათ შორის, სურსათის და უალკოჰოლო სასმელებისა და მედიკამენტების ჯგუფზე, რაც საზოგადოების ფართო ფენებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებელი.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება და მიზნობრივ დონეზე ქვემოთ ჩამოყვანა შესაძლებელი გახადა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიზანდასახულმა და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, რამაც ფაქტობრივად საქართველოს საშუალება მისცა ყოფილიყო ერთ-ერთი ლიდერი ინფლაციის შემცირების მიმართულებით.

„2024 წელს ველოდებით, რომ ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. აღნიშნულს ასევე ხელს შეუწყობს ის გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული სემეკის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების მიმართულებით, რომელიც პოზიტიურ გავლენას იქონიებს საზოგადოების ფართო ფენებსა და მათ შორის, კერძო სექტორის წარმოების ხარჯების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობაზე. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წლის განმავლობაში ფასების დონე იქნება სტაბილური", - განაცხადა ცინცაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×