ელზა პაპოშვილი
13.12.2022

2021 წლის 10 სექტემბერს კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი კლინიკას, სადაც ბიჭი მკურნალობდა, მის  გარდაცვალებაში სდებს ბარალს. სამშაბათს  ოჯახმა და ადვოკატებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკის მედიკოსების დასჯას ითხივენ და ამტკიცებენ, რომ 20 წლის ჩარკვიანი ნარკოტიკების ზედოზირებით მოკლეს, ექიმებმა კი სამედიცინო ისტორია გააყალბეს. ოჯახი ამბობს, რომ სავარაუდო დამნაშავე მედიკოსების ვინაობა პროკურატურამ იცის, თუმცა მათ ხელს აფარებს.

ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ საქმეში მთავარი დამნაშავე კლინიკის ხელმძღვანელები და მთავარი მედდა თეა ბეგიაშვილია, რომელმაც სხვა მედდების ნაცვლად მოაწერა ხელი  გაყალბებულ სამედიცინო ისტორიაზე და ამას პროკურატურასთან თავადაც აღიარებს. ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ისინი სხვა მედიკოსების დასჯასაც ითხოვენ. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჩარკვიან საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში ჯამში 531 ამპულა ნარკოტიკული საშუალება „ფენტალინი“ გაუკეთეს, რაც ბიჭს არ სჭირდებოდა და რამაც საბოლოოდ გარდაცვალება გმოიწვია. ოჯახი ამბობს, რომ თუკი ორი კვირის განმავლობაში პორკურატურა დამნაშავე ექიმების არ გამოავლენს, ისინი პროკურტურასთან კარვების გაშლას და პერმანენტულ საპორტესო აქციას დაიწყებენ.

„მე ვითხოვ სამართალს. მე ვითხოვ დაისაჯონ ის მედიკოსები, რომლებმაც ჩემი შვილის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ჯანდაცვის მინისტრს მინდა მივმართო, იქნებ დაინტერესდეს. სულ რაღაცა ნახევარი საათი მჭირდება, რომ ავუხსნა რა უქნეს ჩემს შვილს. იმ ჭაობში რა ხდება, ხომ უნდა იცოდეს?! 

„არ ვაპირებ ეს საქმე ასე დავტოვო. ეს ადამიანები თეთრ ხალათში ჩაცმული ჯალათები არიან, რომლებმაც შვილი გამიზნულად მომიკლეს“, - განაცხადა გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ მედიასთან საუბრისას. 

ოჯახის ინტერესებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი იცავს, რომელიც „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საქმეში არსებობს უკვე დამნაშავე, რომელმაც პაციენტის ისტორია გააყალბა. ეს არის მთავარი მედდა და ის ჩვენებაში ამ ფაქტს აღიარებს. 

„ეს ქალბატონი დაკითხვისას ამბობს, რომ მას მიუთითეს და ავადმყოფის ისტორია გააყალბა. მან ხელი მოაწერა ბავშვის ისტორიას, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. თან იკითხა, ამაზე პრობლემები ხომ არ შემექმნება და პასუხს მე ხომ არ მომთხოვენო. მე კითხვას ვსვამ - ვინ მისცა ამ ქალბატონს გარანტია, რომ მას პრობლემას არავინ შეუქმნიდა და ეს საშინელება ასე უნდა დამალულიყო? რატომ გაუკეთეს სრულიად ჯამრთელ ბიჭს ამდენი და ამ რაოდენობის ნარკოტიკი? ვინ იძლეოდა ამ ბრძანებებს, რომელი ექიმები იყვნენ ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართულები - ეს ხომ უნდა დადგინდეს.   

„როდესაც ადამიანი, რომელსაც თანამდებობის პირთან გათანაბრებული თანამდებობა აქვს და არის უფროსი მედდა, ამბობს - სხვა ადამიანების მაგიერ მოვაწერე ხელიო, ეს სამსახურებრივი სიყალბეა. ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში არის. პროკურატურამ ეს მუხლი საერთოდ გააუქმა. წელიწადი და ორი თვეა ეს ადამიანი სამსახურშია, ღმერთმა იცის კიდევ რა უბედურებას სჩადის და მას ბრალი არ წაუყენეს. ახლა სხვა ადამიანს აუბედურებენ. ეს ადამიანი ერთი წლის წინ რომ მიეცათ პასუხისგებაში, ის ყველაფერს იტყოდა. გაირკვევოდა ვინ გააყალბა ავადმყოფობის ისტორია. 

„ვფიქრობთ, რომ პროკურატურა დამნაშავეებს შეგნებულად აფარებს ხელს. მინდა შოთაძეს დავუსვა კითხვა - მისი შვილი რომ ყოფილიყო, ასე მოიქცეოდა? ასე მარტივია, როცა შვილს არაფრის გამო გიკლავენ? ასე დაუსჯელად უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა? კაცმა არ იცის კიდევ რას იზამენ“, - ამბობს ხატიაშვილი „რეზონანსთან“.  

კლინიკას ამ ეტაპზე ოჯახის ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია. ოჯახს არც პროკურატურიდან და არც ჯანდაცვის სმაინისტროდან ჯერ არავინ გამოხმაურებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×