გვანცა წულაია
18.10.2022

საქართველოს ისევ ძალიან მაღალი ინფლაციის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას. მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას ვერ გრძნობს, რადგან მეორე მხრივ ფასები კატასტროფულად გაზრდილია. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მაღალი ინფლაცია არაერთხელ გააპროტესტეს, თუმცა საქართველოში ეს თავში არავის მოსვლია. ამიტომაც არის, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ბაზარზე სრული განუკითხაობაა და ვისაც როგორ უნდა ფასს ისე ზრდის.

თუკი ოდესმე რაიმე გაპროტესტებულა, ეს საწვავის გაძვირებაა. ამ მხრივ არაერთი აქცია გაიმართა, თუმცა პროდუქციის გაძვირებაზე პროტესტი არავის გამოუთქვამს. არადა, პრობლემის სათავე სწორედ ძირითადი მოხმარების საქონლის გაძვირებაა, საიდანაც მომდინარეობს მაღალი ინფლაცია, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლებია მძვინვარებს.

ამ დროს, მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოში მოსახლოება ფასების ზრდის წინააღმდეგ ქუჩაში გამოდის და აქციებს მართვს. მაგალითად, საფრანგეთის პროფესიული კავშირებმა ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა წამოიწყეს. ისინი გაზრდილი ინფლაციის ფონზე ხელფასის მატებას ითხოვენ.

გაფიცვა, ძირითადად, გავლენას საჯარო სექტორზე - სკოლებსა და ტრანსპორტზე მოახდენს. იგი ნაწილია მანამდე არსებული ერთკვირიანი პროტესტისა, რამაც საფრანგეთის ძირითადი ქარხნებისა და ავტოგასამართი სადგურების მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

ევროზონაში მეორე ყველაზე დიდი ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყანაში გაფიცვას პოლიტიკური კონტექსტიც ახლავს, რადგან საფრანგეთის მთავრობა 2023 წლის ბიუჯეტს განიხილავს. მთავრობა აპირებს გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და ბიუჯეტი პარლამენტის მხარდაჭერის გვერდის ავლით დაამტკიცოს.

დემონსტრაციები სხვა ქვეყნებშიც იმართება. საქართველოში კი ამ მხრივ სრული სიმშვიდეა. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომისტი გივი მომცელიძე, რომელიც უჩვეულო ქცევის მიზებზე საუბრობს.

"ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ამბობდნენ, რომ ქართველებს სოციალური მიზეზებით არ უყვართ ქუჩაში გამოსვლა. ალბათ, ქართველს მაინც ერიდება იმის თქმა, რომ უჭირს. ფსიქოლიგიური მომენტია. არადა, ეს სერიოზული პრობლემაა. ფასების ზრდაზე უფრო დიდი პრობლემა რაღა უნდა იყოს?! რაც არ უნდა მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, თუ ამის პარალელურად არსებობს დიდი ინფლაცია, რასაკვირველია, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას ვერ იგრძნობს.

ფასების ზრდას უნდა ვაპროტესტებდეთ, მაგრამ ქართული ხასიათთან ერთად, შესაძლოა, აქ ბევრი რამ იმალებოდეს. ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სოციალურ დახმარებებზე არიან მიბმულნი (ამის გამოც გარკვეულწილად ხელისუფლების მიმართ ვალდებულებას გრძნობენ), იტყვიან, რომ უჭირთ და ფასების ზრდა პრობლემაა, მაგრამ ქუჩაში არ გამოვლენ, რადგან ფიქრობენ - ხელისუფლება ხომ მაძლევს ფულს და რატომ გავაპროტესტო? არადა, რეალურად ამ თანხას ხელისუფლება კი არ არიგებს, თავად ადამიანების ქმნიან დოვლათს და ეს მათივე გადასახადებით გადახდილი ფულია, ჩვენი, მოსახლეობის ფულია.

ხალხი ისე უყურებს, თითქოს ვიღაცა ზემოდან უხდის ფულს, უგებს გზებს, ეხმარება სხვადასხვა პრობლემების აღმოფხვრაში, მაგრამ საერთო ჯამში, ის ვიღაც რომ გვაღარიბებს, ამაზე ამაზე არ ფიქრობენ. აქ პოლიტიკური კულტურა ასამაღლებელია. ცუდ განათლებასაც უნდა დავაბრალოთ ყველაფერი. პრობლემაა, რომელიც შესაძლოა, ათწლეულები ვერ მოგვარდეს. თუ ხელისუფლებაში არ მოვა ისეთი ხალხი, რომელიც ნაკლებად იქნება პოპულიზმზე ორიენტირებული, მანამდე, ჩემი აზრით, ქვემოდან, საზოგადოების მხრიდან, ვერ ვხედავ პოტენციალს”, - განუცხადა გივი მომცელიძემ "რეზონანსს”.

მიმდინარე ეტაპზე საქართველოში 11.5%-იანი ინფლაციაა. უკვე მეორე წელია, რაც ქვეყანაში ფასების ზრდის შეჩერება ვერ ხერხდება. როცა კი შესაძლებლობა ჩნდება, ფასების კლება აზრად არავის მოსდის ან ისე ნელა მიმდინარეობს, რომ გაიაფება ეფექტს არ იძლევა.

ეკონონისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში პროტესტი, მოიცავს ფასების ზრდასაც, ცხოვრების პირობების გაუარესებას და სხვა დანარჩენ პრობლემასაც,

"საქართველოს სამომხმარებლო კალათას რომ ჩავხედოთ, პირველ რიგში, საკვების გაძვირებას ვნახავთ, რომელიც ყველაზე უფრო გაჭირვებულ ფენას აწვება. აქ ძალიან ბევრი რამეა გასაპროტესტებელი და მათ შორის, რა თქმა უნდა, ინფლაცია. ჩვენთან ზოგადად "ცხოვრებას" აპროტესტებენ ხოლმე, ევროკავშირის კარგ ქვეყნებში კი - ფასების ზრდას. ჩვენ, რადგან ყველაფრის პრობლემა გვაქვს, კონკრეტული პირობების ნაცვლად, ჯამურ მოთხოვნას ვაყენებთ. ამიტომ მგონია, რომ საქართველოში პროტესტი, რაც გვინახავს, მოიცავს ფასების ზრდასაც და სხვა პრობლემასაც, რომელიც აწუხებს მოსახლეობას.

ჩვენთან, როდესაც პროტესტია, განსხვავებით ნორმალური ქვეყნებისგან, ზოგადად ცხოვრებას აპროტესტებენ. კონკრეტიკა აღარ ხერხდება, რადგან ინფლაციის გარდა, მილიონი რამ არის, რაც ადამიანებს აწუხებს. ევროპაში კი, თითოეული პრობლემის გამო მართავენ აქციებს.

გამოკითხვები რომ ვნახოთ, ყველგან ფასების ზრდა პრობლემურ სამეულში შედის. იქვე არის უმუშევრობა და სიღარიბე, მაგრამ ამას ყველა ერთ მთლიანობაში განიხილავს”, - განუცხადა "რეზონანსს” ზვიად ხორგუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×