სასტუმროებმა ტარიფები უკვე გაზარდეს და სეზონის დაწყებისთანავე კიდევ გაზრდიან
თიკა სიბოშვილი
12.10.2022

სამთო-სათხილამურო კურორტებზე წლევანდელი სეზონის გახსნამდე ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ აქტიურობა უკვე შეინიშნება და მიმართვიანობაც მაღალია, რის გამოც სასტუმროს ტარიფებმა უკვე მოიმატა. არსებული ვითარების შემდეგ, რამდენად სავარაუდოა მომდევნო თვეებში, როცა აქტიურობა ბევრად მაღალია იქნება, ფასების კიდევ ზრდა? სასტუმროს მფლობელები ასეთ ტენდენციას აქედანვე ადასტურებენ.

ბოლო წლებში, პანდემიის გამო, კურორტებზე მუშაობა ჭირდა, რადგან დამსვენებელი  არ იყო - ადგილობრივებს მოგზაურობის ეშინოდათ, ტურისტები კი ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ახლა, როცა მსოფლიომ ეს კრიტიკული პერიოდი გამოიარა, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები და დამსვენებლებს კურორტებზე წასვლა გაუმარტივდათ. ამას ემატება რეგიონში მიმდინარე ომიც, რის გამოც საქართველომ წელს რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი მიიღო და ზუსტად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მოთხოვნამ საგრძნობლად მოიმატა, რამაც სასტუმროებისა და აპარტამენტზების ტარიფები გაზარდა.

„რეზონანსის“ მოპოვებული ინფორმაციით, ფასები უკვე გაზრდილია როგორც ბაკურიანში ასევე გუდაურშიც, რაც პირდაპირ ტურისტების დიდ ნაკადსა და მოთხოვნას უკავშირდება. როგორც ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „ორბის“ აპარტამენტების ერთ-ერთმა მფლობელმა აღნიშნა, წინა წლებთან შედარებით, ფასი გაზრდილია. თანაც იგი აპარტამენტებს რუსებზე არ აქირავებს.

„ახლა მომართვიანობა შედარებით გაზრდილია წინა წლებთან შედარებით. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ტარიფები მე იგივე მაქვს და არ გამიძვირებია ღირებულება. ვმუშაობ მხოლოდ ქართველ და ევროპელ ტურისტებზე და არ ვაქირავებ რუსებზე.

როცა უკვე სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, აუცილებლად მოიმატებს ფასი, რადგან წინა წლებთან შედარებით, დიდი აქტიურობაა და ეს ძალიან მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ აპარტამენტები მე არ გამიძვირებია, არიან კერძო პირები, რომლებიც კერძო ბინებს აქირავებენ და უკვე გაზარდეს ღირებულება, ასევეა სასტუმროებიც, მათაც შედარებით გაზრდილი აქვთ ფასი“, - განუცხადა „რეზონანსს“ სასტუმრო „ორბის“ერთ-ერთმა მფლობელმა.

ფასების ზრდა დაადასტურა გუდაურში მდებარე სასტუმრო „ფორ სეზონის“ მენეჯერმაც  და აღნიშნა, რომ ცვლილების მთავარი მიზეზი მაღალი მოთხოვნაა, რაც კიდევ გაგრძელდება და ღირებულებაზეც იმოქმედებს.

„წელს სხვა წლებთან შედარებით ბევრად დიდი აქტიურობა შეინიშნება კურორტზე, გაზრდილია მომართვიანობა და ამიტომაც მოიმატა ფასმა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა სასტუმროებშიც.

ვფიქრობ, მოთხოვნა კიდევ გაგრძელდება, რადგან ჯერ სეზონი არ გახსნილა და დამსვენებლები უკვე არიან, ხოლო სეზონზე კიდევ უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება, რის გამოც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ღირებულება, გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ „ფორ სეზონის“ მენეჯერმა.

ერთი მხრივ, ფასის ზრდა სასტუმროებისა და აპარტამენტების მფლობელთათვის კარგია, რადგან პასიური სეზონების შემდეგ აქტიურ მუშაობას შეძლებენ, თუმცა  ქართველ დამსვენებელს პრობლემა ექმნება, რადგან ქვეყანაში ეკონომიკურად ისევ რთული ვითარებაა და ამ პირობებში ადგილობრივი ტურისტები როგორ შეძლებენ მოგზაურობას, ძნელი სათქმელია.

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის აზრით, რადგან ახლა უკვე შეინიშნება აქტიურობა, შესაძლებელია სეზონის გახსნის შემდეგაც მოიმატოს ფასებმა. მოთხოვნა განსაზღვრავს ღირებულებას.

„რადგან ფასმა მოიმატა, ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა არის, რეალურად იგი განსაზღვრავს ღირებულებას თავისუფალი ბაზრის პირობებში. აქტიურობა უკვე შეინიშნება, რადგან ჩვენს ზამთრის კურორტებზე არ დადიან მხოლოდ სათხილამუროდ. გუდაურსა და ბაკუტიანში როგორც ქართველები, ასევე უცხოელები ისედაც ისვენებენ ხოლმე და ალბათ ეს მოთხოვნაც საკმარისია იმისათვის, რომ მფლობელებს ფასები გაეზარდათ.

რადგან ახლა უკვე შეინიშნება აქტიურობა და ფასების ზრდა, არ არის გამორიცხული, როცა სეზონი გაიხსნება, კიდევ გაზარდოს ღირებულება და მიწოდების პრობლემაც კი გაჩნდეს თუ ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს დიდი აქტიურობა იქნება, რადგან ბევრი ე.წ. ტურისტები არიან, რომლებიც მოგზაურობენ და ასე თუ ისე ჯერჯერობით ხარჯავენ ფულს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას სიდამონიძემ.

ღირებულებამ არა მხოლოდ თეთრ კურორტებზე მოიმატა, ფასები გაზრდილია სხვადასხვა დასვენების ზონებშიც. "ფიემსი" კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, 5.3%-ით შემცირდა, მაგრამ წლიურად 23%-ით გაიზარდა.

წლიურ მაჩვენებელში, სექტემბერში 2021 წლის სექტემბერთან შედარებით სასტუმროების ფასების ინდექსი 22.6%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებმა - 19%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასებმა 41.3%-ით მოიმატა.

სექტემბერში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 177 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 287 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა სექტემბერში 115 ლარს მიაღწია.

5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი სექტემბერში 440 ლარი იყო. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 580 ლარი შეადგინა, აჭარაში - 489 ლარი, გურიაში - 454, ხოლო თბილისში - 434 ლარი.

რაც შეეხება ზრდის ინდექსს, თვიური მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შიდა ქართლში (20.5%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი გურიასა (-30.6%) და აჭარაში (-19.5%).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×