
7 იანვარს, შობის ღამეს მარსელში 25 წლის ალექსი გოგუა მოკლეს. ახალგაზრდა კაცი 10 თვის დაოჯახებული იყო და მეუღლესთან, ასმათ კვარაცხელიასთან ერთად საფრანგეთში 4 თვის წინ წავიდა.
"ალეკო და ასმათი 10 თვეა, რაც შეუღლდნენ და 3 თვეა, სამუშაოდ საფრანგეთში წავიდნენ. წყვილი მარსელში ცხოვრობდა. შობის ღამეს ისინი მეგობართან სტუმრად იმყოფებოდნენ, შინ რომ ბრუნდებოდნენ, მათ მეტროსადგურში ვიღაც არაბი აედევნათ (იქ თურმე ხშირია არაბების თავდასხმები). ის ასმათისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდა, ალექსიმ წინააღმდეგობა გაუწია, მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც იმ ადამიანმა ალეკოს სამი ჭრილობა მიაყენა, პირდაპირ გულში ჩაურტყამს.
ასმათი მათ შორის ჩამდგარა, გაშველებას ლამობდა თურმე. ამბობს, ვერც კი მივხვდი, დანა როგორ ჩაარტყაო. ალექსი ესკალატორზე თავისი ფეხით ასულა და მერე დაცემულა. მას 6 საათი უკეთებდნენ ოპერაციას, მაგრამ ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. პოლიციელებმა დამნაშავე 1 საათში დააკავეს. ასმათი შოკში იყო, ძლივს მოვიდა გონს, იქაური ქართველები უდგანან გვერდში და ეხმარებიან.
ასმათი და ალეკო ერთი ასაკისანი არიან, მათ ერთმანეთი სეუ-ში გაიცნეს, იქ სწავლობდა ორივე. სასწაული სიყვარული ჰქონდათ, "ჯინსების თაობის" პერსონაჟებს - გეგას და თინას ვადარებდით და ასეთივე საბედისწერო აღმოჩნდა მათი სიყვარული. საფრანგეთში წასვლამდე ასმათი სუპერმარკეტში მუშაობდა, ალეკო - "თეგეტაში", მაგრამ თბილისში უნდოდათ ბინის ყიდვა, ამიტომ წავიდნენ. ამბობდნენ, 5 წელში ჩამოვალთ საქართველოშიო, იქ დარჩენას არც აპირებდნენ.
ერთი წელიც არ არის გასული, რაც ალეკოს დედა გარდაეცვალა, მამა და ერთი და დარჩა. მამა ჩხოროწყუშია, და კი თბილისში მუშაობს. გადმოსვენებას რაც ეხება, მასში ეგრევე ჩაერთო ჩხოროწყუს გამგეობა და საელჩოც გვეხმარება. როგორც გვპირდებიან, ალეკოს კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ", - განუცხადა "ამბებს" ასმათ კვარაცხელიას ბიძაშვილმა თამთა კალანდიამ.
წყარო: ambebi.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე