რეზონანსი
22.06.2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ხონში ერთი პირი დააკავა. 

ხონში პოლიციელს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. თორნიკე კაკაურიძის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა კაკაურიძეს შენიშვნა მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.  

ოჯახის ინფორმაციით, ხონის პოლიციის მაღალჩინოსანმა 27 წლის ბიჭი სასტიკად სცემა, მას ტვინის შერყევა და მოტეხილობები აქვს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, თორნიკე კაკაურიძემ დაზიანებები თხრილში ჩავარდნის შედეგად მიიღო, ნაცემია პოლიციის თანამშრომელიც, რომელიც მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს.

ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა შსს-მაც:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული თ.კ. ხონში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, თ.კ. ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და არღვევდა 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს. პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ისე პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×