რეზონანსი
08.05.2021

2 მაისს, ახალგაზრდა ქალი თათია ნიკოლაძე მუცლის ღრუს მწვავე ტკივილით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მომსახურებაზე უარი უთხრეს. მისი თქმით, კლინიკაში განაცხადეს, რომ სამი კოვიდდადებითი პაციენტი უკვე მიღებული ჰყავდათ და მეოთხეს ვეღარ მიიღებდნენ.

მართალია, ღუდუშაურში მიყვანისთანავე მას ტესტი ჩაუტარდა და უთხრეს, რომ პასუხი დადებითი აღმოჩნდა, მაგრამ პაციენტის მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის ტესტის პასუხი არავის უჩვენებია.

ეს ფაქტორი თათიასთვის დამაეჭვებელი აღმოჩნდა – ორჯერ გაიკეთა დამატებით სწრაფი ტესტი და პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო ბოლოს PCR ტესტმაც უარყოფითი პასუხი უჩვენა…

თათია ნიკოლაძის თქმით, ამ ყველაფერს ტესტის ცდომილებად ჩათვლიდა, რომ არა ერთი უზუსტობა, რომელიც ღუდუშაურის კლინიკის პორტალზე აღმოაჩინა, სადაც წერია, რომ მას თითქოს 28 აპრილს დაეწყო კოვიდ სიმპტომები – კერძოდ: ხველა და ცხელება. ახალგაზრდა ქალი თვლის, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა, მიზანს კი ვერ აკონკრეტებს, რადგან მას არა ვირუსის სიმპტომები, არამედ – საშვილოსნოზე კისტით გამოწვეული ტკივილები აწუხებდა.

„2 მაისს მწვავე ტკივილი მქონდა მუცლის არეში. ამიტომ, სასწრაფო გამოვიძახე და ღუდუშაურში წამიყვანეს, იქ კორონავირუსზე ტესტი ამიღეს. მითხრეს, რომ პასუხი დადებითი იყო. გამიკვირდა, რადგან კოვიდი გადატანილი მაქვს და პასუხი თხოვნის მიუხედავად არ მაჩვენეს.

ამის შემდეგ, მითხრეს, რომ სამი კოვიდ პაციენტი უკვე მიღებული ჰყავდათ და მე ვეღარ დამაწვენდნენ. ამის შემდეგ, სხვა კლინიკაში წამიყვანეს, იქაც არ მიმიღეს, რადგან კოვიდქირურგი არ ჰყავდათ. ბოლოს მწვავე ტკივილებით რესპუბლიკურში გადამიყვანეს და მეორე დღეს გამომწერეს. 4 ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ქალური პრობლემები მაქვს, კისტები მაწუხებს.

ამის შემდეგ, ღუდუშაურის პორტალზე ვნახე, რომ ეწერა, თითქოს 28 აპრილს ვირუსის სიმპტომები გამომივლინდა, თითქოს ხველა და ცხელება მქონდა, რაც ტყუილია. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთადერთი სიმპტომი მქონდა მუცლის ტკივილი. თანაც სწორედ 28 აპრილს, ევექსის კლინიკაში ვიმყოფებოდი ზუსტად ამ ქალური პრობლემების გამო.

რაში დასჭირდათ ეს ტყუილი გაუგებარია, მაგრამ რადგანაც მიზანმიმართულად იტყუებიან ეს მაფიქრებინებს, რომ გარკვეული მიზეზები აქვთ. სამწუხაროდ, არ მაქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ ღუდუშაურის კლინიკას ვუჩივლო. იმისთვის, რომ დამამტკიცებინა ჩემი სიმართლე, 2 სწრაფი ტესტი გავიკეთე და ერთიც PCR ტესტი თანაც ნასესხები ფულით. ყველა შემთხვევაში ვირუსზე პასუხი უარყოფითი იყო.“ – ამბობს თათია ნიკოლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×